ლავა-სანათი: როგორ დავამზადოთ ეს აქსესუარი საკუთარი ხელით

ლავისებრი სანათი ძალიან ლამაზი და შესაფერისი აქსესუარია ნებისმიერი ოთახისთვის. თავის დროზე, ამ ლამფებზე ნამდვილი ბუმი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი ამოდენა პოპულარობით აღარ სარგებლობენ, ალბათ, ქვეყანაში მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ გაუშვეს ამ სანათის შეძენის შესაძლებლობა ხელიდან. რეალურად, თუ მოინდომებთ, ასეთი ლამფის დამზადება საკუთარი ხელით შეგიძლიათ.

ლავისებრი სანათის განათება ლამაზი, მაჰიპნოზებელი სანახაობაა. მასში მოთამაშე ბურთულების მოძრაობას დაუსრულებლად შეიძლება უცქიროთ. რეალურად, ამ იდუმალი მოქმედების უკან მარტივი პრინციპი იმალება: ერთ ჭურჭელში მოთავსებულია სხვადასხვა სიმკვრივის სითხეები, რომლებიც ერთმანეთში არ იხსნება. პირველი სითხე აუცილებლად წყლისა და სპირტის ხსნარია. მეორე – ზეთოვანი ხსნარი. ოთახის ტემპერატურის პირობებში, ზეთოვანი სითხის სიმკვრივე უფრო მეტია, ვიდრე წყლის.

წყალხსნარი, სურვილისამებრ, ნებისმიერ ფერში უნდა შეღებოთ. ზეთოვანი ხსნარი კი აუცილებლად მკვეთრი ფერის უნდა იყოს. ორივე სითხე თავსდება შუშის გამჭვირვალე ცილინდრში, რომელშიც მომცრო ზომის ნათურაა დამონტაჟებული. შესაბამისად, ჭურჭლის ფსკერიც გამჭვირვალე უნდა იყოს. ნათურა არამხოლოდ ანათებს, არამედ სითხესაც ათბობს.

ამის გამო, ზეთი უფრო თბება და იწყებს ჭურჭელში ზემოთ მოძრაობას. რაღაც დროის შემდეგ, ბურთულა გაგრილდება და ზემოთ ასული ისევ უკან დაბრუნდება. ეს უმარტივესი ქიმიური მოვლენა უდევს ოთახში სინათლის ასეთ ჯადოსნურ თამაშს საფუძვლად.

სანათის დასამზადებლად, პირველ რიგში, შესაბამისი ცილინდრული ჭურჭელი უნდა იპოვოთ და ნათურიანი ძირი ხის ან პლასტმასისგან დაამზადოთ. სადგამის გვერდითა კედლებში რამდენიმე ხვრელი უნდა გააკეთოთ გასაგრილებლად. გამოიყენეთ 25-ვატიანი ვაზნა ნათურისთვის. სუბსტანციის მოსამზადებლად დაგჭირდებათ აბუსალათინის ზეთი, ოღონდ ცხიმხსნადი და არა წყალ(ან სპირტ)ხსნადი, საღებავი, 90-96-გრადუსიანი სპირტი.

ჭურჭლის გავსებამდე შეღებეთ ზეთოვანი სითხე, ამის შემდეგ, ჩაასხით იგი სპირტხსნარით სავსე ჭურჭელში. თუ ზეთი მაშინვე არ ამოვიდა წყლის ზედაპირზე, საჭიროა წყლისა და სპირტის ხსნარის სიმკვრივის შეცვლა. ამისთვის დაუმატეთ მას სპირტი.