
ყველა სახლში არაა დიდი ზომის სააბაზანო ოთახი, რომელშიც ყველაფერი აუცილებლის დადგმა იქნება შესაძლებელი, სარეცხი მანქანის ჩათვლით. ამიტომ, დიასახლისებს კომპრომისზე წასვლა უხდებათ და გადააქვთ მანქანა იქ, სადაც დაეტევა. ხშირად, ამისთვის სამზარეულოს ირჩევენ.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რატომაა სამზარეულოში სარეცხი მანქანის დადგმა დიდი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი დაუფიქრებელი გათვლის ნეგატიური შედეგები ახალი რემონტის გაკეთების საჭიროებას მოიტანს.
სარეცხი მანქანა სამზარეულოში
თანამედროვე დამპროექტებლები, ხშირად, სივრცის ეკონომიას სააბაზანოსა და საპირფარეშოს ზომების შემცირების ხარჯზე აკეთებენ. თუმცა, კერძო სახლის შეძენის შემთხვევაშიც კი, ახალი მფლობელები ხშირად აწყდებიან არაგონივრული პროექტის პრობლემას, რის შედეგადაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოთავსება პრობლემატური ხდება.
ხშირად ხდება ისეც, რომ სააბაზანო ოთახის ტერიტორია 2 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამიტომ, მასში სარეცხი მანქანის ჩადგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ აბაზანას შხაპით ჩაანაცვლებთ.
სწორედ ამიტომ, დიასახლისები არჩევენ სარეცხი მანქანის მოთავსებას სამზარეულოში, თუმცა ეს თვალსაჩინო შეცდომაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე რეცხვის შემდეგ იაზრებენ.
საქმე ისაა, რომ ყველა ნორმის დაცვის შემთხვევაშიც კი, მანქანა მაინც იმოძრავებს. ჩვენმა მკითხველმა მარინამ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, თუ რა შედეგს გამოიწვევს ეს:
–“გაზქურა სარეცხი მანქანის გვერდით მჭიდროდ მიდგას. ერთხელ სადილი მოვამზადე და ქვაბი ქურაზე დავტოვე. რაღაც დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი იატაკზე ამოყირავდა და გაანადგურა შპალერი, ხალიჩაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ეს ბოლო წვეთი იყო.” – გვიზიარებს გამოცდილებას მარინა.
და თუ სამზარეულოში ხის იატაკი აგია, რეცხვის დროს მთელი ზედაპირი იქანავებს. გარდა ამისა, გაჟონვა, რომლისგანაც თავს ვერ დაიზღვევთ, თუ სარეცხ მანქანას იყენებთ, ხის იატაკს გაანადგურებს. ამიტომ, თუ სამზარეულოში კერამიკული ფილები არ გაქვთ დაგებული, ამ მანქანას იქ არაფერი ესაქმება.
თუ სამზარეულოს ჰარმონიულ ინტერიერზე ვისაუბრებთ, დიდი ალბათობით, მას არ მოუხდება სარეცხი მანქანა მუდმივად ღია კარით. ამასთან, ბინძური ქსოვილების სუნი და იერი, სარეცხი ფხვნილის ყუთი არაა შესაფერისი აქსესუარი საკვების გვერდით. ეს არაჰიგიენურია და მუდმივად უნდა ადევნოთ თვალყური, რომ სარეცხი საშუალებები საკვებში არ მოხვდეს.
ხოლო თუ სამზარეულოში ავეჯი უკვე დამონტაჟებულია, დიდი ზომის სარეცხი მანქანის ჩასმა მარტივი არ იქნება. ასევე, არ დაგავიწყდეთ ხმაურის შესახებაც, რომელსაც მანქანა რეცხვისას გამოსცემს. ამ პირობებში სამზარეულო ჩაის დასალევი მყუდრო ადგილი ვეღარ იქნება.
შეზღუდულ სივრცეში ეს პრობლემა გაცილებით უფრო მასშტაბური ჩანს, ამიტომ, სარეცხი მანქანა პატარა სამზარეულოში ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილებაა.