შეარჩიეთ სარეცხის საშრობი სწორად: ამაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ

როცა შუა ხნის ასაკის დეიდას ვსტუმრობ ხოლმე, ხშირად მესმის მისი ჩივილი იმის შესახებ, რომ ზედა მეზობლები დაუწურავად ფენენ თეთრეულს, რის გამოც, მის დაფენილ სარეცხზე ლაქები რჩება. ვიღაც აივანზე ეწევა, იქ დაფენილი თეთრეული კი სიგარეტის სუნით ყარს, ხოლო ქვემოთ გადაგდებული ნამწვი შეიძლება მის სარეცხზე აღმოჩნდეს.

ყველა ამ პრობლემისთვის რომ თავი აერიდებინა და ერთი ხელის მოსმით გაექრო გაჩაღებული შუღლი მეზობლებს შორის, დეიდაჩემს შევთავაზე თვითნაკეთი გარე, უძველესი საშრობის შეცვლა უფრო მოსახერხებელი, კედლის საშრობით.

ჩემდა გასაკვირად, მაშინვე უარი თქვა. მზეზე, თურმე, თეთრეული უფრო სწრაფად შრება, ამის შემდეგ კარგი სუნიც ასდის და, სხვა რომ არაფერი, ტრადიციაა – ჩემი მშობლები და მათი მშობლები თეთრეულს ასე აშრობდნენო.

საუკეთესო საშრობი თეთრეულისთვის

ნაცნობების გამოკითხვისას, თუ როგორ საშრობს ანიჭებდნენ უპირატესობას, გავიგე, რომ არც ისე მარტივი საკითხია. სარეცხის საშრობის უამრავი ვარიანტი არსებობს. ხოლო ისეთი კონსტრუქციის პოვნა კი, რომელიც ყველა მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, სამწუხაროდ, ძალიან რთულია.

ჩვენს მკითხველს გააზრებული არჩევანის გაკეთებაში რომ დავეხმაროთ, გთავაზობთ გარე, იატაკის, კედლისა და დასაკიდი საშრობების ყველა დადებით და უარყოფით მხარეს. საბოლოო სიტყვა მაინც თქვენზეა.

გარე სისტემები

ასეთი კონსტრუქცია ადგილს ზოგავს, რადგან იგი საცხოვრებელი სივრცის გარეთაა და არ იკავებს იმ სასარგებლო ადგილს, რომელსაც სხვა მიზნებით გამოიყენებდით. ასევე, მაღალია შრობის ხარისხიც, რადგან სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით ზაფხულში, ნივთები უფრო სწრაფად შრება, ხოლო ზამთარში სარეცხს სიახლის სუნი ასდის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სარეცხის გარეთ შრობა არ ახდენს გავლენას ოთახში არსებულ სუნზე – ნესტს ხომ ყოველთვის აქვს თავისებური, ერთგვარი შმორის სუნი, ამასთან, არც სარეცხი საშუალების უსიამოვნო სუნი შეგაწუხებთ.

თუმცა, ასეთ სისტემას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს: არსებობს დაბინძურების ალბათობა, მაგალითად, თუ გარეცხილი ნივთები დაგივარდებათ, წვიმაში მოყვება ან ქუჩის მტვერი დააბინძურებს. ასევე, შრობის გარე სისტემას ცუდი ესთეტიკური მხარე აქვს – უფროსი თაობის წარმომადგენელი დიასახლისები თეთრეულს, მათ შორის, საცვლებსაც, პირდაპირ ეზოში ფენენ, რაც არც ისე ლამაზად გამოიყურება. უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ თეთრეულის გაფენისას ქვედა მეზობლები არ უნდა შეაწუხოთ, როგორც ეს დეიდას შემთხვევაში ხდება.

ამ სისტემის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ნაკლია საფრთხის შემცველობა – ცნობილია შემთხვევები, როცა დიასახლისებმა, თეთრეულის ფენის დროს, წონასწორობა დაკარგეს და აივნიდან გადაცვივდნენ. მეორე მხრივ, სწორედ ქვემოთ დამაგრებულ დასაკიდ თოკებს გადაურჩენია ზედა სართულიდან გადმოვარდნილი ადამიანების სიცოცხლე.

საბოლოო ჰამში, თეთრეულის მზეზე დაკიდება ყველაზე იაფი, მოსახერხებელი და ეკოლოგიური მეთოდია მის გასაშრობად, თუმცა იგი დაკავშირებულია დაბინძურების რისკთან, არასაურველ ესთეტიკურ მხარესთან და უსაფრთხოებასთან.

ჭერის კონსტრუქციები

ყველაზე პოპულარულისისტემები თეთრეულის საშრობად განლაგებულია ჭერზე, რაც აივანზე ან აბაზანაში ადგილს ზოგავს და არ უშლის ხელს კარის გახსნა/დახურვას. ასევე, უზრუნველყოფს ჰაერის ოპტიმალურ ცირკულაციას ტანსაცმლის გასაშრობად.

კედლის კონსტრუქციები

ამ სისტემას აქვს რამდენიმე სახე: ინერციული, კონსოლური და უჯრისებრი საშრობები. ინერციული საშრობი ძალიან მარტივია დასაყენებლად და გამოსაყენებლად. შედგება ორი ნაწილისგან: კედლის კორპუსი ზამბარიანი დოლაბით, რომელიც თასმას საჭირო სიგრძეზე ჭიმავს, და სპეციალური დაფა, რომელიც მოპირისპირე კედელზე მაგრდება.

კონსტრუქციის ნაკლად შეიძლება მივიჩნიოთ წონის ლიმიტი(6 კგ-მდე), საშრობი თოკის ცუდი ხარისხი და მისი სწრაფი ჩამოწელვა.

კონსოლური კონსტრუქცია კარგი არჩევანია მცირე ზომის ბინისთვის, ასევე, მარტივად მონტაჟდება და იხსნება. სტანდარტულად, საშრობზე 5 მილია, რომლებიც საშრობი თოკის ფუნქციას ასრულებს.

კედლის საშრობის მესამე სახეა უჯრისებრი სისტემა, რომელიც მეტალის მილებისგანაა დამზადებული, ამიტომ 10 კგ-მდე სიმძიმეს იტანს. დაკეცილ მდგომარეობაში იგი მინიმალურ ადგილს იკავებს და გამოსადეგია პატარა აივნისთვის. ღირებულებით, იგი სხვა დანარჩენს დიდად არ აღემატება, საიმედოობის კუთხით კი ორივე ზემოაღნიშნულს უსწრებს.

იატაკის საშრობი

თუ, რაღაც მიზეზის გამო, ვერ ახერხებთ ჭერის ან კედლის კონსტრუქციების გამოყენებას, არსებობს დასაკეცი იატაკის საშრობიც. იგი მოძრავი, ხელმისაწვდომი, მარტივად გამოყენებადი და სხვადასხვა ზომისაა.

იატაკის საშრობი კომპაქტურია(დაკეცილ მდგომარეობაში), თუმცა იგი მუდმივად უნდა დაკეცოთ და გახსნათ. ხარისხიანი მოდელები 10-15 კგ სიმძიმეს უძლებს, ხოლო იაფფასიანი ანალოგები 5 კგ-ზეც დეფორმირდება, ამიტომ, შეძენის დროს, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება მწარმოებლის სანდოობაზე.

ასევე, ყურადღება გაამახვილეთ მილებს შორის დაშორებაზე. რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო სწრაფად გაშრება ტანსაცმელი და მოსახერხებელია მათი დაფენაც. არ გირჩევთ ისეთი საშრობის შეძენას, რომელზეც მილები დადუღებულია(ფოტოზე სწორედ ასეთ საშრობს ხედავთ), ამ შემთხვევაში, შესაძლოა კოროზიის გაჩენის ალბათობა.

სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით

ასეთი მანქანა ზოგავს თქვენს დროს, ხელს უშლის აბაზანაში ნესტის გაჩენას, ათავისუფლებს ადგილს აივანზე, თუმცა, ფართო პოპულარობა ჯერ კიდევ არ მუპოვებია, რამდენადაც, როგორც წესი, იგი უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს (მინიმუმ B კლასი).

შრობის რეჟიმში, ასეთი მანქანები ხარისხიანად ამუშავებენ საერთო ტევადობის ნახევარი სიმძიმის თეთრეულს. ამიტომ, გარეცხილი თეთრეულის შრობა ორ ეტაპად მოგიხდებათ, რაც დროისა და ელექტროენერგიის დამატებითი ხარჯვაა. ნუ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი მოდელები ჩვეულებრივზე 1.5-2-ჯერ უფრო ძვირი ღირს.

თქვენ რომელ საშრობს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?