
სულ ახლახან, ჩელსიში გაიმართა ყვავილების გამოფენა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მებაღეთა სამეფო საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული და, რომელზეც წარმოდგენილი იყო მცენარეების უნიკალური სახეობები და წარმოუდგენელი კომპოზიციები ცნობილი ლანდშაფტის დიზაინერებისგან. თუმცა, ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი გახდა ექსპოზიცია, რომელიც ნებისმიერი სტუმრის ბავშვობის ოცნებას ასახიერებდა – სახლი ხეზე. ამასთან, ეს მაკეტი კი არა, ნამდვილი საიდუმლო რეზიდენცია იყო, რომელმაც სტუმრები არამხოლოდ ფასადით, არამედ ფუნქციური შესაძლებლობებითაც აღაფრთოვანა.
მაისის ბოლოს, ჩელსის სამეფო ჰოსპიტალის ბაღში, ტარდება ყვავილების ყოველწლიური გამოფენა Chelsea Flower Show, რომელმაც წელსაც უპრეცედენტო აჟიოტაჟი გამოიწვია. 2019 წლის გამოფენის მთავარ იდეად იქცა “ბაღის ინტეგრირება სახლის სივრცეში”.
ყველა ექსპოზიციას შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ისარგებლა ბრიტანულმა არქიტექტურამ, რომელიც, Chewton Glen Hotel & Spa-სთან ერთად ორიგინალურ ასაწყობ სახლს წარმოადგენს, ინტეგრირებულს ულამაზეს ბაღში.
უმოკლეს დროში ექსპოზიციის გასაფორმებლად, Blue Forest-ის ფირმის კრეატიულმა თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ხეზე გაკეთებული სახლი ასაწყობი ყოფილიყო. ამიტომ, ხუთი ელემენტიდან თითოეული შექმნილია სახელოსნოში და მხოლოდ ამის შემდეგაა გადატანილი დამონტაჟების ადგილას.
რამდენადაც ცალკე აღებული ნაწილები დაახლოებით 1.5 ტონას იწონის, მუშაობა უკიდურესად ფრთხილად მიმდინარეობდა, რათა სამეფო ბაღის ხე არ დაეზიანებინათ. სამონტაჟო სამუშაოებზე ახალგაზრდა ხელოსანთა გუნდს მხოლოდ 7 დღე დასჭირდა, კიდევ ორი დღე კი ცარიელი “ყუთის” ნამდვლ სამალავად ქცევამ წაიღო.
იმის გათვალისწინებით, რომ იგი მწვანე ზონის გასაშენებლად ააწყვეს, სახლი მთლიანად ბუნებრივი მასალებისგანაა დამზადებული.
ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, რომ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს 500 მეტრზე მეტი სერთიფიცირებული დასავლური წითელი კედარი და უდიდესი რაოდენობით ტუის მასალა დასჭირდა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ავეჯი და ინტერიერის ნივთებიც ნატურალურ ხეშია შესრულებული, რადგან ამ საინტერესო ანსამბლს ეკო-სახლის სახელზე აქვს პრეტენზია.
საკმაოდ ორიგინალურად და ესთეტიკურად გამოიყურება ხის კიბეები. ერთ-ერთ მათგანს ზღაპრული სახლის შესასვლელთან მივყავართ, ხოლო მეორეს – დიდ, ღია ტერასასთან. შესასვლელის გაფორმების მთავარი ელემენტია დასაკიდი დაწნული საქანელა, რომელიც სუფთა ჰაერზე დასასვენებელი ადგილია.
ბუნებრივია, ასეთი ფასადის დამსახურებით, სახლმა დიდი ყურადღება მიიქცია. თუმცა, როცა სტუმრები სახლში ხვდებოდნენ, აღტაცებას უკვე ვეღარ მალავდნენ ინტერიერის დიზაინერული გაფორმებისა და თითოეული ელემენტის ფუნქციურობის გამო.
როგორც ასეთი არაორდინალური რეზიდენციის შემქმნელები გვპირდებიან, ისინი გეგმავენ ასაწყობი კონსტრუქციების გამოშვებას სამომავლოდ, შიდა სივრცეს კი შემკვეთის მოთხოვნებს მოარგებენ.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აღაფრთხოვანა ნაკეთობამ ხალხი, კომპანიას კლიენტები ნამდვილად არ მოაკლდება.