
როგორც წესი, ეპოქალური კინოკადრების გამოსვლის შემდეგ, მაშინვე ჩნდება ცნობილი ადგილები, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. ასე მოხდა კინემატოგრაფიის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე რეიტინგული ფილმის, “ჩერნობილის” ნახვის შემდეგაც. ასეთი ბუმის ტალღაში, ერთმა მოხერხებულმა ვილნიუსელმა წყვილმა მოულოდნელი ექსპერიმენტი მოაწყო – საბჭოთა ვითარების მოწყობა ბებიის ბინაში, რადგან სახლი, რომელშიც ეს ბინა იყო, მუდმივად ხვდებოდა ფილმის კადრში. ახლა ამ წყვილის ბინაში ცხოვრების სურვილს უამრავი ადამიანი გამოთქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ ეპოქალური სერიალის ბოლო სერია სულ ახლახან გამოვიდა, Airbnb-ს საიტზე შეხვდებით განცხადებას უნიკალური ბინის გაქირავების შესახებ, რომელიც გაფორმებულია საბჭოთა სტილში, გასული საუკუნის 80-იანი წლების ავეჯით.
და ეს უბრალოდ ძველი ბინა კი არა, იმ კორპუსში მდებარე ბინაა, რომელიც ვილნიუსის ერთ-ერთ იმ რაიონთაგანში მდებარეობს, სადაც უწყვეტად ხდებოდა სერიალის გადაღება. სწორედ სერიალმა შთააგონა წყვილს იმ ცხოვრების მსგავსი რაღაცის შექმნა, რომელმაც მათზე და მილიონობით მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
მითუმეტეს, ეს ბინა დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო, მამაკაცის ბებიისა და ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ მათ ეკუთვნოდათ სახლი, და შეუძლებელი იყო უეცრად გაპოპულარებული რაიონის ერთ-ერთი სახლის არგამოყენება.
რამდენადაც არავითარი დალაგება, გადაწყობა ან რემონტი არ ჩაუტარებიათ სახლში, ინტერიერმა შეინარჩუნა ავეჯი, ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საბჭოთა წარმოებების მიერ დამზადდა.
ამან საგრძნობლად გაამარტივა ახალგაზრდების სამუშაო, რადგან მათ მხოლოდ თანამედროვე მაცივრის, სარეცხი მანქანისა და ტელევიზორის ჩანაცვლება მოუხდათ საბჭოთა ორიგინალით, თანამედროვე კომფორტის ზოგიერთი დეტალის დატოვება გადაწყვიტეს, ასევე, არ შეცვალეს შპალერი და არ დაიწყეს რარიტეტული კაფელის ძებნა, რათა სააბაზანო და ტუალეტი ხელახლა გაეფორმებინათ.
როცა ყველა ნივთი თავის ადგილას დადეს, წყვილმა ვიდეო და რამდენიმე ფოტო გადაიღო, რომლებიც Airbnb-ს პლატფორმაზე განათავსეს, გაქირავების შესახებ. ადგილობრივი ტელევიზიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როგორც კი ეს ფოტოები ნახა, გადაწყვიტა, მცირე სიუჟტი მიეძღვნა არაორდინალური ბინისათვის, რომელიც ქალაქის რაიონში ძალიან პოპულარული გახდა.
“იდეალური საბჭოთა ბინის” შესახებ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მოხალისეებმა წყვილს აჩუქეს უნიკალური წიგნები, ფოტოები, დეკორაციები, ფარდები და ჭურჭელი, რომლებიც საბჭოთა ეპოქას ეკუთვნის. ახლა ეს ბინა მუზეუმს უფრო ჰგავს, რომელიც საბჭოთა რიგითი მოქალაქის ცხოვრების სტილზე გვიყვება, თუმცა, რაღა თქმა უნდა, “დასავლური კომფორტის” დეტალებიც ერევა, რომლებიც ხელმიუწვდომელი იყო სსრკ-ს რესპუბლიკებისთვის.
რაც ყველაზე საინტერესოა: ახალგაზრდა შემოქმედებითი წყვილი ისე გაიჟღინთა იმ დროის სულით, რომ არამხოლოდ ინტერიერი გარდაქმნეს, არამედ დამქირავებლებს სთავაზობენ საბჭოთა ჭურჭელს, საწოლის თეთრეულსა და პროდუქტსაც კი!
მიუხედავად იმისა, რომ ბინაში თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაცაა, ახალგაზრდებმა ისინი დამალეს და კლიენტებს სთავაზობენ საბჭოთა დროის გამწოვის, სარეცხი მანქანის, უთოს, ფენისა და მაცივრის გამოყენებას.
სერიალი “ჩერნობილი” დღემდე განიხილება ქსელებში, თუმცა არა იმდენად აქტიურად, როგორც მანამდე, რადგან გრძნობათა ღელვა ცოტათი ჩაცხრა. სამაგიეროდ, ახლა ისინი, ვინც იმ ტექნოგენური კატასტროფის მომსწრე ან მონაწილე გახდა, არამხოლოდ მსგავსებას ეძებს გმირებსა და მოვლენებს შორის, არამედ განიხილავენ შეცდომებსაც, რომლებიც სერიალის ყურების დროს იჩენს თავს.