
თანამედროვე ფოტოაპარატურის წყალობით, შესაძლებელია იმის აღბეჭდვა, რასაც ადამიანის თვალი, ჩვეულებრივი დათვალიერებისას, ვერ შეამჩნევს. განსაკუთრებით, თუ ეს ეხება ანტონიო გაუდის უმკვეთრეს არქიტექტურულ ნაწარმოებს. ანსამბლის საერთო სიდიადით აღტაცებისას, რთულია ვიტრაჟებისა და მოზაიკების კომპოზიციების უწვრილესი დეტალების, ხაზების ფაქტურებისა და განსაკუთრებული კომბინაციების დაფიქსირება. სწორედ იმისათვის, რომ ჩვენთვის მარტივად აღსაქმელი იყოს, თუ რა ხდის დიდებული არქიტექტორის ამ ნაშრომს განსაკუთრებულს, ბარსელონელმა ფოტოგრაფმა, დევიდ კარდელუსმა Casa Vicens-ის შესანიშნავი ფოტოები გამოაქვეყნა.
1885 წელს, ესპანელმა არქიტექტორმა, ანტონიო გაუდიმ დაასრულა Casa Vicens-ის, თავისი პირველი გრანდიოზული ნაშრომის მშენებლობა მდიდარი ბროკერის, მანუელ ვისენსისთვის(Manuel Vicens). ლამაზი შენობა მოდერნის სტილში, მავრიტანული ელემენტებით, შესანიშნავად ეხამება კატალონიურ მოდერნიზმს – სტილს, რომელიც გაუდიმ შექმნა და სრულყო.
საინტერესოა: ანტონიო გაუდი (Antonio Gaudi, 1852-1926) – XIX-XX საუკუნეების ცნობილი ესპანელი არქიტექტორია, რომელიც ჩვეულებრივი მხატვარი იყო, საბოლოოდ კი ერთ-ერთი ძვირადღირებული, მოდური და მოთხოვნადი არქიტექტორი გახდა თავის დროში. ნეოგოთიკის მიბაძვის მცდელობაში, მან საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული სტილი შექმნა, რომელიც შეიძლება მოდერნს მივაკუთვნოთ. არაორდინალური არქიტექტორი მხოლოდ საკუთარ წესებს, დაუწერელ კანონებს ემორჩილებოდა. სწორედ ამიტომ, ამ შემოქმედებას “გაუდის სტილს” მიაკუთვნებენ.
რა თქმა უნდა, არსებობის 134 წლის განმავლობაში, უნიკალური სახლი რამდენჯერმე რესტავრირდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი სართული საცხოვრებლად 2005 წლამდე გამოიყენებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კომპანია MoraBanc-მა 2014 წელს იგი გამოისყიდა და, ანდორას ბანკთან ერთად, მოაწყო მასშტაბური პროექტი სასახლის აღსადგენად, იგი მუზეუმად აქციეს.
სარესტავრაციო სამუშაოების დროს, სპეციალისტები ძალიან გულმოდგინედ ცდილობდნენ გაუდის სტილის ორიგინალური დიზაინისა და ხასიათის შენარჩუნებას ისე, რომ დაეცვათ ბალანსი ძველ ელემენტებსა და ახალ მოწყობილობებს შორის.
მას შემდეგ, რაც მუზეუმი 2017 წელს სტუმრებისთვის გაიხსნა, მსოფლიომ Casa Vicens-ი განახლებულ ფერებში გაიცნო. ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებისთანავე გაჩნდა შესაძლებლობა, ოსტატის დიდებული ნაშრომი ციფრულ დონეზე გვეხილა.
თუმცა გენიოსი ოსტატის გამოცანა დღემდე ვერავინ ამოხსნა, თანამედროვე ფოტოგრაფმა და არქიტექტორმა დევიდ კარდელუსმა უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა, დაგვენახა მრავალფეროვანი კომბოზიციები უწვრილეს დეტალებამდე.
ეს საკმაოდ გათვლილი ნაბიჯია, რადგან თუ ადამიანები ფერადი შენობის ყველა დეტალს ერთბაშად არ შეხედავს და ცალკეულ ფოტოებზე დააკვირდება, აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას უწვრილეს დეტალებზე, რომლებიც შენობის ერთბაშად დათვალიერებისას შეუმჩნეველია.
როგორც გაუდის სხვა ნამუშევრები, Casa Vicens-ი გამოირჩევა დეტალებით, რომლებიც ხელით ნახატი ვიტრაჟების, შესანიშნავი მოზაიკების, მრავალფენიანი თაღებისა და გეომეტრიული მოტივებისგან შედგება.
ამას გარდა, ამ დეკორატიულ და არქიტექტურულ ელემენტებს გამოარჩევს ფერთა მკვეთრი პალიტრა, უჩვეულო ფორმები და ზოლები, რომლებიც კარდელუსმა დააფიქსირა.