
სახლის ყველაზე ბინძური ადგილი გახლავთ შემოსასვლელ კართან ახლოს მდებარე კორიდორი. ამ ადგილას დადიან ფეხსაცმელებით, ინახავენ მათ და შესაძლოა შინაური ცხოველიც კი იძინებდეს აქვე. ამ მიზეზების გამო ბევრ ადამიანს ეშინია ამ ადგილას მოდური და ლამაზი რემონტის გაკეთება, განსაკუთრებით კი ნათელ ფერებში, ან ლამაზი ავეჯით შევსება. რადგან ასეთ ადგილას ძალიან რთულია სისუფთავის შენარჩუნება.
ტიპური მოქსოვილი ხალიჩა და ჩვეულებრივი ფეხსაცმლის კარადა-აი რა გვხვდება ხშირად ნებისმიერი სახლის შესასვლელში. მაგრამ დიზაინერები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორად შერჩეული მასალა და ზონირება ხელს შეუწყობს “ბინძურ სივრცეს” სისუფთავის შენარჩუნებაში. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ აარიდოთ თავი შეცდომებს, რომლებიც ამ ზონების დაბინძურებას გამოიწვევს.
შემოსასვლელი ჰოლის თანამედროვე დიზაინი
იატაკის დაფარვა
შესასვლელში უნდა გამოიყენოთ მდგრადი მასალები, რომლებსაც არ ეშინიათ წყლისა და ჭუჭყის. ლაპატირებული კერამიკის იატაკი საუკეთესო ვარიანტია, რადგან იგი არ სრიალებს და ძალიან თანამედროვედ გამოიყურება, თანაც, მისი გაწმენდა ძალიან მარტივია.
ზონირება
ჰოლი აუცილებლად უნდა დაყოთ შესასვლელის სუფთა და ჭუჭყიან ზონებად. ზონირება უნდა გააკეთოთ ავეჯის მეშვეობით. ჰოლში შეგიძლიათ მოათავსოთ კარადა, რომელიც ერთმანეთისგან დააცალკევებს მთავარ კარსა და სხვა ოთახებში შესასვლელ კარებს.
თქვენ ისე უნდა განაცალკევოთ სუფთა და ჭუჭყიანი ზონა, რომ საშინაო ჩუსტებით არ მოგიწიოთ ჭუჭყიან ზონაში სიარული.
სარკე
ჰოლში სარკის არსებობა აუცილებელია. სახლიდან გასვლის წინ ნებისმიერ ადამიანს სურს სარკეში ჩახედვა და ვარცხნილობის ან ტანსაცმლის გასწორება. ამასთან, შესასვლელში მდებარე სარკე ვიწრო ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს.
ფეხსაცმლის შესანახი კარადა
არაფერი ურევს კორიდორს ისე, როგორც ბევრი ფეხსაცმელი. იგი ინტერიერს უსიამოვნოს და ულამაზოს ხდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია განიხილოთ დახურული შენახვის სისტემები ქურთუკებისა და ფეხსაცმელების შესანახად. გამოიყენეთ ფეხსაცმლის დახურული თაროები, ქურთუკებისთვის კი-კარადა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ პატარა ზომის თაროები, რომლებზეც განათავსებთ დეკორატიულ ნივთებს, ასე კორიდორი ნაკლებად მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება.
კომფორტი
კორიდორში მოთავსებული სარკის წინ მოათავსეთ პუფი, რომელზეც შეგეძლებათ დაჯდომა, სანამ თქვენი ოჯახის წევრებს ელოდებით. ხის სკამი ხშირ შემთხვევაში უბრალოდ აფუჭებს ინტერიერს. კორიდორისთვის იდეალურია პუფი, რომელსაც სათავსო აქვს.
ასევე, კარგი იქნება, თუ იქვე მოათავსებთ რაიმე დიდი ზომის მცენარეს.