როგორ გავაუმჯობესოთ სახლის ინტერიერი მცირე დეტალების ხარჯზე

ძალიან ხშირად მიწევდა ბინების გამოცვლა, ყოველ ახალ ბინაში გენერალური დასუფთავება ნამდვილად დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო. თავიდან, ვერცერთ ბინაში ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად და მყუდროდ, რადგან ვფიქრობდი, რომ არცერთი მათგანი არ იქნებოდა ჩემი საკუთარი სახლი, ამიტომ, ხშირად ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამესუფთავებინა სხვისი სახლი.

მაგრამ, დროთა განმავლობაში ვისწავლე ისეთი საგნებისა და ნივთების შემჩნევა და მათგან თავის დაღწევა, რომლებიც კომფორტულად ყოფნაში მიშლიდა ხელს, მას შემდეგ, ნებისმიერ სახლში, სადაც საცხოვრებლად გადავდივარ, თავს მშვიდად და მყუდროდ ვგრძნობ.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ უნდა დაასუფთავოთ სახლი ისე, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეთ და გაგიქრეთ უწესრიგობის უსიამოვნო შეგრძნება.

როგორ გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი სახლი

1. დარწმუნდით, რომ ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი სუფთად გამოიყურება. პირსახოცი, მაგიდის ჩამოკონკილი გადასაფარებელი და სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანი, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაკარგეს პირვანდელი ფერი და შესახედაობა, აუცილებლად მოიშორეთ სახლიდან.

2. საბჭოური ავეჯი და ჭურჭლის ნაკრები თანამედროვე ეპოქაში ნამდვილად არ არის მიმზიდველი. თუ ბებიას მიერ ნაქონი ჭურჭლის კარადები ძველებურ ჭურჭელთან ერთად ნაგავში მოსასროლად გენანებათ, უბრალოდ გააგზავნეთ იგი საზაფხულო კოტეჯში ან აჩუქეთ ისეთ ადამიანს, ვისაც იგი ნამდვილად სჭირდება. არ ღირს წარსულის ტვირთით ცხოვრება.

3. როდესაც ავეჯსა და შპალერზე ჭუჭყს შენიშნავთ, აუცილებლად უნდა გაწმინდოთ. პირველ რიგში, ეს არაჰიგიენურია, მეორეც, ყველაზე თანამედროვე და მოდური ავეჯიც კი საშინლად გამოიყურება, როდესაც იგი მტვრიანი და ჭუჭყიანია.

4. ყვავილების დამჭკნარი თაიგული არა მხოლოდ აუშნოვებს ჩვენი ოთახის ინტერიერს, არამედ იპარავს ჩვენს ენერგიას, ამიტომ, ისინი სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ თქვენს სახლს.

5. აქციეთ ცხოვრების წესად კვირაში ერთხელ ძველი გაზეთებისა და ჟურნალების გადაყრა. მსგავსი ნივთები სახლისთვის სრულიად შეუსაბამოა, რადგან ისინი ნამდვილ მტვრის ბუდედ იქცევა.

6. აუცილებლად უნდა მოიშოროთ თავიდან იაფფასიანი სტატუეტები და დეკორაციები. ზედმეტი საგნების გარეშე ბინა ბევრად ვრცელი, ტევადი და ნათელი გამოჩნდება.

7. მთელს ბინაში მიმოფანტული კაბელები უწესრიგობის განცდასა და დისკომფორტს იწვევს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ოჯახში ბავშვი ან შინაური ცხოველი გყავთ, ამ შემთხვევაში საქმე უსაფრთხოებას ეხება. კაბელების დამალვის უამრავი გზა არსებობს, სცადეთ მათი გამოყენება და მალევე იგრძნობთ, თუ რამდენად კომფორტული გახდება სახლში ყოფნა.

8. არასოდეს დატოვოთ ფეხსაცმელი იატაკზე. იგი ყველაზე მოდურ და ელეგანტურ სახლსაც კი უსახურს გახდის. მისთვის კორიდორში პატარა ზომის კომოდი ან ტუმბო მოათავსეთ.

9. ბინძური და გახუნებული ფარდები ნებისმიერ ადამიანს გაუფუჭებს განწყობას. თუ მათი ხშირად გარეცხვა არ გსურთ, უმჯობესია ისინი ჟალუზებით ჩაანაცვლოთ, რომელთა მოვლა და დასუფთავება გაცილებით მარტივია.