15 მაცდუნებელი იდეა თქვენი აგარაკისა და ბაღის განათებისთვის

ალბათ, ლამაზი ღამის ბაღისთვის ყველაზე აუცილებელი დეტალი განათებაა. საბედნიეროდ, ბაღის ნათურების უამრავი არჩრვანი არსებობს: ყველაზე მარტივით და კლასიკურით დაწყებული, გაცილებით ორიგინალურით და ექსცენტრიულით დამთავრებული. დღეს ჩვენ მოგიყვებით, განათების რომელი ინვენტარია საჭირო თქვენი აგარაკისთვის, რათა შეგიქმნათ სიმყუდროვისა და კომფორტისთვის საჭირო ატმოსფერო.

ბაღის განათება უზრუნველყოფს იმ საბოლოო შტრიხს, რომელიც მთლიანად გარდაქმნის თქვენს ბაღს. თუ გსურთ, რომ განათება თქვენი ბაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდეს, ან უბრალოდ ხაზი გაუსვას თქვენს საყვარელ მცენარეებს, კარგი ხარისხი და სწორად შერჩეული დიზაინი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

1. კლასიკური ბაღის ლამფა

ბაღებში ყველაზე ხშირად სწორედ ასეთ კლასიკურ ლამფებს შეხვდებით. ისინი საკმაოდ ხელმისაწვდომია, ამასთან მარტივია კარგი და სტაბილური სინათლის წყაროს მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობს ბატარეის და ელექტრო მოდელები, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია, უმჯობესია არჩევანი მაინც მზის ლამფებზე შეაჩეროთ, რომლებიც გაცილებით ეკონომიურია და, ამასთან, შეამცირებს ნარჩენებს.

2. მიწის სანათები

მიწის სანათები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უბრალო მრგვალი ფორმა და მიწისქვეშა სამაგრები მთელს ინვენტარს მინიმალურს ხდის. გეჩვენებათ, თითქოს სინათლე მართლაც მიწიდან ამოდის. ამ სახის ნათურების ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ისინი მიწიდან ზეცისკენ ანათებენ, რაც შესაძლოა ადამიანის თვალისთვის უსიამოვნო იყოს. მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მარტივად შეგიძლიათ, უბრალოდ მცირედით მიაბრუნეთ ნათურები მცენარეებისკენ, რათა მცენარეებმა გაფანტონ სინათლე. ასეთი ნათურების შეძენისას უმჯობესია თბილი ფერები შეარჩიოთ.

3. კიბის ნათურები

ეს კედლის ნათურები განკუთვნილია კიბეების განათებისთვის. ეს ნათურები თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. ბევრად მოსახერხებელია განათებულ კიბეებზე მოძრაობა, ვიდრე სიბნელეში ბრმად სიარული.

4. პატარა დაფარული ნათურა

ეს პატარა, კოხტა ნათურები სინათლის გაფანტვის შესამცირებლადაა შემუშავებული. მისი პატარა ზედა საფარი ნაზად ფანტავს სინათლეს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ღამით ძალიან მოსახერხებელია, ასეთი განათება მკვეთრად არ გხვდებათ თვალში და არ გაბრმავებთ. მცენარეებში დამალული ეს ნათურა ასახავს თქვენი მცენარეების ჩრდილებს და ირგვლივ რბილ, სასიამოვნო აურას შეგიქმნით.

5. მცენარის უკანა განათება 

სასურველი ეფექტის მისაღებად პატარა ლედ ნათურები ისე უნდა განათავსოთ, რომ მის წინ არსებულმა მცენარემ დაფაროს სინათლის ნაწილი. მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, ნათურები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ განათება პირდაპირ მცენარისკენ იყოს მიმართული, რაც რბილ, გაფანტულ ფერებს შექმნის.

6. ღობეზე გაჭიმული ნათურები

ღობეზე გაჭიმული ნათურები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა. ამ შემთხვევაში, კლასიკური ხის ღობეზე გაჭიმული ნათურების სიმეტრია და სისწორე მხიარულ ნახაზს ქმნის. მასში ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ შიშველი, გამჭვირვალე ვოლფრამის ნათურები შესაძლოა ცოტათი დამაბრმავებელი იყოს, როდესაც იგი თქვენი თვალის სიმაღლეზეა დაკიდული. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე თვალები, უმჯობესია შეარჩიოთ რძისფერი-თეთრი ნათურები.

7. ციცინათელა: ასხმული ნათურები

ბაღისა და ბაღის სივრცის გაფორმებისთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო იდეა გახლავთ პატარა ასხმული ნათურები (საახალწლო ნათურები), რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველია დიდ ხეებზე.

8. ცილინდრული ქაღალდის მანათობლები

ქაღალდის ნათურები ბაღს განსაკუთრებულ სითბოს ანიჭებს. იგი ზაფხულის თბილ დღეებსა და ბედნიერებით სავსე დღესასწაულს გვახსენებს. ცილინდრული ქაღალდის ნათება ადვილად შეესაბამება გარემოს, წინასწარ შექმნილი დიზაინის გარეშე.

დაიმახსოვრეთ, რომ ქაღალდის ნათურების გამოყენება მუდმივად არ შეიძლება. ისინი იდეალურია თქვენს ბაღში მოწყობილი წვეულებების ან სხვა მხიარული დღესასწაულებისთვის.

9. ბამბუკის ჩირაღდნები

ბამბუკის ჩირაღდნები უნიკალური და შედარებით იაფი გზაა, რომელიც თქვენს ბაღს ზოგიერთი პრიმიტიული და ტროპიკული სინათლის ეფექტით უზრუნველყოფს. ისინი მარტივად თავსდება ბაღის ცენტრში და განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისა და მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის, როდესაც თქვენ ბაღის ბნელი კუთხის განათება გჭირდებათ, რადგან ბამბუკის ჩირაღდნები არ არის განკუთვნილი მუდმივი გამოყენებისთვის.

10. კომპლექსური დეკორატიული ბაღის ნათურები

კონტრასტულ მიწის ნათურებთან კომბინირებულ მაღალ მცენარეებს, ისეთებს, როგორიც ხეებია, კარგი ვიზუალური ბალანსის შექმნა შეუძლია. ხოლო დეკორატიული მიწის ლამფები კი თქვენი ბაღის სივრცეს სრულიად გარდაქმნის სულ რამდენიმე წუთში.

11. ნამდვილი ვინტაჟური ფარანი

სანამ ელექტრო განათება დომინანტური გახდებოდა, ვერანდებზე ძველმოდური ფარნის ქონა აუცილებლობას წარმოადგენდა. მათი მარტივი, კლასიკური სტილი რეალურად მრავალფუნქციური იყო-ასეთი ფარნის განთავსება, შეიძლებოდა კედელზე ან კარზე და მას იყენებდნენ როგორც ნათურას ან უბრალოდ როგორც ჩვეულებრივ ფარანს.

თუ თქვენ არ გიყვართ ზეთი, უმჯობესია შეარჩიოთ თანამედროვე სტილის დეკორატიული ფარანი, რომელიც ძველის იმიტირებას ახდენს.

12. სანთლის ფარნები

ვინტაჟური სანთლის ფარნებისა და მარტივი მრგვალი დაჭიმული ლამფების კომბინაცია ქმნის  ორიგინალურ და საოცარ ეფექტს.

13. ნათურები  შუშის ბოთლებისგან

ფერადი შუშის ბოთლები შეგიძლიათ ბაღის ლამფებად აქციოთ, რომლებიც თქვენს ეზოს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.

აქ არის მოცემული ვიდეო-გაკვეთილი, თუ როგორ გააკეთოთ ლამფები ჩვეულებრივი ღვინის ბოთლებისგან.

 

14. ნათურა “ყვავილების ქოთანი”

თანამედროვე ბაღის ფარნები იმდენად კომპაქტურია, რომ მათი მოთავსება საშუალო ზომის ყვავილის ქოთნებშიც კი შეგიძლიათ. ეს მზის, ბროლისგან დამზადებული ლედ ნათურა, რომელიც მწვანე ქოთანშია მოთავსებული, აყვავებული გულყვითელებითაა გარშემორტყმული და მათგან პრაქტიკულად სრულფასოვან სინათლეს აწარმოებს.

15. ძალიან პატარა სანთლის ფარანი ბაღისთვის

მათ, ვისაც რაღაც ახლის და უჩვეულოს გაკეთება სურს, ეს მარტივი და წარმოუდგენლად გენიალური იდეა აუცილებლად მოეწონებათ. გსურთ შეიქმნათ განსაკუთრბული რომანტიკული ატმოსფერო? მაშინ მოიმარჯვეთ დეკორატიული სასანთლეები. ისინი შეასრულებენ ნათურების ფუნქციას გაზაფხულის ან შსემოდგომის მშვიდ, მყუდრო საღამოს და გაგათბობენ თავიანთი სითბოთი.