
ნამდვილი დიასახლისის სახლში ყველაფერი უნდა იყოს თავის ადგილზე-მათ შორის საშინაო მცენარეებიც. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ყვავილები ოთახებისთვის, მათი დანიშნულების მიხედვით.
საძინებელი
იდეალური მცენარე: ფრანგული ლავანდა
ლავანდას სურნელი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და დაძინებაში გეხმარებათ. განა ეს არ არის ის, რაც რთული სამუშაო დღის შემდეგ გვჭირდება? ყვავილის ყველა ჯიშიდან სწორედ ფრანგული ლავანდაა საუკეთესო საშინაო პირობებში გასაზრდელად. მოათავსეთ ყვავილი მზიან ადგილას და რეგულარულად მორწყეთ იგი.
მისაღები ოთახი
იდეალური მცენარე: სპატიფილუმი
სპატიფილუმი ან “ქალური ბედნიერება” დიდი პოპულარობით სარგებლობს ფლორისტებში, თავისი პრიალა მწვანე ფოთლებისა და არაჩვეულებრივი ფორმის თეთრი ყვავილების გამო. ეს მცენარე ნამდვილი ინტერიერის დეკორაციაა, რომელიც ძალიან მოუხდება სასტუმრო ოთახს. ამ მიზნით სპატიფილუმი საუკეთესოა, რადგან მას შეუძლია მსუბუქი სიბნელის ატანა და მისი მოთავსება ფანჯრის მოშორებითაც შეიძლება.
კაბინეტი
იდეალური მცენარე: სანსევიერია
სახლის მცენარე კაბინეტში აუცილებელია. და თუ ყვავილი ლიდერია ჟანგბადის წარმოებაში, მაშინ მასზე საუკეთესო ვარიანტს ნამდვილად ვერ ნახავთ. სუფთა ჰაერი, რომელიც ამ ფოთლებმა ნახშირორჟანგისგან გაწმინდა და სასარგებლო O2-ით გააჯერა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინის მოქმედებას, ხელს უწყობს დაღლილობის დაძლევას და კონცენტრირებას. ხალხი ამ მცენარეს სხვადასხვა სახელით იცნობს: “შუჩის კუდი”, “გველის მცენარე”, “ტესინის ენა”.
სასადილო ოთახი
იდეალური მცენარე: დრაცენა სანდერა
ყვავილების მაღაზიაში ბამბუკის მსგავსი ლამაზი მწვანე სპირალები გინახავთ? ეს მცენარე დრაცენა სანდერა ან “ბედნიერების ბამბუკია”. მცენარეს მხოლოდ მზის შუქი, წყლითა და კენჭებით სავსე ჭურჭელი სჭირდება. დრაცენა სანდერა იდეალურია სასადილო ოთახისთვის, უბრალოდ წარმოიდგინეთ რა ლამაზი სანახავი იქნება დიდი მაგიდის შუაგულში ფერადი მინის ქოთანში მოთავსებული მწვანე ბამბუკი.
სააბაზანო
იდეალური მცენარე: გვიმრა
სააბაზანო ნაკლებად ნათელი და ძალიან ტენიანი ადგილია, თითქმის ისე, როგორც ამაზონის ტროპიკებში! რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ოთახისთვის ისეთი მცენარე უნდა შევარჩიოთ, რომელსაც სამხრეთ ამერიკის წვიმიან ტყეებში შეხვდებით. აბაზანის გასამწვანებლად საუკეთესო ვარიანტი მარადმწვანე გვიმრა გახლავთ. გვიმრა თავის სამშობლოში გიგანტური ხეების ფესვებზე იზრდება და მზეს თითქმის საერთოდ ვერ ხედავს.
სამზარეულო
იდეალური მცენარე: ცხარე ბალახი
სამზარეულოსთვის იმაზე უკეთესი მცენარე, რომლის გამოყენება კულინარიაშიც შეგიძლიათ, ალბათ, არ არსებობს. ამ მხრივ თქვენ ძალიან ფართო არჩევანი გაქვთ, რადგან უამრავი ჯიშის მცენარე არსებობს, რომელიც კარგად იზრდება ბინის პირობებში. თქვენ შეგიძლიათ სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე მინი-ბაღი გააკეთოთ და სხვადასხვა მცენარე დარგოთ.
ლოჯი
იდეალური მცენარე: ალოე
მინით დაფარული ლოჯი ან ტერასა იდეალური ადგილია იმ მცენარისთვის, რომელიც თავისი ფორმებისა და ზომების გამო კარგად არ ჯდება ბინის ინტერიერში, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასარგებლოა. ბევრი მებაღე უარს ამბობს ალოე ვერას გაზრდაზე, მისი ნაკლებად დეკორატიული ვიზუალის გამო. გარდა ამისა, მცენარე ძალიან დიდი ზომის იზრდება და მისი ფოთლებისთვის, რომლებიც ობობას ფეხებს წააგავს, ძალიან დიდ სივრცეს მოითხოვს. ლოჯიზე ალოე მიიღებს სინათლის საკმარის რაოდენობას და იგი ივსება სამკურნალო წვენით, რის გამოც იგი ძალიან ძვირფასია.