
ადრე თუ გვიან, ეს ყველა სახლში ხდება: ერთი წინდა უკვალოდ ქრება, მეორე კი წყვილის გარეშე რჩება. დანიშნულების მიხედვით მას უკვე ვეღარ გამოიყენებთ, სამაგიეროდ, სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებლად გამოგადგებათ.
1. ქოლგის საფარი
თუ თქვენი ქოლგის “მშობლიური” საფარი დაკარგეთ, ჩაანაცვლეთ იგი სუფთა ბამბის წინდით. ქუჩაში ასეთ აქსესუარს, რა თქმა უნდა, ვერ ატარებთ, თუმცა სახლში შესანახად და ქოლგის შესაძლო დაზიანებებისგან დასაცავად ნამდვილად გამოდგება.
2. ზედაპირის გასაპრიალებელი
რბილი, სქელი ქსოვილისგან დამზადებული წინდა იდეალურია ავეჯის ზედაპირზე დამცავი ცვილის წასასმელად, ასევე ვერცხლის, სპილენძის ან კალისგან დამზადებული ნაკეთობების გასაპრიალებლად. თანაც, მათი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია, ამასთან, არ ტოვებს ბუსუსებს.
3. მუხლების დამცავი
ძველი უსარგებლო წინდები დაიცავს თქვენს სახსრებს საშინაო საქმეების შესრულებისას, რომელიც მაგარ იატაკზე დიდი ხნით მუხლებზე დგომას მოითხოვს. მოაჭერით წინდას ზედა ნაწილი, გაიკეთეთ ბანდაჟი მუხლზე და დაუფინეთ ბამბა ან რბილი, რამდენჯერმე გადაკეცილი ქსოვილი.
4. მანქანის მინამწმენდის დამცავი
მანქანის მინამწმენდის გაყინვისგან თავის დასაცავად ჩააცვით მას წინდები და დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში მთელი ღამით. მაგრამ აუცილებლად დააშორეთ მინამწმენდი საქარე მინას, რადგან მინისგან გაყინული ქსოვილის მოშორება ნამდვილად არ არის მარტივი.
5. შვაბრის საფარი
მაღალი სქელი ქსოვილისგან დამზადებული წინდა ფაფუკი ბუსუსებით-შვაბრის საფარის შესანიშნავი შემცვლელია. ბამბის ქსოვილი კარგად იწოვს სისველეს და არ ტოვებს ნაკაწრებს იატაკზე. დასუფთავების შემდეგ შეგიძლიათ წინდა სარეცხის მანქანაში გარეცხოთ.
6. ჟალუზების საწმენდი
ძველი წინდები იდეალური საშუალებაა მტვრის გასაწმენდად. ჩაიცვით წინდა ხელზე და გაწმინდეთ ჟალუზების სეგმენტები ორივე მხარეს.
წინდები ასევე გამოიყენება შინაური მცენარეების ფოთლების გასაწმენდად.
თუ თქვენ სახაზავე წამოაცმევთ წინდას და რეზინით დაამაგრებთ, შეძლებთ იატაკის ისეთი ადგილების გაწმენდას, როგორიცაა კედელსა და კარადას შორის არსებული სივრცე.
7. წვრილმანი ნივთები
თუ იატაკზე დაყრილი ლურსმნების შეგროვება ან დივნის ქვეშ დაკარგული საყურის პოვნა გსურთ, ჩააცვით თხელი წინდა მტვერსასრუტის მილს და და დაამაგრეთ იგი მჭიდრო, ელასტიური სახვევით. ასე დაკარგულ ნივთებს არ შეისრუტავს მვერსასრუტი, ისინი ქსოვილზე დარჩება.
8. არომატული საშე
იმისათვის, რომ თეთრეულსა და პირსახოცებს სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს, წინდაში მოათავსეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთებით გაჟღენთილი ბამბები და სურნელოვანი წინდა თეთრეულის თაროზე დადეთ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ წინდა გაავსოთ სურნელოვანი მცენარეებით-პიტნით, ბაზილიკით ან ვარდის ფურცლებით. ხოლო თუ საშეს ლავანდის რამდენიმე ყვავილს ან ევკალიპტის ფოთლებს დაუმატებთ, ნივთები ჩრჩილისგან დაცული იქნება, რადგან მწერები ვერ იტანენ მათ სუნს.
ყავის მშრალი მარცვლებით გავსილი წინდები დაგეხმარებათ კარადაში ან მაცივარში არსებული უსიამოვნო სუნისა და ტენიანობის მოშორებაში.
9. მინის დაბურვის საწინააღმდეგო საშუალება
ეს ხრიკი ბევრი ავტომობილისტისთვისაა ცნობილი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ცივ სეზონში მინების დაბურვასთან საბრძოლველად.
ჩაყარეთ წინდაში კატის ქვიშა და შეკარით თავისუფალი ნაწილი. საიმედოობისთვის ჩააცვით კიდევ ერთი წინდა. მოათავსეთ პროდუქტი საქარე მინაზე და დაელოდეთ 5-10 წუთით: შემვსები სწრაფად მოაშორებს ზედმეტ ტენიანობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ხილვადობას. საჭიროების შემთხვევაში წინდა გვერდით მინებზეც ჩამოკიდეთ.