9 საშუალება ყავის ნალექით საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გვირჩევენ არ ვიყოთ ყავაზე დამოკიდებული, რადგან დიდი ოდენობით ყავის მიღება გულს ზიანს აყენებს, ძნელია წინააღმდეგობა გავუწიოთ მის საოცარ გემოსა და არომატს. მით უმეტეს, თუ ამ ენერგოსტიმულატორ სასმელს თავად ამზადებთ ყავის მარცვლებისგან. ყავის მომზადების ყოველი პროცედურის შემდეგ თქვენ გრჩებათ ყავის ნალექი. ნუ გადაღვრით მას ნიჟარაში, უმჯობესია იგი გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რამდენი პრობლემის გადაჭრა შეუძლია მას რამდენიმე წუთში.

1. გამოიყენეთ მწერების წინააღმდეგ

მწერები ზოგიერთ სუნზე ძალიან მგრძნობიარეები არიან, მათ შორის, ყავის არომატზე. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ეს ენერგოსტიმულატორი სასმელი ჭიანჭველებისა და ტარაკნების საწინააღმდეგოდ. ამისათვის, გააშრეთ ყავის ნალექი და ერთი ჩაის კოვზით მოათავსეთ იმ ადგილებში, სადაც მწერებს ყველაზე ხშირად ხვდებით. მაგალითად, წყლის ნიჟარის ქვეშ, ბნელ კუთხეებში და ა.შ.

თუ შენიშნეთ, რომ ჭიანჭველები სამზარეულოში მომრავლდნენ, ჩაასხით ყავის ნალექი ტყავისგან დამზადებულ მკვრივ ტომარაში და მოათავსეთ იგი კარადაში ან უჯრაში, სადაც პროდუქტებს ინახავთ.

2. გაასუფთავეთ დაჭუჭყიანებული ლითონის ზედაპირი

თქვენს ნიჟარებზე ან სამზარეულოს ჭურჭელზე (ქვაბებზე, ტაფებზე) რთულად ამოსაყვანი ლაქები შეამჩნიეთ, ნუ იჩქარებთ ძვირადღირებული გამწმენდი საშუალებების შეძენას. ამ პრობლემას ძალიან მარტივად გადაჭრით ყავის ნალექის მეშვეობით. უბრალოდ დაასხით ცოტაოდენი ნალექი ნაჭერზე და გაწმინდეთ დაჭუჭყიანებული ადგილები. რამდენიმე წუთის შემდეგ ლაქების კვალიც კი აღარ დარჩება ჭურჭელზე.

გაითვალისწინეთ: სამწუხაროდ, ფაიფურის ჭურჭლის გასაწმენდად ყავის ნალექი არ გამოდგება, რადგან მან შესაძლოა ჭურჭელს ფერი შეუცვალოს.

3. გათავისუფლდით უსიამოვნო სუნისგან

თუ მაცივრის გაღებისას უსიამოვნო სუნი იგრძენით, პირველ რიგში ამ სუნის გამომწვევი პროდუქტი გადააგდეთ, შემდეგ კი დაიწყეთ უსიამოვნო არომატთან ბრძოლა. ამისათვის, პატარა ჭურჭელში ჩაყარეთ ცოტაოდენი მშრალი ყავის ნალექი და მოათავსეთ მაცივარში. იგი არა მხოლოდ ანეიტრალებს არსებულს, არამედ ხელს უშლის ახალი სუნის წარმოქმნასაც, მაგალითად, ობის. ეს მეთოდი იდეალურად იმუშავებს საყინულეშიც, ამიტომ, ნუ დაგენანებათ ყავის ნალექი მაცივრის ამ ნაწილისთვისაც.

4. გამოკვებეთ ოთახისა და ბაღის მცენარეები

ყავის ნალექის კომპონენტებში შედის ისეთი მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი, კალციუმი, აზოტი და კალიუმი, რაც მას ავტომატურად აქცევს მცენარეების შესანიშნავ სასუქად. თუ თქვენმა ყვავილებმა დაკარგეს მიმზიდველი გარეგნობა და მათ აკლიათ სასარგებლო ნივთიერებები, ჩაყარეთ ქოთნებში ცოტაოდენი ყავის გამშრალი ნალექი და დააკვირდით, ყვავილები კვლავ დაიწყებენ მზისკენ სწრაფვას და თვალს გაგიხარებთ.

როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, მწერები, და, ასევე ლოქორები და ლოკოკინები ვერ იტანენ ყავის სუნს, ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ეს სასმელი ბაღში, რათა თავიდან აიცილოთ მოულოდნელი “სტუმრების” გამოჩენა.

5. დაამზადეთ შამპუნი შინაური ცხოველებისთვის

თანამედროვე ზოომაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ ძაღლებისთვის ყველაზე მრავალფეროვანი შამპუნების უზარმაზარი რაოდენობა, დაწყებული ბიუჯეტური ვარიანტიდან, დამთავრებული პრემიუმ ხარისხის შამპუნებამდე. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ არ დახარჯოთ ფული ძვირადღირებულ საშუალებებზე, შეგიძლიათ ყველაზე უბრალო შამპუნი შეიძინოთ და მას ყავის ნალექი დაუმატოთ. იგი შეიცავს ზეთს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ცხოველის  კანისა და ბეწვისთვის, რადგან მას აქვს მკვებავი და დამარბილებელი თვისებები. გარდა ამისა, ყავის სუნი შეაშინებს რწყილებს, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს თქვენი საყვარელი ცხოველის ცხოვრებას.

6. გახადეთ თქვენი კანი რბილი და ნაზი

ყავის ნალექს სასარგებლო ეფექტი აქვს არა მხოლოდ ცხოველის კანსა და ბეწვზე, იგი ასევე იდეალურია ადამიანებისთვისაც. ყველაზე პოპულარული “ყავის” სილამაზის პროდუქტი არის სახისა და სხეულის სკრაბი, რომელიც არბილებს კანს. ამ საშუალების მრავალფეროვანი ვარიაცია არსებობს. სკრაბის მოსამზადებლად ზოგი ყავის ნალექს თაფლს უმატებს, ზოგი კი-ქოქოსის ან ზეითუნის ზეთს. სკრაბის დასამზადებლად ყავის ნალექში მხოლოდ ერთი ინგრედიენტი უნდა შეურიოთ. უამრავი ვარიანტი არსებობს, ამიტომ აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი ვერსია. მისი გამოყენების მეთოდი ძალიან მარტივია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის იყენებთ ამ პროდუქტს. სტრიებთან საბრძოლველად, სკრაბი უნდა წაისვათ პრობლემურ ადგილებზე და გაიჩეროთ 10-15 წუთით. ხოლო თუ სახის გაწმენდა გსურთ, სკრაბი მხოლოდ 8-10 წუთით გაიჩერეთ სახეზე.

7. მოიშორეთ შავი წრეები თვალების ირგვლივ

საჭიროების შემთხვევაში, ყავა ასევე დაგეხმარებათ თვალების ქვეშ შავი წრეების მოშორებაში. ამ ეფექტის მიღება შესაძლებელია იმის გამო, რომ ნალექი შეიცავს კოფეინს, რომელიც აღიავებს და ჭიმავს კანს.

ყავის კომპრესის მოსამზადებლად თქვენ უნდა შეურიოთ ერთმანეთს ყავის ნალექი და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. მიღებული ნაზავი სქელ არაჟანს უნდა მოგაგონებდეთ. წაისვით ნაზავი თვალების ქვეშ და 5-10 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ნალექი და დატკბით შედეგით. ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.

8. აჩუქეთ თქვენს თმებს სიკაშკაშე და ბზინვარება

მას შემდეგ, რაც დატკბებით გემრიელი და არომატული სასმელით, დარჩენილ ნალექს დაუმატეთ მდუღარე წყალი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და ჩამოიბანეთ ნაზავით თმა მას შემდეგ, რაც თმას შამპუნით დაიბანთ. ეს საშუალება თმას ბზინვარებას და სიკაშკაშეს მიანიჭებს.

9. შეღებეთ ტანსაცმელი

ყავის ნალექი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საღებავი. პროფესიონალმა მომხმარებლებმა უკვე დიდი ხანია დაიწყეს ყავისგან ბუნებრივი ბოჭკოების შეღებვა, და ეს მეთოდი იდეალურად მოქმედებს. პროცედურა ძალიან მარტივია: თქვენ უნდა მოათავსოთ შერჩეული ქსოვილი წყლისა და ძლიერი ყავის ნაზავში (იმის მიხედვით, თუ რომელი ფერის მიღება გსურთ, დაუმატეთ ნახევრიდან 2 ჭიქამდე სასმელის ნალექი) და გააჩერეთ 30 წუთით. დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ ტანსაცმელი და ცივ წყალში გარეცხეთ, დაასხით ძმარი, რომ ფერი დააფიქსიროთ და გააშრეთ.