9 შესანიშნავი იდეა ლოჯიას მოსაწყობად

ლოჯიას მცირე ფართობი არ არის დამაბრკოლებელი მიზეზი იმისა, რომ იგი სათავსოდ გადააკეთოთ. შუშის ქილების, ველოსიპედებისა და ძველი თხილამურების შესანახად კი ადგილი სხვაგანაც მოიძებნება. ლოჯია, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად არ განიხილება, როგორც საცხოვრებელი ფართი, შეიძლება გადაიქცეს განცალკევებულ ოთახად. იგი შეიძლება იქცეს ფართის გაგრძელებად, მაგალითად, საძინებლის ან სამზარეულოს, ან უბრალოდ განცალკევებულ ზონად. სახლის ამ სივრცის მოსაწყობად უამრავი იდეა არსებობს, მაგრამ ჩვენ თქვენთვის შევარჩიეთ 9, ყველაზე წარმატებული ვარიანტი, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლება თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს.

იმისათვის, რომ ლოჯია მყუდრო და ორიგინალურ ადგილად აქციოთ, უბრალოდ უნდა ჩართოთ ფანტაზია და გამოიყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილი იდეებიდან ერთ-ერთი.

1. დასასვენებელი ზონა და კარადა-პოდიუმი

მიუხედავად იმისა, რომ ლოჯიას ტერიტორია თითქმის ყოველთვის ძალიან მცირეა, არ ღირს კომპრომისზე წასვლა და დასვენების ზონასა და შენახვის სისტემას შორის ერთ-ერთის არჩევა. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააკავშიროთ ეს იდეები და მიიღოთ მრავალფუნქციური ოთახი. ამისათვის თქვენ უბრალოდ უნდა გააკეთოთ არჩევანი პოდიუმზე განთავსებულ დასვენების ზონაზე, ჩაშენებული თაროებითა და უჯრებით. ამრიგად, თქვენ მიიღებთ დიდ ადგილს არა მარტო დასვენებისთვის, არამედ პირადი ნივთების შესანახად. ამავდროულად, სივრცე არ გამოიყურება არეულად, და თქვენ გრჩებათ ადგილი სხვადასხვა საჭირო დეტალის შესანახად.

2. სათამაშო ოთახი

თუ თქვენ ერთოთახიანი ბინა გაქვთ, აუცილებელია მოაწყოთ ბავშვებისთვის სათამაშო ოთახი. იზოლირებული და მოჭიქული ლოჯია, ფანჯრებზე “ბავშვთა” საკეტებით, საკმაოდ შესაფერისია ამ მიზნისთვის. აქ შეგიძლიათ მოათავსოთ ფუმფულა ხალიჩები, რათა ბავშვს არ შეცივდეს იატაკზე ჯდომის დროს, და გადააადგილოს ყველა მისი საყვარელი სათამაშო. ამრიგად, თქვენს შვილს ექნება საკუთარი პირადი სივრცე, სადაც იგი მარტო ან მეგობრებთან ერთად ითამაშებს. თქვენ კი არ იდარდებთ მის უსაფრთხოებაზე.

3. ზამთრის ბაღი

თუ გიყვართ ოთახის მცენარეები, აუცილებლად მოაწყეთ ლოჯიაზე ზამთრის ბაღი. მაგრამ, სანამ ყვავილებს მოათავსებდეთ, აუცილებელია ლოჯია მოჭიქოთ, რათა მცენარეებმა მთელი წლის განმავლობაში დაგატკბოთ. გააკეთეთ თაროები, მოათავსეთ მცირე სიმაღლეები ისე, რომ ყვავილები არ იდგეს იატაკზე.

რჩევა: შეგიძლიათ სიამოვნება დაუკავშიროთ სარგებლიანობას: მოათავსეთ ლოჯიაზე ტუმბოები და თაროები ნივთების შესანახად, ზემოდან კი ყვავილების ქოთნები განათავსეთ.

4. მამაკაცთა ტერიტორია

ზოგჯერ მამაკაცებს სჭირდებათ იზოლირება მთელი მსოფლიოსგან, რათა თავი მოუყარონ აზრებს და დაფიქრდნენ შემდეგ ნაბიჯებზე, რომლებიც სანუკვარი მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ. განმარტოებისთვის იდეალურ ადგილად შესაძლოა ლოჯია გახდეს, თუ მას აქცევთ მინი-ოფისად, მოათავსებთ მასში მაგიდას, ლეპტოპს, გეიმერის ოთახს, პატარა ბიბლიოთეკას ან მყუდრო ბარს დასაჯდომითა და ალკოჰოლის ელიტური არჩევანით. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განახორციელოთ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი, მთავარია, ოთახი იყოს იზოლირებული და მოჭიქული.

5. ქალთა კუთხე

ქალებსაც სჭირდებათ საკუთარი კუთხე, სადაც ისინი შეძლებენ მარტოობით ტკბობას. და კვლავ ლოჯია დაგეხმარებათ ამაში. აქ შეგიძლიათ განათავსოთ კოსმეტიკური საშუალებები (დადგათ ტუალეტის მაგიდა, ჩამოკიდოთ სარკე, მოათავსოთ კომოდი ნივთებით და თაროებიანი პატარა კარადა კოსმეტიკის შესანახად), ან მოაწყოთ საშინაო ოფისი, თუ ხშირად გიწევთ შინ მუშაობა.

კიდევ ერთი კარგი ვარიანტია გარდერობი. ხშირად ქალებს ტანსაცმელებისა და ფეხსაცმელებისთვის არ ყოფნით ადგილი კარადაში, ამიტომ ლოჯიაში განცალკევებული გარდერობის მოწყობა იდეალური აზრია. გარდა ამისა, იქ ბევრად ადვილი იქნება წესრიგის შენარჩუნება და ნივთების დალაგება თქვენთვის ხელსაყრელი ნიშნების მიხედვით (სეზონის, სტილის და ა.შ.).

6. ადგილი ჰამაკისთვის

ზაფხულობით, ბინაში ძალიან ცხელა. და თუ ის მზიან მხარეს მდებარეობს და ოთახში კონდიციონერი არ არის, სიცხის გადატანა განსაკუთრებით რთულია. ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალია ლოჯიაზე საძინებლის მოწყობა. აქ ყოველთვის გრილა, ვიდრე ბინაში და ნებისმიერ დროს შეგეძლებათ კარის გაღება. მაგრამ თუ დივნის ან საწოლის განთავსება ლოჯიაზე ვერ ხერხდება პატარა სივრცის გამო, შეგიძლიათ ჰამაკი ჩამოკიდოთ. ის დაიკავებს მინიმალურ ადგილს, მაგრამ ამავე დროს, მასზე შესანიშნავად დაისვენებთ.

7. აგარაკის ფილიალი

ლოჯია შესაძლოა გახდეს აგარაკის ნაკვეთის იდეალური ფილიალი. ასეთი ვარიანტი განსაკუთრებით შეეფერება მათ, ვისაც უყვარს ბაღის მოვლა, მაგრამ არ შეუძლია საკუთარი ბინის დატოვება, რათა გაემგზავროს აგარაკზე. ლოჯიაზე აგარაკის ფილიალის მოსაწყობად თქვენ გჭირდებათ ყუთები ნერგებით, ბაღის ინვენტარი, ნაქსოვი ავეჯი და სხვა ატრიბუტი, რომლებიც აგარაკზე არსებული ბაღისთვის იქნებოდა საჭირო. გვერწმუნეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც ამ “ფილიალში” შეხვალთ, ფიქრებით ბუნებაში, თქვენს საყვარელ აგარაკზე აღმოჩნდებით.

8. დასაკეცი ბარის მაგიდა

ბარის მაგიდა ლოჯიაზე საკმაოდ სტანდარტული გამოსავალია, რომელსაც ბევრ ბინაში იხილავთ. იგი განსაკუთრებით პოპულარულია იმ შემთხვევაში, თუ აივანი სამზარეულოსთანაა შეერთებული, ასეთ შემთხვევაში ბარის მაგიდას იყენებენ, როგორც სასადილო ზონა. მაგრამ ზოგჯერ ლოჯიას ტერიტორია იმდენად მცირეა, რომ არ არის საკმარისი სივრცე სრული ავეჯის განსათავსებლად. მსგავს შემთხვევაში, დიზაინერები გვირჩევენ, განვიხილოთ დასაკეცი ბარის მაგიდის ვარიანტი. მას შემდეგ, რაც თქვენ დააგემოვნებთ ფინჯან ყავას და დატკბებით შესანიშნავი პეიზაჟით, ბარის მაგიდა შეგიძლიათ კომპაქტურად დაკეცოთ, და, ამრიგად, გაათავისუფლოთ ადგილი ლოჯიაზე.

9. მისაღები ოთახი

თუ ლოჯია საკმაოდ დიდი ზომისაა, იდეალური ვარიანტია მასში სასტუმრო ან საბავშვო ოთახის მოწყობა. მთავარია, მის მოსაწყობად აირჩიოთ კომპაქტური და მრავალფუნქციური ავეჯი. ჩამოკიდებული თაროები, ერთადგილიანი საწოლი, ღია თაროები პატარა ნივთების შესანახი კალათებით, საწოლის მაგიდა-მხოლოდ ეს ავეჯი დაგჭირდებათ ლოჯიაზე ოთახის მოსაწყობად.