როგორ შევინახოთ ნივთები მისაღებ ოთახში: 12 იდეა პატარა ბინის მფლობელთათვის

თუ სახლში არეულობაა, საჭირო ნივთების მოსაძებნად საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ, ამასთან, ფსიქოლოგების თქმით, არეულობა აფუჭებს განწყობას და ამცირებს ტვინის აქტივობას. ეს საკითხი განსაკკუთრებით აქტუალურია მისაღები ოთახისთვის, სადაც ჩვეულებრივ ინახება უამრავი ელემენტი, დაწყებული წიგნებიდან, დამთავრებული ბავშვის სათამაშოებით. თუ ყველა კარადა, თარო და საკიდი დაკავებულია და ვერ ხვდებით, სად დამალოთ მაღაზიაში ახლახან ნაყიდი წვრილმანი, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

ჩვენ გთავაზობთ მისაღები ოთახისთვის 12 სამალავ ვარიანტს, რომლებიც წესრიგის დამყარებაში დაგეხმარებათ და მასში ნებისმიერ საჭირო ნივთს შეინახავთ.

1. ჩამოსაკიდი მოდული

ფოტო: liveinternet.ru

თუ ბინა დიდი ზომის არ არის, უმჯობესია არჩევანი მრავალფუნქციურ ავეჯზე შეაჩეროთ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იგი სპეციალიზებულ მაღაზიაში ან შექმნათ საკუთარი ხელით. მაგალითად, თუ თქვენ შეიძენთ ჩამოსაკიდ მოდულს და მასზე კარებს დაამაგრებთ, მიიღებთ პატარა შესანახ სივრცეს, სადაც წვრილმანი ნივთების, წიგნების, ჟურნალების დამალვას შეძლებთ, ამასთან, ამ ნივთებს მტვრისგანაც დაიცავთ.

2. უჯრები დივნის ქვეშ

ფოტო: pinterest.ru

თუ თქვენ გადაწყვეტთ ფანჯრის მახლობლად მინი-ბიბლიოთეკა ან მყუდრო სამეცადინო კუთხე მოაწყოთ, აუცილებლად შეიძინეთ ისეთი დივანი, რომელსაც უჯრები აქვს. მასში არა მხოლოდ წიგნების, არამედ იმ პირადი ნივთების შენახვასაც შეძლებთ, რომელთათვის საძინებელში არ იყო საკმარისი ადგილი.

3. მრავალფუნქციური მაგიდა

ფოტო: dekoriko.ru

ნებისმიერი მაგიდა არეულობის ნამდვილი ეპიცენტრია და არც ჟურნალის მაგიდაა გამონაკლისი. მასზე მუდმივად აწყვია წიგნები, გასაღებები, ტელევიზორის პულტი და მრავალი სხვა საგანი, რომლებიც ავეჯის მთელს ზედაპირს ფარავს. მისაღებ ოთახში ქაოსის თავიდან ასაცილებლად, შეიძინეთ ყავის მაგიდა, რომელსაც ასაწევი ზედაპირი აქვს. მასში შეძლებთ ნებისმიერი საჭირო წვრილმანის შენახვას. ამ მოდელის კიდევ ერთი პლიუსი ის გახლავთ, რომ ასაწევ ზედაპირს ლეპტოპის მოსათავსებლად ან ყავის ფინჯნების დასადგამად გამოიყენებთ, რაც ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია.

4. მაგიდა-ტრანსფორმერი

ფოტო: diycraftsguru.com

ამ ინტერიერის ელემენტს ზედაპირი ეხსნება და იგი ლანგრად გამოიყენება. ხოლო შიდა ნაწილში, რომელიც მაგიდის ზედაპირის ქვეშაა მოთავსებული, გასაღების, ჟურნალის, პულტის, დამტენების და სხვა პატარა ნივთების შენახვაა შესაძლებელი, რომლებიც ძალიან ხშირად იკარგება.

5. პუფი სათავსოთი

ფოტო: interiorsroom.ru

პუფები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ინტერიერის დეკორაციისთვის. ისინი გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებენ, ვიდრე სკამები, გაცილებით მოსახერხებელია და ოთახს უფრო მყუდროს ხდის. გარდა ამისა, თუ თქვენ ავეჯის მაღაზიაში შეიძენთ სათავსოიან პუფს, დამატებითი შესანახი ადგილიც გექნებათ. ამ ავეჯის უდიდესი პლიუსი ის გახლავთ, რომ მასში არა მხოლოდ პატარა ელემენტებს, არამედ გაცილებით დიდი ზომის ნივთებსაც შეინახავთ, მაგალითად, პატარა ბალიშები, საწოლის თეთრეული, სათამაშოები და სხვა.

6. ტუმბო ბორბლებზე

ფოტო: design-remont.info

მოძრავი ავეჯი მოხერხებულობისა და კომფორტის გასაღებია, რადგან ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დიდი ძალისხმევის გარეშე გადაიტანოთ იგი თქვენთვის სასურველ ადგილზე. სწორედ ამიტომ, გირჩევთ მისაღები ოთახისთვის შეიძინოთ პატარა ტუმბო ბორბლებზე. უმჯობესია აირჩიოთ მრავალფუნქციური ვარიანტები, მაგალითად, შესაწევი მოდულებით ან ასაწევი ზედაპირით.

7. მაგიდა “ფრთებით”

ფოტო: fascalartsnyc.com

თუ გსურთ, რომ შენახვის სისტემამ ოთახში მინიმალური ადგილი დაიკავოს, შეარჩიეთ მაგიდა ორი განყოფილებით და ასაწევი “ფრთებით”, ისეთივე, როგორიც ფოტოზეა მოცემული. მასში შეძლებთ ნებისმიერი წვრილმანი ნივთის შენახვას, რაც საკმაოდ მოსახერხებელია და, ამასთან, მაგიდაზე არეულობასაც აიცილებთ თავიდან.

8. სკამი სამალავით

ფოტო: instructables.com

აღმოჩნდა, რომ სკამზე არა მხოლოდ ჯდომა, არამედ წვრილმანი ნივთების შენახვაც შეგიძლიათ. იმისათვის, რომ ეს იდეა რეალობად აქციოთ, შეუკვეთეთ სკამი, რომელსაც შესანახი ყუთი ან ნიშე ექნება დამონტაჟებული. რა თქმა უნდა, მასში დიდი ზომის ნივთებს ვერ შეინახავთ, მაგრამ რამდენიმე წიგნი, ჟურნალი ან კაბელი ნამდვილად დაეტევა.

9. ყუთი პულტებისთვის

ფოტო: tomosiha.ru

სტატისტიკის თანახმად, სახლში ყველაზე ხშირად იკარგება გასაღებები, ტელეფონები და პულტები. იმისათვის, რომ ტელევიზორის, კონდიციონერის ან მუსიკალური ცენტრის პულტები საათობით არ ეძებოთ, გამოყეთ მათ შესანახად პატარა ყუთი. მათი შეძენა სულაც არ არის საჭირო, რადგან მსგავსი შესანახი სისტემა შეგიძლიათ საკუთარი ხელით დაამზადოთ, მაგალითად, წიგნში ამოჭრათ სასურველი ფორმა და მასში შეინახოთ პულტი.

10. კალათები

ფოტო: archello.com

დაწნული კალათები არა მხოლოდ შესანახი სისტემა, არამედ ბინის იდეალური დეკორაციაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეკო სტილის გულშემატკივარი ხართ. ის შეიძლება განთავსდეს როგორც დივანსა და კედელს შორის, ისე თაროზე ან ყავის მაგიდის ქვედა სართულზე. კალათების მთავარი პლიუსი ისაა, რომ ისინი საკმაოდ ფართოა. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მარტივად გადააადგილებთ. შენახვის ეს სისტემა იდეალურია სათამაშოების, ბავშვების ტანსაცმლისთვის, პირსახოცების ან საწოლის თეთრეულის შესანახად.

11. ყუთები

ფოტო: interiorsmall.ru

ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მუყაოს ყუთებს სხვადასხვა საჭირო ნივთების შესანახად. ამ საკითხს შეიძლება შემოქმედებითი მხრიდან მიუდგეთ და მუყაოს ყუთები ინტერიერის ნამდვილ დეკორაციად ან შესანახ სისტემად აქციოთ. გამოჭერით ყუთის უკანა კედელი და დამალეთ მასში როუტერი, დამტენი და სხვა აღჭურვილობა, რომელიც დაკავშირებულია ჩამრთველთან. მთავარია, არ დაგავიწყდეთ ყუთზე სავენტილაციო ნახვრეტების გაკეთება, რადგან ამ აღჭურვილობას “სუნთქვა” სჭირდება.

12. ადგილი ტელევიზორისთვის

ფოტო: sk-mo.ru

ზოგიერთ მისაღებში ტელევიზორი ოთახის ცენტრი და ის დეტალია, რომელიც სტუმრების ყურადღებას იქცევს. თუმცა, თუ თქვენ ცდილობთ მის დამალვას უცხო თვალისთვის, რადგან იგი ინტერიერის დიზაინში არ ჯდება, დამალეთ ტელევიზორი სპეციალურ “ჯიბეში” ან მოძრავი პანელების უკან.