გარეუბანი სამოთხეში: როგორ ააშენეს ინდონეზიელებმა პატარა სოფელი სავაჭრო ცენტრის სახურავზე

ტოტალური ურბანიზაციისა და მეგაპოლისებში მიწის კატასტროფული ნაკლებობის პერიოდში, ადამიანებმა სახლების სახურავები ბრწყინვალე ბაღებად, დასასვენებელ ადგილებად, სათამაშო მოედნებად, აუზებად და გარეუბნებადაც კი აქციეს. მჭიდროდ დასახლებული ურბანული რაიონების თანამედროვე არქიტექტორები ახორციელებენ არაორდინალურ პროექტებს, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ თავისუფალი სივრცე, არა მხოლოდ  კომერციული მიზნებისთვის, არამედ საცხოვრებელი სივრცის მოსაწყობად. ამ მიმართულებით ყველაზე შორს ჯაკარტის ურბანული დამგეგმავები წავიდნენ, სადაც ერთმა დეველოპერმა სავაჭრო ცენტრის სახურავი გადააქცია რეალურ გარეუბნად, საცხოვრებელი კორპუსებით, მოფენილი ქუჩებით, საბავშვო მოედნებით, საცურაო აუზებით, ჩოგბურთის კორტებითა და მწვანე მცენარეებით.

ფოტო: finance.detik.com

ჯაკარტა (Jakarta), ინდონეზიის დედაქალაქი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, რომელშიც ტოკიოსთან პარალელურად 1 კვადრატულ მეტრზე ცხოვრობს დაახლოებით 14,5 ათასი ადამიანი, მაგრამ თუ ტოკიო და აზიის სხვა მეგაპოლისები ვერტიკალურად იზრდება, ჯაკარტას მშენებლობა ჰორიზონტალურად იზრდება. ასეთი ურბანული განვითარება იწვევს მიწის კატასტროფულ დეფიციტს, რადგან აქ პრაქტიკულად აღარ არსებობს ხელმისაწვდომი ფართი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან პარკების მოსაწყობად, რაც ამცირებს გამწვანების უკვე დაბალ დონეს, იგი ამ ეტაპზე ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.

ფოტო: amusingplanet.com

სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ 10 მილიონიან ქალაქს სულ მალე მოუწევს ყველა არსებული შენობის სახურავებზე განთავსება კრიტიკული წყალდიდობის გამო. ჯაკარტაში ცხოვრება ბევრისთვის აუტანელი გახდა იმის გამო, რომ წვიმიან სეზონზე ქალაქი მუდმივად იტბორება, რამაც ჯაკარტას ყურეში ზღვის დონის მატება გამოიწვია. ქალაქის უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან დაბალია, მაგრამ ეს ყველა უბედურება არ არის-

ფოტო: kmgram.com

ყველა ეს მზარდი პრობლემა აიძულებს დეველოპერებსა და ქალაქის ხელისუფლებას ეძებონ გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან, შექმნან და განახორციელონ საგანგებო პროექტები, რომლებმაც უკვე გაიარეს გამოცდა და მზად არიან მასობრივი განხორციელებისთვის. ქალაქში, 10 სართულიანი სავაჭრო ცენტრის სახურავზე, 1.2 ჰექტარზე გაშენებულია ნამდვილი სოფელი.

ფოტო: amusingplanet.com

სოფელი Cosmo Park, რომელიც მეგაპოლისის ცენტრში Agung Pomodoro Group-ის მიერაა შექმნილი და მიწის ზემოთაა განთავსებული, ახლა განიხილება, როგორც პოსტმოდერნული ანტიუტოპია, რადგან ქალაქისთვის, რომელსაც მიწის ნაკლებობითა და წყალდიდობებით გამოწვეული პრობლემები აქვს, ეს შესაძლოა ნამდვილი ხსნა იყოს.

ფოტო: break.com
ფოტო: break.com

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა დედაქალაქის უფრო ხელსაყრელ ადგილზე გადატანის წინადადება არა ერთხელ წამოაყენა, ამგვარი მშენებლობა იქნება არა მხოლოდ ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ადგილი ადამიანების საცხოვრებლად, არამედ გაათავისუფლებს ტერიტორიას პარკებისა და გამწვანებული ზონების მოსაწყობად, რომლებმაც შეიძლება გადაარჩინონ თითქმის ჩაძირული ქალაქი.

ფოტო: break.com

სავაჭრო ცენტრის Thamrin City Mall-ის სახურავზე გაშენებული სოფლის უნიკალური ფოტოების დათვალიერებისას, ალბათ რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს გარეუბანი არა მიწაზე, არამედ შენობის სახურავზე მდებარეობს. მსუბუქად დაბზარული ასფალტის ქუჩები, ტროტუარები და ველოსიპედების ბილიკები, გამწვანებული სივრცეები, ერთ ოჯახზე გათვლილი 78 ორსართულიანი სახლი, ჩოგბურთის კორტები, საცურაო აუზები, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის და შინაური ცხოველების გასასეირნებლად-ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში ცხოვრებას იდეალურს ხდის.

ფოტო: amusingplanet.com

გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უბრალოდ ასეთ სიმაღლეზე ცხოვრებისთვის, შენობის პერიმეტრის გარშემო დაყენებულია მაღალი ლითონის ღობე, ხოლო სატრანსპორტო კომუნიკაციების მოხერხებულობისთვის, დამონტაჟდა პანდუსი, რომლის გაწვრივ შეგიძლიათ მანქანით პირდაპირ სახლისკენ გაემოგზავროთ.

ფოტო: break.com

ადამიანები, რომლებმაც ამ გარეუბანში კოტეჯების შეძენა გადაწყვიტეს (მათი ღირებულება 200-დან 350 ათას დოლარამდე მერყეობს), ამ ადგილს “სამოთხეს” უწოდებენ, რადგან აქ ცხოვრება ჰგავს სოფელს, სადაც თამამად შეგიძლიათ გაუშვათ ბავშვები ეზოში სათამაშოდ, სადაც მუდამ სიმშვიდეა, არ ხმაურობენ მანქანები და არც მათი გამონაბოლქვია, რომელიც ქალაქს ნისლში გაახვევს. ამ გარეუბნის ერთადერთი უხერხულობა მისი სიმაღლეა, რასაც ადგილობრივე ძალიან სწრაფად შეეჩვივნენ და ეს მათ პრობლემას საერთოდ არ უქმნის.

ფოტო: gooto.com

საინტერესო ფაქტი: კოსმო პარკი (Cosmo Park) არ არის ერთადერთი გარეუბანი, რომელიც სავაჭრო ცენტრის სახურავზეა განთავსებული. ქალაქში არსებობს კიდევ ერთი, ძვირადღირებული კომპლექსი სახელწოდებით The Villas, რომელიც ჩრდ. ჯაკარტაში, სავაჭრო ცენტრ Mall of Indonesia-ზეა გაშენებული.

ფოტო: medcom.id

მშენებლობის წარმატებული გამოცდილებისა და ამგვარი ექსტრაორდინალური სოფლის მაცხოვრებლების დადებითი გამოხმაურების გათვალისწინებით, იმ საწარმოებს, რომლებიც მიწის უზარმაზარ რესურსებს იყენებენ, ქალაქის ხელისუფლება ტერიტორიის უფრო რაციონალურად გამოყენებას ურჩევს.

უძრავი ქონების აღმასრულებელმა დირექტორმა, ვენდი ჰარანტოსმა თქვა: “ერთადერთი გზა იმისათვის, რომ ჯაკარტა ცხოვრებისთვის ვარგისი ქალაქი გახდეს-სიმაღლეში ზრდაა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები სტრატეგიულ ადგილებში, ფლობენ მიწის უზარმაზარ რაოდენობას, მაგრამ ამ ტერიტორიას გამოყენების დაბალი ხარისხი აქვს, რადგან იგი მხოლოდ ერთი და შეზღუდული მიზნით გამოიყენება.

მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა შესაძლოა ერთობლივად სასარგებლო გადაწყვეტა გახდეს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები დამატებით შემოსავალს იღებენ გამოუყენებელი სივრცის გადაცემიდან იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც შეძლებენ მეორე დონეზე მრავალსართულიანი შენობების აგებას ღარიბებისთვის. ეს კი ერთდროულად რამდენიმე პრობლემის მოგვარებას გამოიწვევს: აშენდება სოციალური საცხოვრებელი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიგოს; ბიზნესი მეტ შესაძლებლობებსა და საშუალებებს მიიღებს; დაბალშემოსავლიანი ოჯახები შეძლებენ ქალაქში ცხოვრებას…

ამ ყველაფრისთვის ყველაზე დიდი პლიუსი იქნება ის, რომ ამ გზით გათავისუფლდება ფართობები მწვანე ტერიტორიების მოსაწყობად და ეს ხელს შეუწყობს ჯაკარტის ხელისუფლებას შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, რომლებიც ქალაქის გამწვანებისთვის ტერიტორიის 30%-ის გამოყოფას ითვალისწინებს.”