8 გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ადამიანების უმრავლესობა აბაზანის მოწყობისას უშვებს

სააბაზანო ოთახის რემონტი საკმაოდ ძვირია, ამიტომ მისი დეკორაციის პროცესში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები უნდა დაუშვათ. იმისათვის, რომ რამდენიმე თვეში რემონტი თავიდან არ დაიწყოთ, უნდა გაითვალისწინოთ ყველა შესაძლო ნიუანსი. თუ ამ სფეროში პროფესიონალი არ ხართ, გირჩევთ გაეცნოთ იმ 8 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც ჩვეულებრივ ბინის მესაკუთრეები უშვებენ სარემონტო სამუშაოების დროს.

1. მოუხერხებელი განლაგება

ფოტო: dizajngid.ru

ხშირად, ადამიანებს არ სურთ დიდი თანხის დახარჯვა რემონტზე, ამიტომ აბაზანაში განლაგებას არ ცვლიან. თუმცა, იგი ყოველთვის კომფორტული არ არის. ტიპური სააბაზანო ოთახები პატარა ზომისაა და შეზღუდული თავისუფალი სივრცე აქვს. გარდა ამისა, მასში არ არის საკმარისი ადგილი შესანახი სისტემებისთვის და სარეცხის მანქანისთვის. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: განათავსოთ სააბაზანოში რაც შეიძლება მეტი სანტექნიკა, თაროები, კარადები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ საერთოდ აღარ დაიტოვოთ სამოძრაო სივრცე.

ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად, რემონტის დაწყებამდე ფურცელზე დახატეთ ძირითადი ობიექტების სავარაუდო განლაგება აბაზანაში (ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური პროგრამა 3D მოდელირებისთვის). თუ სარეცხის მანქანის განთავსებას სააბაზანო ოთახში აპირებთ, და არა სამზარეულოში, მაშინ აბაზანის ნაცვლად შეიძინეთ საშხაპე კაბინა. იგი გაცილებით ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

2. ცუდი განათება

ფოტო: interra-forum.ru

საბჭოთა კავშირის უმეტეს ბინაში სააბაზანო ბინის ისეთ ნაწილშია მოთავსებული, რომ მას არ აქვს ფანჯარა, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს ბუნებრივი განათება. აქედან გამომდინარე, თქვენ უნდა შეიძინოთ რამდენიმე ნათურა და სწორად მოათავსოთ ისინი ოთახში. გახსოვდეთ, რომ ცუდი განათება გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე, აფუჭებს ხასიათს და ხელს უწყობს ძილიანობას, რაც ნამდვილად ცუდია, განსაკუთრებით დილით, როდესაც სამსახურში მიიჩქარით. გარდა ამისა, ცუდი განათების ქვეშ სარკეში თქვენი კანი ნაცრისფერი გამოჩნდება.

იმისთვის, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემას გვერდი აუაროთ, მოიფიქრეთ სხვადასხვა სახის სცენარი განათებისთვის. შეიძინეთ ერთი ან რამდენიმე ჭერის ლამფა (შეგიძლიათ აირჩიოთ პროჟექტორები), დაამონტაჟეთ სარკის ზედა ან გვერდით ნაწილებზე ნათურები, და არ დაგავიწყდეთ მოათავსოთ პატარა ნათურები აბაზანის ზემოთ, რომ სიბნელეში არ მოგიწიოთ ბანაობა.

3. პატარა ნიჟარა

ფოტო: remontyes.ru

ბევრი ფიქრობს, რომ სააბაზანო ოთახში არსებული ნიჟარა ექსკლუზიურად ხელის დასაბანადაა დამონტაჟებული. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ იქ სარეცხის რეცხვა მოგიწიოთ, თუ სარეცხის მანქანა გაფუჭდება, ან ჭურჭლის დარეცხვა, თუ სამზარეულოს ნიჟარა გაეჭედება. გარდა ამისა, თუ სააბაზანოში პატარა ზომის ნიჟარას მოათავსებთ, იატაკი უფრო ხშირად დასველდება წყლით.

აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ შეიძენთ ღრმა ნიჟარას, სისქით 50-60 სმ-ს. თუ მისთვის სააბაზანოში საკმარისი ადგილი არ არის, შეგიძლიათ აბაზანა ჩაანაცვლოთ საშხაპე კაბინით, იყიდოთ სარეცხის მანქანა ვერტიკალური დატვირთვით, ან შეაერთენ ცალ-ცალკე არსებული ტუალეტი და სააბაზანო ოთახი.

4. სრიალა იატაკი

ფოტო: invanna.ru

აბაზანაში პრიალა ფილები არა მხოლოდ ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურება ინტერიერის თითქმის ნებისმიერ სტილთან, არამედ ძალიან მარტივად იწმინდება. თუმცა, როგორც კი მის ზედაპირზე წყალი ჩნდება, მაშინვე იჩენს თავს მისი უმთავრესი მინუსი – კრამიტი ძალიან სრიალა ხდება.

იმისთვის, რომ ამ გზით საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ, შეიძინეთ კერამოგრანიტი ან ფილები ტექსტურირებული ზედაპირით, როგორც იატაკის საფარი. თუ იატაკის საფარი უკვე დაგებული გაქვთ, მაშინ ისღა დაგრჩენიათ, შეარჩიოთ ლამაზი ხალიჩა რეზინიანი ბაზებით, რომლებიც ხელს შეგიშლით იატაკზე დაცემაში.

5. პატარა ზომის ტექნიკური ლუქი

ფოტო: ka-ka.ru

რემონტის პროცესში თქვენ არა მხოლოდ საშხაპე კაბინასა და ლამაზ ფილებზე, არამედ ტექნიკურ კომპონენტებზეც უნდა იფიქროთ, მაგალითად, პატარა დამალულ ლუქებზე. მათი არსებობა აბაზანისა და ტუალეტის ქვეშ აუცილებელია. თუმცა, ბევრი მეპატრონე აიგნორებს ამ მოთხოვნას ან აკეთებს მინიმალური ზომის ლუქებს, რადგან შიშობენ, რომ ისინი გააფუჭებენ ოთახის ინტერიერს და დიზაინის ერთიანობას. ამასთან, ბევრს ავიწყდება ერთი ნიუანსი: რაც უფრო დიდია ლუქის ზომა, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ მილების შეკეთების დროს საჭირო გახდება ტიხრების დაშლა და ფილების ამოყრა. მაშინ როგორ მოვიქცეთ მოცემულ სიტუაციაში: მსხვერპლად შევწიროთ ოთახის სილამაზე თუ დავაიგნოროთ უსაფრთხოება?

საბედნიეროდ, დიზაინერებმა მოიფიქრეს კომპრომისი, რომელიც ყველასთვის მისარებია: მაღაზიაში უნდა შეარჩიოთ ისეთი ლუქი, რომელსაც რემონტის პროცესში სასურველ ფერში შეღებავთ ან ფილებით გადაფარავთ. ამრიგად, იგი პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახდება, მიუხედავად მისი დიდი ზომისა.

6. ვენტილაციის არარსებობა

ფოტო: ikea-family.ru

კარგი სავენტილაციო სისტემის არსებობა აუცილებელია არა მხოლოდ სამზარეულოში, სადაც ყოველდღე სხვადასხვა სუნი ტრიალებს, არამედ აბაზანაშიც. მისი არარსებობა უარყოფითად იმოქმედებს თავად სააბაზანო ოთახზე, ასევე გახდება უსიამოვნო სუნის, ობისა და სოკოს წარმოქმნის მიზეზი. გარდა ამისა, თუ აბაზანაში გაქვთ ხის ავეჯი, ის ძალიან მალე შეშუპდება.

ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, პირველ რიგში, არ დავხუროთ სტაციონარული სავენტილაციო არხები და მეორე, დავამონტაჟოთ პატარა ვენტილატორი, რომ ტენიანი ჰაერი სწრაფად გაიწოვოს ოთახიდან.

7. არასაკმარისი შესანახავი ადგილი

ფოტო: dizainexpert.ru

სააბაზანო ოთახში უამრავი რამ გროვდება: კოსმეტიკა, პირსახოცები, თავის მოვლის საშუალებები და ასე შემდეგ. შედეგად, პომადა, პუდრი და ტუში იკავებენ სააბაზანოს კომოდის ზედაპირს ჰორიზონტალურად, ხოლო სველი პირსახოცი კი საშხაპე ფარდისთვის განკუთვნილ მოაჯირზეა დაკიდული.

ამ ქაოსის თავიდან ასაცილებლად, კარგად გათვალეთ შენახვის სისტემები. პირველ რიგში, ნიჟარის ქვეშ მოათავსეთ რამდენიმე უჯრა. მეორეც, გამოიყენეთ ვერტიკალური ზედაპირი მაქსიმალურად: გააკეთეთ რამდენიმე შუშის თარო, ჩვეულებრივი სარკის ნაცვლად დაკიდეთ კომპაქტური კარადა შუშის კარით, გამოიყენეთ უნიტაზის ზემოთ არსებული თავისუფალი სივრცე შესანახი სისტემის ჩამოსაკიდად და ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ განათავსოთ პატარა ზომის დაწნული კალათები პირსახოცების და საწოლის თეთრეულის შესანახად, ან თუ აბაზანა გაქვთ, გამოიყენოთ მის ქვეშ არსებული სივრცე.

8. შტეფცელების არარსებობა

ფოტო: mirvannaja.ru

ზოგი ადამიანი თვლის, რომ ელექტროენერგია და წყალი ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამიტომ სააბაზანო ოთახში შტეფცელებს არ აკეთებს. დიახ, ეს სწორი მტკიცებაა, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა ჩართოთ სარეცხი მანქანა და კედლის განათება? ან როგორ დავმუხტოთ კბილის ელექტრო ჯაგრისი? რომ აღარაფერი ვთქვათ ფენსა და თმის საუთოვებელზე, რადგან ქალბატონები თავს უმეტესწილად სწორედ სააბაზანო ოთახში იწესრიგებენ.

ამიტომ, გამოიყენეთ ოპტიმალური ვარიანტი – შეიძინეთ ტენიანობის გამძლე სპეციალური მოდელები, რომლებიც საფარითაა აღჭურვილი. თუ შტეფცელი კონკრეტულ მომენტში არ გჭირდებათ, ჩვეულებრივად დახურეთ იგი და ასე ტენიანობა მასში ვეღარ შეაღწევს.