
ყველაზე ხშირად, დერეფანი არის პატარა ვიწრო ან კვადრატული სივრცე, რომელიც დიდ ფუნქციებს ასრულებს. სამწუხაროდ, ოთახის ზომები მასში ყველაფრის განთავსების საშუალებას არ იძლევა, რაც მფლობელს სჭირდება: ფეხსაცმლის თარო, კარადა-კუპე ტანსაცმლისთვის, ჩანთების საკიდები, სარკე, პუფი. თუმცა, თუ ამ საკითხს გონივრულად მიუდგებით და ფანტაზიასაც ჩართავთ, შეძლებთ სივრცის კომპეტენტურად მოწყობას და მასში დატოვებთ უამრავ თავისუფალ ადგილს მოძრაობისთვის. ჩვენ შევარჩიეთ 10 საინტერესო იდეა, რომლებიც დაგეხმარებათ შემოსასვლელის კომფორტულ და ფუნქციურ ადგილად გადაქცევაში.
1. შესანახი ადგილი წვრილმანებისთვის

ბინის/მანქანის გასაღები, მზის სათვალე, ქოლგა, საფულე, ფეხსაცმლის საწმენდი კრემი, ყურსასმენები – ეს ყველაფერი ჩვეულებრივ შემოსასვლელის ტუმბოზე ყრია. ერთ ადგილზე ასეთი ობიექტების დაგროვება ქმნის ქაოსის განცდას. გარდა ამისა, თუ მცირე ზომის ნივთებს არ აქვთ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილი შესანახად, ისინი ხშირად დაგეკარგებათ და დილით მათ მოსაძებნად დიდი დრო დაგჭირდებათ. ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, შემოსასვლელში გააკეთეთ მცირე ზომის ნივთებისთვის სპეციალური თარო რამდენიმე განყოფილებით ან მოსახერხებელი ორგანაიზერით. თუ დერეფანში ადგილი ძალიან პატარაა, კედელზე ჩამოკიდეთ 3-4 ცალი საკიდი. ისინი ასევე გამოდგება პატარა ნივთების შესანახად.
2. მრავალფუნქციური სარკე

სარკე ყველა შემოსასვლელის აუცილებელი ელემენტია. თუმცა, მცირე ზომის ბინის მფლობელებს იშვიათად აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ სრულფასოვანი სარკე, რომელიც შეასრულებს მის მთავარ ფუნქციას. თუ შესანახი ადგილი არ არის საკმარისი, შემოსასვლელი ოთახისთვის შეიძინეთ პატარა სარკიანი კარადა ან კედლის სარკე თაროებითა და საკიდებით. ასე სარკე რამდენიმე ფუნქციას ერთად შეითავსებს.
3. ფეხსაცმლის შესანახი ადგილი

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ბინაში – ერთი წყვილი ბინძური ფეხსაცმელიც კი საკმარისია იმისთვის, რომ შემოსასვლელში არეულობის შეგრძნება შეგექმნათ. ამიტომ, დერეფნის გაფორმებისას, პირველ რიგში იზრუნეთ ფეხსაცმლის შესანახი ადგილის მოწყობაზე. თანამედროვე ავეჯის მაღაზიებში შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფორმის, ზომის, ფერის და სტილის კარადა, სადაც ფეხსაცმლის გარდა, პატარა აქსესუარებსაც შეინახავთ. მაგალითად, ქუდს, ხელთათმანებსა და შარფს.
4. თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს

გონივრულად მოწყობილი შესანახი სისტემა არის ნებისმიერი შემოსასვლელი ოთახის სილამაზისა და კომფორტულობის გასაღები. სივრცის კომპეტენტური ორგანიზების პირველი წესი გახლავთ შემდეგი: “თითოეულ ნივთს თავისი ადგილი აქვს”. ამიტომ, სეზონური ნივთები უმჯობესია შეინახოთ კარადის ზედა თაროებში, ხოლო ისინი, რომლებსაც ხშირად იყენებთ, მოათავსეთ უფრო ქვედა ნაწილში, ისე, რომ საჭიროების დროს მარტივად მიწვდეთ.
5. არ დაგავიწყდეთ კომფორტის შესახებ

შემოსასვლელში უნდა განთავსდეს არა მხოლოდ საკიდები ან ფეხსაცმლის თაროები, არამედ ადგილიც, სადაც ჩამოჯდებით და დაისვენებთ, ან ფეხსაცმელს ჩაიცვამთ. ავეჯის მსგავსი ნაწილის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მრავალფუნქციურ ავეჯზე. შეძენილი ნივთი არა მხოლოდ დასაჯდომი და დასასვენებელი ავეჯი უნდა იყოს, არამედ დამატებით უნდა შეასრულოს რამდენიმე ფუქნცია. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ სათავსოიანი პუფი. ან გრძივი სკამი, რომელიც აღჭურვილია ფეხსაცმლის შესანახი თაროებით.
6. ყურადღება მიაქციეთ კუთხეებს

მათ, ვისაც პატარა ზომის შემოსასვლელი ოთახი გაქვთ, დიზაინერები გირჩევთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ოთახის კუთხეები. იმის გამო, რომ ოთახის ფართობი შეზღუდულია, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ თითოეული სანტიმეტრი. აქედან გამომდინარე, შემოსასვლელში უნდა მოათავსოთ კუთხის სათავსო, რომელიც აღჭურვილი იქნება თაროებით, უჯრებითა და საკიდებით. ნუ შეიძენთ ძალიან მასიურ ეგზემპლარს, უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ მსუბუქ, ელეგანტურ მოდელზე, რომელიც კედლის ჩრდილებს ერწყმის.
7. იატაკზე დასადგამი საკიდები

თუ ბინაში უკვე გაქვთ კარადა, რომელშიც სეზონურ ნივთებს ინახავთ, შემოსასვლელში მარტივად შეგიძლიათ განათავსოთ იატაკზე დასადგამი საკიდი. ეს გახლავთ მასიური ავეჯის იდეალური ალტერნატივა, თანაც, იგი ძალიან პატარა ადგილს დაიკავებს. გარდა ამისა, დასადგამი საკიდი მობილურია და მისი გადატანა ნებისმიერ ადგილას მარტივად შეგიძლიათ, მასზე შეძლებთ დაკიდოთ ნივთები მთელს სიგრძეზე, საკიდის ზედა ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუდისა და სხვა აქსესუარების დასაკიდად.
8. სივრცე კარის ზემოთ

ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს კარს ზემოთ არსებულ სივრცეს ნივთების შესანახად. არა და, აქ შეგიძლიათ გააკეთოთ თაროები ან ანტრესოლები. პირველზე მოათავსოთ ქუდები, ხელთათმანები, შარფები, ჩანთები, მეორეზე კი – სეზონური ტანსაცმელი ან ნივთები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ.
9. კაუჭები

შესასვლელში ტანსაცმლის განსათავსებლად კიდევ ერთი ვარიანტი – სპეციალური კაუჭებია. მათი დამაგრება შეგიძლიათ იატაკიდან სხვადასხვა სიმაღლეზე ისე, რომ ბავშვებიც კი მიწვდნენ მათ. კაუჭების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მათზე არა მხოლოდ ზედა სამოსის ჩამოკიდება შეგიძლიათ, არამედ მათი გამოყენება შეიძლება ქოლგების, ჩანთებისა და შარფების შესანახად. ამ კონსტრუქციის კიდევ ერთი პლიუსი ის გახლავთ, რომ ისინი ძალიან იაფი და ხელმისაწვდომია.
10. კარადა

იმისდა მიუხედავად, რომ კაუჭები და იატაკზე დასადგამი საკიდები გაცილებით ხელმისაწვდომი და კომპაქტურია, ვიდრე სტანდარტული კარადა-კუპე, ისინი მაინც ვერ შეძლებენ შემოსასვლელში სრულყოფილი წესრიგის ორგანიზებას, რადგან მათზე ჩამოკიდული ნივთები უცხო თვალისთვის არ არის დამალული. ამიტომ, თუ შემოსასვლელის ფართობისაშუალებას გაძლევთ მოათავსოთ კარადა, წამითაც არ დააყოვნოთ. ჩვენ გირჩევთ შეარჩიოთ კომპაქტური, მაგრამ ტევადი მოდელი, რომელიც საკმაოდ დაგიზოგავთ სივრცეს. მასში შეძლებთ არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ფეხსაცმელების, ქუდების, ქოლგების და სხვა აქსესუარების შენახვას.