
იაპონელმა არქიტექტორებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ კრეატიულობასა და გამომგონებლობას საზღვარი არ აქვს. ამის ნათელი მტკიცებულებაა The Miyamoto-ს საცხოვრებელი რეზიდენციის პროექტი, რომელიც, გარეგნულად, გაუმჭვირვალე ორსართულიანი შენობაა. როგორც აღმოჩნდა, ეს უცნაური სახლი მოიცავს 13 დონე/სართულს, რომლებიც გაერთიანებული ოთახის ნებისმიერი კუთხიდან ჩანს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ სრულად გახსნილ შიდა სივრცეს არც ტიხრები და არც ცალკეული ოთახები არ აქვს.
სავსებით უჩვეულო ორსართულიანი სახლი განთავსებულია იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდდასახლებულ ქალაქში – ოსაკაში. თუ შენობის ფასადი სულაც არ გამოირჩევა ქალაქის ადგილობრივი არქიტექტურისგან, მისი შიდა სივრცე სავსებით არასტანდარტულია. ეს უჩვეულო აპარტამენტები Tato Architects-მა შეიმუშავა, რომელსაც სამწევრიანმა ახალგაზრდა ოჯახმა მიმართა.
ასეთ უცნაურ დაგეგმარებას კონცეფციის ავტორები იმით ხსნიან, რომ დამკვეთებმა “ითხოვეს საცხოვრებლის ისე დაპროექტება, რომ თავი ერთად ეგრძნოთ – მიუხედავად იმისა, თუ სახლის რომელ ბოლოში იქნებოდა ოჯახის ესა თუ ის წევრი.” რა თქმა უნდა, სტანდარტული სიმაღლის ორსართულიანი სახლისა და 50 კვ.მ. იატაკის ფართობის პირობებში, დამპროექტებლებს დიდი შრომის ჩადება დასჭირდათ ბინაში ყველა საჭირო ზონის მოსათავსებლად. თუმცა, როგორი რთულიც არ უნდა ყოფულიყო, საბოლოო ჯამში გამოვიდა 13-სართულიანი ბინა, რომელთა დონეებს შორისაც სიმაღლე მხოლოდ 70 სმ-ა.
საბოლოო ჯამში, სახლი სართულებშორისი ტიხრების, შიდა კედლებისა და გადახურვის გარეშე დარჩა – ეს ყველაფერი ჩაანაცვლა მრავალფუნქციუმა იარუს-პლატფორმებმა, რომლებიც სპირალურად ადის ზემოთ, დაწყებული მისაღებით და დასრულებული ტერასებით, სახლის სახურავზე. მცირე ზომის პლატფორმები, რომლებიც კიბეებითაა შეერთებული, მინი-ოთახების ან სამუშაო ზონების როლს ასრულებს შესაფერისი აღჭურვილობით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით, ასევე, შეიძლება ტევადი თაროს ფუნქციას ასრულებდეს, ნივთების შესანახავად. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მცირე ზომის სივრცეები არაფრითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი და დახურული ზონები არ გააჩნია.
სააბაზანო ოთახიც კი კარებისა და კედლების გარეშეა. ბევრი თქვენგანი იფიქრებს, თუ როგორაა ეს ყველაფერი შესაძლებელი, თუმცა, არქიტექტორებმა შეძლეს ინტიმური კუთხის ისე განთავსება, რომ მისგან სახლის ნებისმიერი ზონის დანახვა შეიძლება, ხოლო ადამიანი, რომელიც ბანაობს, სახლის არც ერთი წერტილიდან არ ჩანს. სამაგიეროდ, დანარჩენი ოთახები აბსოლუტურად ხილვადია სახლის ნებისმიერი კუთხიდან ან მხრიდან.
თუ, მაგალითად, ოჯახის ერთი წევრი სამზარეულოშია, ხოლო მეორე მისაღებში, ისინი დაუბრკოლებლად დაინახავენ და მოუსმენენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება ამარტივებს ურთიერთობას, თუმცა, ამავდროულად, აბსოლუტურად გვართმევს პირად სივრცეს. თუმცა, ეს დაგეგმარება პირად მოთხოვნილებებზეა მორგებული და კლიენტებს სულაც არ სჭირდებათ ცალკეული სივრცე, პირიქით, ცდილობენ, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ღია იყოს.
თუ ადამიანებს არ აწუხებთ გახსნილობა და მათი სულები ასეთ თავისუფლებას მოითხოვს, რატომ უნდა გადავავსოთ კედლები მასიური კარადებითა და პომპეზური დივნებით? შეიძლება, უბრალოდ იქონიოთ მცირე ფართი მსიაღების ან სასადილოს ნაცვლად და ეს სავსებით საკმარისი იქნება.
ასეთი ორიგინალური სივრცის შესაქმნელად, შემქმნელებს მოუხდათ დამხმარე კონსტრუქციის დამაგრება ქვედა 6 დონეზე, ხოლო დანარჩენი 7 მინი-სართული განლაგდა მეტალის ჩარჩოებზე, რომლებიც საიმედოდაა დამაგრებული ფოლადის ღერძებით სახურავის დირეებში. უნდა ითქვას, რომ მასზე 2 სამკუთხა ღია ტერასის მოწყობა გახდა შესაძლებელი, რადგან მეგაპოლისის მჭიდროდდასახლებულ ადგილებში არ არსებობს ისეთი ფუფუნება, როგორიც პირადი ეზოა.
როგორ უცნაურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ინტერიერი, რომელიც 9-მეტრის სიმაღლისაა, სივრცის ასეთ ორგანიზაციას თავისი პლუსები აქვს. დამეთანხმებით, ძალიან მიმზიდველია ასეთი სახლი, განსაკუთრებით, შემოქმედებითი ადამიანისთვის, რომლის სულიც მუდმივ ცვლილებებს მოითხოვს. ღია სივრცეებზე შესაძლებელია უსასრულო გადაგეგმარების გაკეთება, დიდი ხარჯების გარეშე.
გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ სამზარეულო და სააბაზანო, რამდენადაც ისინი სანტექნიკური კომუნიკაციებითაა დაკავშირებული. ასეთი დაგეგმარების ცქერისას ხვდებით, რომ კედლებისა და ტიხრების არარსებობა დადებითად მოქმედებს მზის სხივების შემოღწევაზეც – მას ხომ ხელს არაფერი უშლის, გაავსოს სახლი სითბოთი და ბუნებრივი ენერგიით.
თანამედროვე იაპონია გვაოცებს თავისი არაორდინალური არქიტექტურული გადაწყვეტილებებითა და უნიკალური მოწყობილობებით. ყოველწლიურად, აქ სულ ახალი და ახალი კონცეფციები ჩნდება, რომლებიც უკვე აღარ ჩერდება სრულად შემინულ ფასადებსა და “მცურავ” კონსტრუქციებზე.