
ურბანიზაციის საუკუნეში, როცა ადამიანი უკვე პრაქტიკულად ვეღარ ხედავს ცოცხალ ბუნებას, სულ უფრო პოპულარული ხდება ეკო-პროექტები, რომლებსაც თანამედროვე კომპანიები ქმნიან. მწვანე არქიტექტურა ახალი თაობის სახლების შენების მიმდინარეობად იქცა, რომელიც უკვე ახლა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბეტონისა და შუშის კონსტრუქციებისგან. იმ უნიკალური პროექტების მიხედვით, რომლებიც ჰოლანდიურმა კომპანია OAS1S ™-მ წარმოადგინა, სწორედ ასეთი სახლები იქნება მომავალში.
ფონდი OAS1S ™-ი, რომელიც დააარსა ჰოლანდიელმა დიზაინერმა და არქიტექტორმა, რაიმონდ დე ჰულუმ, ლიდერი კომპანიაა მწვანე არქიტექტურის პრინციპების შემუშავებასა და დანერგვაში. სეხნია პროექტი OAS1S, შექმნილი ფონდის სპეციალისტების მიერ, თვალსაჩინოს ხდის ავტორების მისწრაფებას, გააერთიანონ ბუნება ქალაქის ძალიან რთულ ინფრასტრუქტურასთან, თანაც, მოულოდნელად თამამი კომბინაციებით.
ამ კონცეფციის მთავარ დევიზად იქცა გამოთქმა С2С (cradle-to-cradle), რაც ნიშნავს “დაარწე, რომ დაგარწოს”. ეს სიტყვები მკვეთრად უსვამს ხაზს ახალ ფორმაციის ჩამოყალიბებისადმი მიდგომას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა და სუპერეფექტურ სისტემაში გაერთიანდა.
თავიანთ პროექტში, ავტორები გვთავაზობენ ქალაქის პარკებში სრულყოფილი საცხოვრებელი კვარტლების აშენებას, თანაც ხეების მოუჭრელად, ისე, რომ სახლები ბუნების სტრუქტურაში გააერთიანონ. ისინი ჰარმონიულად შეერწყმება და შეავსებს ბუნებრივ ლანდშაფტს, არ შეცვლის მას.
ასეთი მშენებლობისთვის იგეგმება ვერტიკალური გამწვანების ტექნოლოგიის გამოყენება, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი დიზაინერულ წრეში, თავისი პრაქტიკულობითა და ნატურალურობით. პარკის ზონების რესურსები მინიმალურად რომ გამოიყენონ, ეს სახლები მიწის ძალიან მწირ მონაკვეთს დაიკავებს, სამაგიეროდ, მაღალი იქნება. ეს საშუალებას იძლევა, გაზარდოს საცხოვრებელი სივრცე 160 მ²-მდე.
სტანდარტულ აპარტამენტებს 4 სართული ექნება, რომლებიც უზარმაზარი ფანჯრებით, ლოჯიებითა და აივნებით იქნება აღჭურვილი, ასევე, ექნება შუშის სახურავი, რაც არამხოლოდ ბუნებით ტკობის, არამედ დღის განმავლობაში ბუნებრივი განათების საშუალებასაც მისცემს მაცხოვრებლებს. ამასთან, გარე კედლებს სრულად “ცოცხალს” გახდიან, რაც შენობის დათბობისა და ქალაქის მწვანე ზონის გამწვანების საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, მათ, ვინც ასეთ ეგზოტიკურ კვარტალში დასახლება გადაწყვიტეს, უარი უნდა თქვან ავტომობილების გამოყენებაზეც. თუმცა, ასეთი დისკომფორტი კომპენსირდება სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ეკო-სახლები გარემოს მაქსიმალურად რომ შეერწყას, მათ ავტონომური ელექტრო- და წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ. ამისთვის მზის ბატარეებსა და ბოილერებს, სითბოს ტუმბოებსა და ვენტილატორებს, ფილტრებსა და წყლის მეორადი გადამუშავების სისტემებს დაამონტაჟებენ.
OAS1S-ის სამშენებლო მასალად ხის მასალების ნარჩენები, მაღალხარისხიანი ორგანული თბოიზოლაცია და სამმაგი მინაპაკეტები გამოიყენება. სახლს ექნება მწვანე ფასადი და ხმის მაღალხარისხიანი იზოლაცია. ფასების შესამცირებლად და ამ პროექტისთვის მიმზიდველობის მოსამატებლად, ავტორები გვთავაზობენ, მსურველებმა და მიწის მფლობელებმა ხარჯები გაიყონ.