როგორ ამოვიყვანოთ ბრილიანტის მწვანე სითხის ლაქები სხვადასხვა ზედაპირიდან

ბრილიანტის მწვანე – სასარგებლო და, რიგ შემთხვევებში, საჭირო ნივთიც კია. თუმცა, მას უდიდესი ნაკლი აქვს – ყველაფერს მარტივად სვრის, რასთანაც კონტაქტში შედის. ამის თავიდან აცილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, როგორ ამოიყვანოთ მისი ლაქები სხვადასხვა ზედაპირიდან. გადავხედოთ ყველაზე უფრო ეფექტურ მეთოდებს.

1. კანი

ბრილიანტის მწვანე ხსნარი ადამიანის კანზე დამახასიათებელ ლაქებს ტოვებს. იგი ძალიან დიდხანს არ ამოდის. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ – ესაა ლიმონის ახლადდაწურული წვენის შეზელა. შეგიძლიათ, კანზე პირდაპირ ლიმონი გადაატაროთ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი ლოსიონი და წაისვათ იგი ბამბის დისკით. დაბოლოს, შეგიძლიათ სპირტის შემცველი საშუალება გამოიყენოთ. საუკეთესო საშუალებაა უშუალოდ სპირტი ან არაყი, ასევე, დახმარება შეუძლია ნამიან ხელსახოცებსაც.

2. ტანსაცმელი

ხშირად, ხსნარი სხვადასხვა ტანსაცმელზე ხვდება. მასთან გამკლავება, რეალურად, რთული არაა. უბრალოდ ჩართეთ საქმეში ლაქების ამომყვანი და კარგად გაავლეთ ტანსაცმელი მისი გამოყენების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში დაგეხმარებათ წყალბადის ზეჟანგი, ძმარი და წყალი. ბოლო ორი საშუალება, უმჯობესია, მხოლოდ ტექსტილურ მასალებზე გამოიყენოთ.

3. ტყავი

მწვანე ხსნარის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მას ტყავის ნაკეთობები კარგად იწოვს. ამ შემთხვევაში, ლაქების მოშორება ძალიან რთული იქნება. თუ ტყავი სულ ცოტა ხნის წინ დაისვარა, მაშინ ეცადეთ სპირტის გამოყენება. თუმცა, ყველაზე კარგი ვარიანტი ფერადი ლაქების ამომყვანია. ქიმიური ნივთიერებები წყალში ფაფის მდგომარეობამდე იხსნება, რის შემდეგაც, მიღებული სქელი მასა უნდა წაუსვათ ლაქას და მსუბუქი მოძრაობებით გახეხოთ. მაშინვე მოაშორეთ მასა ტყავს ხელსახოცით.

4. ქსოვილის ფეხსაცმელი

ამ ნაკეთობებიდან ხსნარის ამოყვანაში დაგეხმარებათ წყალბადის ზეჟანგი, სამედიცინო სპირტი, სოდის ხსნარი და საკვები ძმარი. ყველა ხსნარი მზადდება 1:1 პროპორციით, რის შემდეგაც უშუალოდ ლაქაზე დაიტანება. ასევე, შეგიძლიათ წყლისა და სახამებლისგან საწმენდი ფაფა მოამზადოთ.

5. ხალიჩა

ამ სიტუაციაში, საუკეთესო დამხმარეებია ნიშადურის სპირტი და წყალბადის ზეჟანგი. ორივე ნივთიერება ხსნარს თითქმის დაუყოვნებლივ ანეიტრალებს. სულ 2-5 წუთით უნდა დაელოდოთ. პროცედურის დასაჩქარებლად რეკომენდებულია, რეაქტივების დატანებისთანავე, ლაქას დაადოთ სუფთა ქსოვილი.

6. პარკეტი

დაბოლოს, თუ მწვანე ხსნარის ამოყვანა პარკეტიდან დაგჭირდათ, უმჯობესია, ეს ლიმონმჟავით გააკეთოთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სარეცხი ფხვნილის გამოყენებაც. უბრალოდ გაწმინდეთ ლაქა კიდეებიდან შუაგულამდე. ეს გააკეთეთ იმისთვის, რომ ლაქა არ გაიზარდოს.