
ბევრი ადამიანი ცდილობს ტყავის ნაკეთობებისთვის თავის არიდებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეშინია, არ მოატყუონ და ნატურალური ტყავის ნაცვლად, ტყავის შემცვლელი არ შეასაღონ. რეალურად, ამაში რთული არაფერია. ცოდნისა და უნარების ქონა ამ საკითხში ძალიან სასარგებლოა, რადგან ჩვენს დროში ყოველთვის არ შეიძლება იმ იარლიყების ნდობა, რომლებსაც ფეხსაცმელებზე, ტანსაცმელსა და ავეჯზეც კი ვხედავთ.
რა უნდა იცოდეთ ნატურალური ტყავის შესახებ
ტყავის ნაკეთობების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს მწარმოებლის მიერ გამოყენებული ნედლეულის მიხედვით. ყველაზე ხშირად, გამოიყენება მსხვილი რქოსანი პირუტყვის, ცხენის, სირაქლემას, ნიანგისა და ზოგიერთი სხვა ცხოველის ტყავი.
გარდა ამისა, ტყავის ხარისხზე ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს ნივთიერებებიც, რომლებიც მისი დამუშავების პროცესში გამოიყენეს. დღეს, ყველაზე ხშირად, იყენებენ სინთეტიკურ ან კომბინირებულ შემადგენლობებს.
დაბოლოს, ტყავის ხარისხზე გავლენას ახდენს მისი დამუშავების მეთოდიც, მაგალითად, ნედლდამუშავების ან თრიმლვის მეთოდი. შედეგად, დამუშავების შემდეგ, ტყავი იძენს მისთვის თავიდან არადამახასიათებელ თვისებებს: ელასტიურობას, წყალგამძლეობას, მაღალ მედეგობას, სითბოს დაბალ გამტარობას.
რა უნდა იცოდეთ სინთეტიკური ტყავის შესახებ
ადრე დერმატინის გარჩევა მარტივად შეიძლებოდა დამახასიათებელი სუნით, თუმცა ახლა მწარმოებლებმა ისწავლეს ისეთი დაუჯერებლად ხარისხიანი შემცვლელის დამზადება, რომელიც ძალიან ჰგავს ნატურალურ პროდუქტს. მთავარი, რაც სინთეტიკური მასალის შესახებ უნდა იცოდეს, ისაა, რომ იგი არანაკლებ გამძლეა, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და, ზოგიერთ ასპექტში, სჯობს კიდევაც ნატურალურ მასალებს. ამ ყველაფრის მიღწევა შემცვლელში ნატურალური ელემენტების დამატებითაა შესაზლებელი. ტყავის შემცვლელი კარგად ატარებს ჰაერს და არ დეფორმირდება ყინვისას.
როგორ განვასხვავოთ ნატურალური ტყავი ტყავის შემცვლელისგან
თვითონ მაღაზიაში არავინ მოგცემთ ტყავის ნატურალურობის შემოწმების საშუალებას “ხალხური მეთოდებით”, მაგალითად, სანთებელას გამოყენებით. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რომლებზეც ყურადღება განსაკუთრებით უნდა გაამახვილოთ, რათა მასალა ეფექტურად გაარჩიოთ.
მაშ ასე, ხელოვნური ტყავი ოდნავ იწელება და სინთეტიკურ ქსოვილს გვაგონებს. იგი რბილი და მოქნილია. ტყავის შემცვლელი, როგორც წესი, გაცილებით თხელია, ვიდრე ნატურალური ტყავი. ეს თვალსაჩინო იქნება დაუცველი ჩაჭრის ადგილებში. თუ ხელთ ლუპა გაქვთ, დააკვირდით ტყავს ფორებზე. თუ პატარა წერტილები აქვს, ესე იგი, ეს ნატურალური პროდუქტია.
აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ფერზე. ნატურალური მასალის გახეხვის დროს, იგი ფერს არ შეიცვლის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია თბომიმოცვლა. ნატურალური ტყავი სწრაფად თბება ადამიანის ხელზეც კი. ხელოვნური კი თითქმის არასდროს თბება.