ყვითელი ფერის მზიანი ფუფუნება: ახალი მზერა სააბაზანოს ინტერიერზე

შემოდგომის დადგომა – შესანიშნავი დროა მთელ სახლში დეკორაციების შესაცვლელად, ინტერიერის გასაახლებლად და გამოსაცოცხლებლად. ამისთვის კი მოგიწევთ, უარი თქვათ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე, რომელთა მიხედვითაც, სააბაზანოები, ძირითადად, ცისფე, მწვანე ან თეთრ ფერებში ფორმდება. გთავაზობთ ოთახის იმ სინათლითა და სითბოთი გავსებას, რომელსაც ყვითელი ფერი ასხივებს.

მაშინ, როცა ზოგიერთი ელფერის პოპულარობა დამოკიდებულია მოდაზე, არსებობს რამდენიმე ფერი, რომლებიც მომგებიანად გამოიყურება მთელი წლის განმავლობაში და არასდროს ქრება ინტერიერის ფერთა პალიტრიდან. მათ ყვითელიც მიეკუთვნება. იგი უჩვეულოდ პოპულარულია, რადგან, თუ სწორად გამოიყენებთ, ეს ფერი ავსებს მოსაწყენ, ბნელ ოთახს ხალისითა და ბედნიერებით. სამწუხაროა, რომ სააბაზანო ოთახების ინტერიერებში მას არც ისე ხშირად იყენებენ.

სტილებისგან შორს

ყვითელი ფერის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი შესანიშნავად ერგება ნებისმიერ სტილსა და თემას, რომელიც სააბაზანოში უკვე არსებობს. ყველაფერი ეს ხდება იმ ელფერთა უდიდესი მრავალფეროვნების დამსახურებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ იგი, როგორც მომადუნებელი ფერი ან მკვეთრი აქცენტი, რომელიც ყურადღებას იქცევს. ბოლო წლებში დაუჯერებელი პოპულარობა მოიპოვა ნაცრისფერმა, თუმცა ყვითელი მზადაა, მას ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

კლასიკა და მარადიულობა

სააბაზანო ოთახების ინტერიერების დიზაინში კიდევ ერთი უახლესი ტრენდია წარსულის სხვადასხვა ელემენტის აღრევა. დიზაინერები სიამოვნებით მიმართავენ არტ-დეკოს, შუასაუკუნოვან ან ვინტაჟურ სტილებს, რათა ინტერიერს უნიკალური იერი მიანიჭონ. ყვითელი ფერი ამ ყველაფერს საუკეთესოდ უხდება. როგორც წესი, ტრადიციულ აბაზანებს ღია ყვითელ ტონებში აფორმებენ, ხოლო თანამედროვეებისთვის უფრო გაჯერებული ფერია უკეთესი.

მზის ამბორი

ექსპერიმენტები შეგიძლიათ დაიწყოთ არა სრულად ფერთა გამის, არამედ უბრალო აქცენტების შეცვლით. შავ-თეთრი სააბაზანო შესანიშნავი ადგილია ფანტაზიისა და კრეატიულობის გამოსავლენად, ყვითელი ელემენტების შერჩევისთვის.

ამ შემთხვევაში, უბრალო ყვითელი პირსახოცებიც კი სრულად შეცვლის ატმოსფეროს. ყვითელი აქცენტური კედელი, სკამი – ნებისმიერი ვარიანტი კარგია. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ სიმეტრიული და ელეგანტური იერისთვის, ფერი რამდენიმე ადგილას უნდა გამოიყენოთ.