
როგორ გავხადოთ პატარა ინტერიერი ვიზუალურად ვრცელი? ფუნქციურობასა და სილამაზეს შორის კომპრომისის პოვნაში დაგეხმარებათ გამჭვირვალე ავეჯი. იგი არ ხლართავს სივრცეს, ოთახს ვიზუალურად ადიდებს და ძალიან ეფექტურად გამოიყურება. ჩვენ ყველაზე უჩვეულ და კრეატიული მოდელები შევარჩიეთ, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ.
სავარძელი, რომელიც არ არის
მოსახერხებელია თუ არა ჯდომა უხილავ სავარძელზე? იაპონურმა დიზაინურმა სტუდია Nendo-მ შექმნა ავეჯი, რომლის დანახვაც მარტივი არაა, სამაგიეროდ, მასზე ნამდვილად მოდუნდებით. ავეჯი დამზადებულია გამჭვირვალე ელასტიური პოლიურეთანისგან. ასეთ მასალას სხვადასხვა საქონლის შესაფუთავად იყენებენ.
სავარძელს სამკუთხედის ფორმა აქვს, რაც მის კუთხეში დადგმის შესაძლებლობას იძლევა. ეს ნივთი შექმნილია დასვენებისა და მოდუნებისთვის – სავარძელი სრულად იმეორებს ადამიანის სხეულის მოძრაობებს. ხოლო როცა მისგან დგებიან, ისევ პირვანდელ ფორმას იღებს.
სკამი ფეხების გარეშე
იაპონიაში კვადრატული მეტრების მწვავე დეფიციტი საინტერესო იდეებს შობს. კიდევ ერთი ორიგინალური ავეჯი Nendo-სგან – ჰაერში გამოკიდებული სკამი მინიმალისტურ სტილში. მისი ზედა ნაწილი ხისგან, ხოლო ფეხები – აკრილისგანაა დამზადებული. ზემოდან ისინი ჩანს, ხოლო ქვემოთკენ თითქოს ქრება. ასეთი ეფექტის გამო ჩანს, რომ სკამი ჰაერშია გამოკიდებული.
ავეჯი საწარმოო შუშისგან
შუშის ვიზუალური სიმსუბუქე შთააგონებს გერმანელ დიზაინერ კონსტანტიკ გრჩიკს (Konstantin Grcic) უბრალო, თუმცა ფუნქციური ავეჯის შექმნას. ექსკლუზიური ობიექტები აწყობილია საწარმოო შუშისგან.
არაფერი ზედმეტი: შუშის დივანი
მკაცრი, თავშეკავებული და მამაკაცური – ასე შეიძლება Diapositive collection-ის შუშის დივნის დახასიათება. დიზაინერებს სჯერათ, რომ ავეჯი უნდა იყოს მოდური, ფუნქციური და მინიმალისტური. მათი აზრით, მსგავსი შუშის ნივთები შესანიშნავად ზოგავს ადგილს, განსხვავებით მოცულობითი კლასიკური დივნებისგან.
თითქმის ბროლი
იაპონელმა დიზაინერმა ტოკუჯინ იოშიკამ შექმნა ინტერიერის ლამაზი ნივთები, რომლებიც გარეგნულად ბროლის ნაკეთობებს გვაგონებს. რეალურად, ისინი პოლიკარბონატისგანაა დამზადებული. მას მაღალი წნევის ქვეშ ამუშავებენ, დაუჯერებლად საინტერესო ეფექტის მისაღწევად. ასეთ ნივთებზე მოხვედრილი შუქი ტყდება და მრავლდება, თითქოს ელვარებს. სწორედ ეს სჭირდება მცირე ზომის ბინებს, სივრცის ვიზუალურად გადიდებისთვის.
მეორე სიცოცხლე ნაგვისთვის
ეს ფერადფენიანი მაგიდა იმ მასალების მეორადი დამუშავების შედეგია, რომლებიც ნაგავსაყრელზე გადაყარეს. იტალიელმა დიზაინერმა ალბერტო ბიანჯეტიმ გამოყენება უპოვა “უსარგებლო” ხეს, პლასტმასს, ლატუნსა და სპილენძს. ამის წყალობით, ავეჯი ბიუჯეტური, თუმცა მიმზიდველი გამოვიდა.
საწოლი ვიტრაჟული შუშისგან
საკმაოდ უჩვეულოდ და ლამაზად გამოიყურება ავეჯი, რომელიც ხელით, ვიტრაჟებისგანაა დამზადებული. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ იგი სივრცეს ზოგავს, თუმცა საძინებლის ინტერიერში მკვეთრ აქცენტად ნამდვილად იქცევა.
რატომ უნდა შეარჩიოთ გამჭვირვალე ავეჯი?
- გამჭვირვალე ავეჯი მარტივად ერგება ინტერიერს.
- მას მრავალფეროვანი ფერთა და ფორმათა არჩევანი აქვს.
- ასეთი ნივთები ინტერიერში მსუბუქ ატმოსფეროს ქმნის.
- ასრულებს თავის ფუნქციურ დანიშნულებას და განტვირთავს სივრცეს.
- მცირე ოთახს ვიზუალურად ადიდებს.
- გამჭვირვალე ავეჯი ყოველთვის მოდურად და უჩვეულოდ გამოიყურება, იგი ინტერიერს ინდივიდუალურად და განსაკუთრებულად აქცევს.
მოგწონთ ასეთი ავეჯი?