
საერთაშორისო ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე, სულ უფრო ხშირად ჩნდება საუბრები მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობაზე. ამერიკული შტატის, კენტუკის ბიზნესმენებმა კი, თითქოს სპეციალურად ახლა, გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებენ ნოეს კიდობნის აშენებას, თუმცა, არა არმაგედონისგან გადასარჩენად, არამედ იმ გასართობი პარკის ექსპონატის სახით, რომელიც ბიბლიურ თემატიკას მიეძღვნება.
ეს არაა პირველი შემთხვევა ლეგენდარული გიგანტური ხომალდის იდეის რეანიმაციისა. დღეს ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე ყველაზე ცნობილ ვარიაციას ნოეს კიდობნის თემაზე.
ნოეს კიდობანი გასართობ პარკში. კენტუკი, აშშ
მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო თემატური პარკების სიას სულ რამდენიმე წლის წინ შეუერთდა დაწესებულება Ark Encounter, რომელიც ამერიკულ შტატ კენტუკიში ააშენეს.
ბიბლიური თემატიკის პარკის იდეა ნოეს კიდობნით, როგორც მთავარი ექსპონატით, მეწარმე კენ ჰემს მოუვიდა. თუმცა, ამდენად მასშტაბური პროექტის რეალიზებისთვის საჭირო სახსრები არ ჰქონდა. ამიტომ, გადაწყვიტა მთელი მსოფლიოსთვის მიემართა თხოვნით, შეეწირათ ფული ამ კეთილშობილური პროექტისთვის.
მხოლოდ კიდობნის აშენება კენ ჰემმა 24.5 მლნ დოლარად შეაფასა. დროთა განმავლობაში, შემოწირულობებით მოგროვდა თითქმის 15 მილიონი დოლარი. საწყისი კაპიტალის არსებობის წყალობით, ლეგენდარული ხომალდის მშენებლობა დაიწყო და 2016 წელს დასრულდა.
ნოეს კიდობნის მნახველებისგან შემოსული თანხით Ark Encounter-ის პარკის მშენებლობა გაგრძელდა და მასში სხვა ბიბლიური ისტორიებიცაა ვიზუალიზებული. პროექტის საერთო ღირებულება 260 მლნ დოლარს შეადგენდა.
ორი კიდობანი ნიდერლანდებში
თუ კენტუკიში კიდობანი მხოლოდ 2016 წელს გაჩნდა, ნიდერლანდებში ასეთი ორი იყო. ორივე უზარმაზარი ხომალდი ბიბლიური ისტორიის მოტივებზე იყო აგებული, მასობრივი წყალდიდობის შესახებ.
ეს ობიექტები, რომლებსაც Ark van Johan-ი ეწოდება, შექმნილი იყო ჰოლანდიელი კრეაციონისტის(სამყაროს შექმნის ბიბლიური თეორიის მომხრე), იონა ჰიუბერსის შეკვეთოთ. ამ ღვთისმოსავმა ადამიანმა გადაწყვიტა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ბიბლიაში აღწერილი ტიპის ხომალდის არსებობა სავსებით შესაძლებელია.
2007 წელს ნოეს კიდობნის შემცირებული, ხოლო 2011-ში – სრული ვერსია გაჩნდა, 135 მეტრის სიგრძით. მისი ნახვა ჰოლანდიის ქალაქ დორდეხტშია შესაძლებელი. შიგნით სტუმრები ნახავენ იმ ცხოველების ფიგურებს, რომლებიც, ბიბლიის თანახმად, ბორტზე ნოემ ამოიყვანა, რათა ისინი მასობრივი წყალდიდობისგან ეხსნა.
ნოეს კიდობანი ჰონგ-კონგში
ნოეს კიდობნის კიდევ ერთი წარმატებული რეკონსტრუქცია 2009 წლის მაისში, ჰონგ-კონგში გაჩნდა. ამ აზიურ ქალაქში უკვე განახორციელეს იდეა ქრისტიანული თემატიკური პარკის შესახებ, რომლის მთავარი ელემენტიც სწორედ ეს გიგანტური ხომალდი იყო. პროექტი ქალაქის ოთხი უზარმაზარი ქრისტიანული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
გასართობი პარკი Noah’s Ark სტუმრებს საშუალებას აძლევს, ბიბლიური ისტორიების სამყაროში ჩაეშვან. ეს პროექტი, პირველ რიგში, სპეციალური ხასიათისაა და სულაც არაა დაკავშირებული ფინანსურ შემოსავალთან. მისი მთავარი მიზანია, სტუმრებს ტრადიციული შეხედულება შეუქმნას ოჯახურ და საზოგადოებრივ ფასეულობებზე.
Noah’s Ark-ის ტერიტორიაზე შეგიძლიათ იხილოთ მრავალი საინტერესო ინტერაქტიული ექსპოზიცია, გასართობი ატრაქციონი, ექსპოცენტრი, უზარმაზარი პარკი, სასტუმრო და ჰოსტელი.
მოცურავე ქალაქი წყნარ ოკეანეში
თუმცა, საცხოვრებელ მოცურავე ობიექტებს შორის ყველაზე მასშტაბურ პროექტს იაპონია გვთავაზობს. ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია რეალიზდა იდეა ხმელეთის გადიდების შესახებ – იაპონელებს არ ჰყოფნით არსებული ტერიტორიები. ხოოლო 2025 წლისთვის, ამომავალი მზის ქვეყნის კომპანია Shimizu Corporation გეგმავს, წყნარ ოკეანეში ჩაუშვას პირველი მოცურავე კუნძული, რომლის ზომებიც მთელ ქალაქს მოიცავს.
Shimizu Corporation-ის მოცურავე სახლები მრავალი მოდულისგან იქნება შემდგარი, რომელთა გაერთიანებაც შესაძლებელი იქნება უზარმაზარ არქიპელაგებად, 50-100 ათასამდე ადამიანის დასატევად.
აქ იქნება საცხოვრებელი რაიონებიც, საწარმოო ტერიტორიებიც და ფერმებიც ნატურალური პროდუქტის მოსაყვანად, დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების საკვებით უზრუნველსაყოფად.
კორპორაცია Shimizu Corporation თავის ახალ პროექტს უწოდებს “ნოეს იაპონურ კიდობანს” იმის მოლოდინში, რომ სამომავლოდ ეს მოცურავე კუნძულები ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების წინაშე მდგარი მსოფლიოს სტაბილურობის ცენტრი შეიძლება გახდეს. უახლოეს მომავალში კი, ასეთი ობიექტები დასჭირდებათ წყნარი ოკეანის კუნძულზე მდებარე კირიბატის რესპუბლიკას, რომელიც შეუჩერებლად იძირება წყალში.