ფანჯრის რაფის გამოყენება ფუნქციურად: იდეები და რჩევები

პატარა ბინაში საკმაოდ რთულია სივრცის ორგანიზება ისე, რომ იგი მყუდრო და, ამავდროულად, მაქსიმალურად ფუნქციურიც იყოს. გამოსავალი ერთია – ყოველ სანტიმეტრს მიუდგეთ გონივრულად და კრეატიულად.

დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 10 სუპერიდეას ფანჯრის რაფის ფუნქციური მოწყობისთვის.

რაფის დიზაინი

-“რაფა – ეს ათასი წვრილმანისა და გამხმარი ყვავილების შესანახავი ადგილი კი არა, სახლისთვის ნამდვილი მონაპოვარია!” – ამბობს ჩემი ნაცნობი არქიტექტორი ამ საკითხე. მე მას სავსებით ვეთანხმები.

როგორ გამოვიყენოთ რაფა

1. თუ პატარა სამზარეულო გაქვთ, ფანჯრის ზონა გამოიყენეთ სამუშაო ზედაპირის სახით. ტიპუურ სახლებში, ფანჯრის რაფა ხომ სამზარეულოს გარნიტურის დონეზეა. ამრიგად, ფანჯრის რაფა მისი ლოგიკური გაგრძელება შეიძლება იყოს.

2. არ გაქვთ ბარის სადგამის დამონტაჟების ადგილი, მაგრამ ძალიან გინდათ ბინაში ეს მოსახერხებელი ელემენტი? ნუ ჩაიქნევთ ხელს, რადგან ამ ავეჯის როლს მარტივად შეასრულებს ფანჯრის რაფა.

თუმცა, აქ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა გაითვალისწინოთ. პლასტმასის რაფა ბარის სადგამს ვერ შეეფერება, რამდენადაც ეს მასალა ვერ იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს. გარდა ამისა, მის ზედაპირზე მარტივად ჩნდება კვალები.

უმჯობესია, შეუკვეთოთ არაგანიერი ზედაპირი, რომელიც ფერით თქვენს სამზარეულოს ავეჯს უხდება.

3. გჭირდებათ დამატებითი ადგილი დასვენებისთვის? გააკეთეთ ფანჯრის ქვეშ დივანი. რაფის დიზაინი მოგაგონებთ ქუჩის გრძელ სკამს, რომელზეც ბალიშები უნდა დადოთ მეტი კომფორტისთვის.

4. რაფის გამოყენება შეგიძლიათ, როგორც სასადილო ზონად, ძალიან პატარა სამზარეულოში, სადაც არ ეტევა მაგიდა.

5. ფანჯრის რაფაში შეიძლება ნიჟარის ჩამონტაჟება. ამ შემთხვევაში, მილები უშუალოდ ნიჟარის ქვეშ უნდა იყოს.

შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც უყვარს მომზადება და სამზარეულოში დიდ დროს ატარებს.

6. ფანჯრის რაფა – შესანიშნავი ადგილია საყვარელი წიგნების წასაკითხავად.

7. თუ კედლის სისქე 50 სანტიმეტრზე მეტია, შეგიძლიათ, რაფა აქციოთ საწერ მაგიდად. მის ქვემოთ არსებულ სივრცეს კი ტუმბოებისა და უჯრებისთვის გამოიყენებთ.

8. საძინებლის ფანჯრის რაფა შეგიძლიათ არამხოლოდ მაგიდად, საშინაო ოფისად ან წიგნის საკითხავ კუთხედ, არამედ ტუალეტის მაგიდის ზონადაც აქციოთ. დღის ბუნებრივი განათების პირობებში, მაკიაჟის გაკეთება გაცილებით მარტივია.

9. შესანიშნავი ადგილი დასასვენებლად, განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში.

10. ყოველთვის არაა რაფის გადაკეთება შესაძლებელი(მაგ. ნაქირავებ ბინაში).

თუმცა, სავსებით შესაძლებელია მისი ქცევა აქსესუარებისა და სხვა ნივთების შესანახავ ადგილად. იქნებ, ეს იქნება თარო წიგნების შესანახავად?

ან, მოათავსეთ მასზე საყვარელი ქანდაკებები და თოჯინები. ყველაფერი თქვენს პრიორიტეტებზეა დამოკიდებული.

თქვენ როგორ იყენებთ ფანჯრის რაფას?