12 ეშმაკობა მათთვის, ვისაც დალაგების დრო არ აქვს, ან უბრალოდ ეზარება

სისუფთავის იმიტირება, როცა დალაგების დრო არ გაქვთ, არც ისე რთულია. საკმარისია იმის ცოდნა, თუ სად დამალოთ ბინძური ან დაუუთოვებელი ტანსაცმელი, შეინახოთ ინვენტარი ხელმისაწვდომ ადგილზე, ყველა ნივთს თავისი ადგილი უპოვოთ და მიჰყვეთ სხვა რეკომენდაციების ჩვენი სტატიიდან.

1. შეინახეთ ინვენტარი ხელმისაწვდომ ადგილზე

თუ ტილოები, ღრუბლები, ფხვნილები და სხვა საშუალებები საწყობში, ცხრაკლიტულის მიღმაა შენახული, ვერასდროს შეძლებთ გონების მოკრებას და დალაგების დაწყებას. ამიტომ, პირველ რიგში, ისე უნდა მოაწყოთ ყველაფერი, რომ ინვენტარი ყოველთვის ხელთ გქონდეთ. მაგალითად, აბაზანის საწმენდი საშუალებები შეინახეთ ამავე ოთახში, ტილოები და ღრუბლები – სამზარეულოს უჯრაში, ბინძური ტანსაცმელი – სარეცხი მანქანის გვერდით, კალათში და ა.შ.

როცა საწმენდ საშუალებებს დაინახავთ, მოგინდებათ წვრილმანი საქმეების კეთებაც, ასე კი სახლი მუდმივად დალაგებული იქნება.

2. მოიმარაგეთ ტექსტილების შემცვლელი კომპლექტები

ხანდახან, დალაგებული ოთახის შთაბეჭდილების შესაქმნელად, საკმარისია უბრალოდ ბინძური ტექსტილის სუფთით შეცვლა, რათა ბინა სისუფთავის სუნით გაივსოს. ამიტომ მოიმარაგეთ სათადარიგო პირსახოცები, საწოლის თეთრეული, დამატებითი სუფრა, სააბაზანო ოთახის თაროზე კი მოათავსეთ სუფთა საშხაპე ფარდა და ხალიჩები.

3. შეიძინეთ ორმხრივი ტექსტილი

კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უფრო მეტხანს არ დაალაგოთ – ორმხრივი ტექსტილი. საუბარია ხალიჩებზე, ზეწრებზე, საბნისპირებზე, საბნებზე, დეკორატიულ ბალიშებსა და მსგავს ელემენტებზე. როცა მოულოდნელად სტუმრები “დაგატყდნენ თავს”, ხოლო ბინა არ დაგილაგებიათ, უბრალოდ გადააბრუნეთ ქსოვილები, რომლებიც ჩანს, და შექმენით სისუფთავის ზედაპირული ატმოსფერო მაინც.

4. გამოიყენეთ ქაღალდის ხელსახოცები

ქაღალდის ხელსახოცები – მრავალფუნქციური ნივთია, ამიტომ ისინი ყველა სახლში უნდა იყოს. გოგონები, რომლებიც ამ ნივთს ყოველდღიურობაში იყენებენ, გაცილებით იშვიათად რეცხავენ სამზარეულოს პირსახოცებს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ბაქტერია გროვდება სველ ქსოვილის ტილოებზე, დაასკვნით, რომ ქაღალდის გამოყენება გაცილებით ჰიგიენურია.

5. დარწმუნდით, რომ სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს

უწესრიგობის ერთ-ერთი პირველი წესის თანახმად, თუ ნივთს ადგილი არ აქვს, იგი მუდმივად დაიკარგება და ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დაგხვდებათ. მაგალითად, თუ გასაღებების საკიდს არ შეიძენთ, ისინი მუდმივად დაიკარგება. ამიტომ, ეცადეთ, ყველა წვრილმანს უპოვოთ ადგილი ბინაში, რათა არ მოგიხდეთ ძვირფასი დროის მუდმივი ფლანგვა საჭირო ნივთების ძებნაში. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, ნივთები მთელ ბინაში არ მიმოიყრება, რაც დალაგების დროსაც შეამცირებს.

6. დამალეთ დასაუთოვებელი თეთრეული

ჩვეულებრივ, საწოლის თეთრეულის დაუთოვება ძალიან დიდ დროს მოითხოვს, რომლის გამოყოფაც ყოველთვის არ შეგვიძლია. ამის გამო, შემდეგ რჩევას გთავაზობთ: გამოყეთ გარეცხილი, თუმცა დასაუთოვებელი თეთრეულისთვის თარო კარადაში ან ცალკე კალათი. ამ შემთხვევაში, თქვენს ბინაში აღარ იქნება იმ ნივთების ბორცვი, რომელიც მოგვიანებით უნდა დააუთოვოთ. ხოლო როცა თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ყველაფერს დააუთოვებთ ერთბაშად და თეთრეულის კომპლექტების ცალკეული ნაწილების ძებნა არ მოგიწევთ სახლის სხვადასხვა კუთხეში.

7. აღნიშნეთ პრობლემური ზონები

სამუშაო მაგიდა, საწოლის ტუმბო, კარადა – ეს და სხვა მრავალი ზონა, ძირითადად, ყველაზე პრობლემურია, რადგან სწორედ აქ ვყრით ნივთებს, რომლებსაც ადგილი ვერ ვუპოვეთ. იფიქრეთ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციის გამოსწორება: მაგალითად, თუ დერეფანში მუდმივად ედებით ფეხსაცმელს, დროა, ახალი თაროები შეიძინოთ ფეხსაცმელებისთვის. თუ საწოლსა და მის გვერდით ტუმბოზე ყოველდღე გროვდება სხვადასხვა წვრილმანი, დაფიქრდით კედლის ან იატაკის სათავსოებზე. ხოლო სხვადასხვა წვრილი ნივთების შემთხვევაში, რომლებიც ნამდვილად ავსებს ტუმბოს ზედაპირს, პრობლემას ზარდახშები გადაჭრის.

8. შეამცირეთ თავისუფალი ზედაპირების რაოდენობა

ეს პუნქტი წინას ერთგვარი გაგრძელებაა. თუ ბინაში ბევრი თავისუფალი ზედაპირია, დიდი ალბათობით, იქ მუდმივად დაგროვდება სხვადასხვა წვრილმანი. მოგბეზრდათ ყოველდღე უწესრიგობის დანახვა მაგიდებზე, კომოდებსა და ტუმბოებზე? მაშინ მინიმუმამდე დაიყვანეთ მათი რაოდენობა. ამაში დეკორატიული ინსტალაციები დაგეხმარებათ. მაგალითად, კომოდზე შეგიძლიათ რამდენიმე ფოტოიანი ჩარჩო და ოთახის მცენარეები მოათავსოთ, ხოლო ტუმბოზე – მაგიდის სანათი და ორი-სამი წიგნის დასტა.

9. შეიძინეთ საკვები ნარჩენების დისპოსალი

ხარისხიანი დისპოსალი ერთბაშად ორ მისიას შეასრულებს: პირველ რიგში, გაცილებით ნაკლებ ნაგავს დააგროვებთ, და მეორე – სამუდამოდ გათავისუფლდებით ნაგვის ურნიდან მომავალი სუნისგან.

10. შეიძინეთ საყოფაცხოვრებო დამხმარე

როცა დრო, ძალა და სურვილი არ გაქვთ დალაგებაზე ფიქრისთვის, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის მხოლოდ ორი გზა: დამხმარის დაქირავება ან თანამედროვა და მრავალფუნქციური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა. ყოფაცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათ ჭურჭლის სარეცხი და საშრობი მანქანები, რობოტი-მტვერსასრუტი, ფანჯრის მწმენდი და სხვა მრავალი მოწყობილობა, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს დრო, რომელსაც, ჩვეულებრივ, დასალაგებლად ვიყენებთ.

11. გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო ქიმია

სველი დალაგება სისუფთავეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. ბინა გაცილებით მეტხანს რომ ელვარებდეს, გამოიყენეთ სხვადასხვა ქიმიური საშუალება: ავეჯის გასაპრიალებელი, დაორთქლვის საწინააღმდეგო საშუალებები შუშებისა და სარკეებისთვის, ქურის საწმენდი საშუალება და ა.შ.

12. არ დაგავიწყდეთ ბინის სურნელის შესახებ

თუ ბინაში სიახლის სუნს ვგრძნობთ, გვეჩვენება, რომ აქ სისუფთავე და წესრიგი მეფობს – ესაა აღქმის ილუზია. საცხოვრებელი მოვლილი გამოჩნდება, თუ ყურადღებას მიაქცევთ, რომ სახლში ნატურალური, სასიამოვნო სუნი დადგეს. ამისთვის, ყოველდღე გაანიავეთ ოთახები და გამოიყენეთ არომატიზატორები.

გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას გაგიმარტივებთ.