
ამერიკული ფილმების ცქერისას შენიშნავდით, რომ პერსონაჟთაგან არავინ რეცხავს ნივთებს სახლში – ამის ნაცვლად, მათ ბინძური ტანსაცმელი სამრეცხაოში მიაქვთ. ეს ჩვეულება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
დიდი დეპრესიის პერიოდში, ამერიკელები ფულის დაზოგვას ყველა ასპექტით ცდილობდნენ, ყველაზე მოხერხებულებმა კი საკუთარი სამრეცხაოები გახსნეს. მას შემდეგ, ავტომატური სამრეცხაოები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს.
პირველი და მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომაა მსგავსი დაწესებულებები ასე პოპულარული – სარგებელია. სამრეცხაოს მომსახურება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სარეცხი მანქანის შეძენა და მისი თანმდევი წყლისა და ელექტრობის გადასახადი.
საიდუმლო არაა, რომ ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. არენდატორები კრძალავენ სარეცხი მანქანების დამონტაჟებას მოკლე ჩართვებისა და წყლის გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით. სხვათა შორის, საკუთარი სახლების მფლობელებიც არ ამბობენ უარს სამრეცხაოს მომსახურებებზე, ისეთი დიდი ზომის ნივთებისთვის, როგორებიცაა საბანი, ბალიში და მატრასი.
გარდა რეცხვისა, ამერიკულ სამრეცხაოებში აშრობენ და აუთოვებენ ტანსაცმელს, რის შემდეგაც კეცავენ და ფუთავენ. გარდა ამისა, მომხმარებლების სასარგებლოდ, აქ გავრცელებულია უფასო Wi-Fi, ყავის აპარატები, მაგიდები და ნაყინის მაცივრებიც კი.
სამრეცხაოები დიდი ხანია დასვენების ადგილად იქცა – აქ ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა ცოტა ხნით, თავიანთი პრობლემების დავიწყება. ხშირად, ამ შენობის კედლებში ადამიანები ახალ მეგობრებს იძენენ და უბრალოდ კარგ დროს ატარებენ.
ერთ-ერთ მიზეზად კი ბანალური ჩვევაც ითვლება. სამრეცხაოს მომსახურება აშშ-ს მოსახლეობისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა, ამიტომ იქაურები არც კი ფიქრობენ შინ რეცხვაზე.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზიდან გამომდინარეობს ბოლოც – ბიზნესი. სამრეცხაოთა ქსელი საკმაოდ გავრცელებულია – აშშ-ში 35 000-მდე მსგავსი დაწესებულებაა, რომლებიც ჯამში 5 მლრდ დოლარს გამოიმუშავებენ ყოველწლიურად.
საინტერესოა, იმუშავებს თუ არა მსგავსი სამრეცხაოები ჩვენთან. საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა რამდენიმე შენობა, რომლებიც რეცხვის მომსახურებას სთავაზობდა მოსახლეობას, თუმცა, რატომღაც პრაქტიკამ ჩვენს რეგიონში ფეხი ვერ მოიკიდა და, მსგავსი დაწესებულებების ხარჯები სანაცვლო სარგებელს ვერ იღებდა, ამიტომ იდეა, ამ სამრეცხაოებთან ერთად, ჩაკვდა.