
ერთი შეხედვით, ზღვის გადალახვა კასრით – მხოლოდ ზღაპრებში განვითარებულ სიუჟეტში თუა შესაძლებელი. ამ ზღაპრების გამომგონებლებს კი არამგონია მართლა ეფიქრათ, რომ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, ერთი მამაცი ფრანგი მამაკაცი ნახევარ წელიწადში ატლანტიკის ოკეანეს სწორედ კასრში ჯდომით გადალახავდა..
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ატლანტიკის ისეთი მოწყობილობით გადალახვის მცდელობა, რომელიც ამ დანიშნულებისთვის სულაც არაა შექმნილი, აქამდეც ყოფილა. 1952 წელს, ფრანგმა ექიმმა, ბიოლოგმა და მოგზაურმა, ალენ ბომბარმა ოკეანე ჩვეულებრივი გასაბერი ნავით გადალახა. მეტიც, ამ გამბედავ მამაკაცს არაფერი მოუმარაგებია – იკვებებოდა იმით, რასაც წყალში იჭერდა პირდაპირ ნავიდან. თავისი თავგადასავლების მოტივებზე, მოგზაურმა დაწერა წიგნი “ბორტზე საკუთარი ნებით”. სწორედ მას ეკუთვნის ატლანტის ოკეანის კასრით გადალახვის იდეაც.
ალენ ბომბარის მაგალითმა შთააგონა მისი თანამემამულე, ჟან-ჟაკ სავენი. ამ ფრანგის ცხოვრებისეული გზა თავგადასავლებითა და ექსტრემით იყო სავსე, ახალგაზრდობისას, მომავალი მოგზაური სამხედრო პარაშუტისტი გახლდათ, შემდეგ აფრიკაში პილოტად მსახურობდა, ბოლოს კი იქვე, ნაკრძალში დაიწყო მუშაობა. დღეს ჟან-ჟაკი 72 წლისაა, თუმცა, ეს ასაკი ხელს არ უშლის გაბედული იდეის ხორცშესხმაში – იგი ატლანტის ოკეანეშია.
ცურვა 2018 წლის 26 დეკემბერს დაიწყო. საწყისი წერტილი გახლდათ კუნძული იერო, კანარის კუნძულებიდან. სავენის სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს ნარინჯისფერი ცილინდრისებრი კონტეინერი, 3 მ სიგრძითა და 2.1 მ სიგანით. გასაკვირია, თუმცა, ამ კასრს არც ძრავი და არც იალქანი არ აქვს: საქმე ისაა, რომ ჟან-ჟაკმა გადაწყვიტა, გადაადგილებისთვის მხოლოდ დინების მიმართულება და ქარი გამოეყენებინა. რეალურად, ამ პირობებში ფრანგი უბრალოდ დრეიფობს ატლანტის ოკეანეში.
თვითონ კასრი აშენებულია სქელი ფანერისგან. შიგნით, 6 კუბურ მეტრ სივრცეში განთავსებულია საძინებელი, სამზარეულო, პატარა მაგიდა და სანავიგაციო მოწყობილობები. სავენმა, ასევე, ითხოვა კასრზე ილუმინატორიანი კაიუტის მიშენებაც, რათა მას მოგზაურობის დროს ზღვის სამყაროთი ტკბობა შეძლებოდა.
ატლანტის ოკეანის გადალახვას თავისი სამეცნიერო ღირებულებაც აქვს: ცურვის დროს, მოგზაური შეისწავლიდა ზღვის დინებებს, წყალში უშვებდა რადიომოწყობილობებს, ოკეანოგრაფიისა და ზღვის მეტეოროლოგიის ტექნიკურ კომისიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. გარდა ამისა, იგი საკუთარ რეაქციებსაც იკვლევდა: რეგულარულად გადიოდა ფსიქოლოგიურ ტესტირებას ადამიანის მარტოობის მიმართ მედეგობის განსასაზღვრავად.
თვითონ ჟან-ჟაკმა აღნიშნა, რომ მისი ემოციური მდგომარეობა მთელი ცურვის პერიოდში დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა შეტევა დაიწყო მხოლოდ გზის ბოლოს, როცა მიხვდა, რომ საკვების მოცულობა ვერ გათვალა: მამაკაცის თქმით, ბოლო დღეებში მას გაუფუჭდა მფრინავი თევზების საჭერი მოწყობილობა. გარდა ამისა, მას უხდებოდა კონსერვების ეკონომიურად მოხმარებაც. სავენს ხანხადახან უჩნდებოდა იმის შიშიც, რომ დინებას შეეძლო მისი დაშორება დანიშნულების პუნქტიდან.
თუმცა, მიუხედავად ამ სირთულეებისა, დიდი, ექვსთვიანი სარისკო მოგზაურობა ნაყოფიერად დასრულდა. 2019 წლის 27 აპრილს, ჟან-ჟაკის კასრმა კარიბის ავზს მიაღწია და პირობითი ფინიშის ხაზი გადაკვეთა. თვითონ მოგზაურმა განაცხადა: 122-დღიანი და 9-საათიანი ცურვის შემდეგ, მე გადავკვეთე მერიდიანი, რომელიც იმას აღნიშნავს, რომ მე კარიბის ზღვის აკვატორიაში ვიმყოფები. მოგზაურობა დასრულებულია. მადლობა ყველას!”
თავგადასავალმა კვალი დატოვა ფრანგი მამაკაცის სულში: სავენი გეგმავს წიგნის დაწერას, ამ ცურვის მოტივებზე. თუმცა, ერთ თავგადასავალზე შეჩერებას არ აპირებს და ფიქრობს, რომ მისი ახალი გეგმაა დამოუკიდებლად, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ლა-მანშის სრუტე გადალახოს. თუმცა, ეს მომავალში იქნება, მანამდე კი მამაკაცი დასვენებას და, ალბათ, სხვადასხვა საზღვაო შეჯიბრში მონაწილეობას აპირებს.
იმედია, სავენის ეს მოგზაურობა მეცნიერებას გარკვეულწილად წაადგება და კაცობრიობას პროგრესისკენ უბიძგებს.