
ყველას უნდა, რომ თავის სახლში სიმყუდროვე და წესრიგი სუფევდეს, თუმცა თითოეულ მათგანს არ აქვს რეგულარული გენერალური დალაგების დრო. ეს დამღლელი, მოსაწყენი და უსიამოვნო პროცესია – იაროთ მტვერსასრუტითა და იატაკის ტილოთი მაშინ, როცა უფრო მნიშვნელოვანი ან სასიამოვნო საქმით შეიძლება დაკავება.
პოტენციური მყიდველების მსგავსი აზრების გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებმა ბაზარში ჩაუშვეს ახალი პროდუქტი, რომელსაც ადამიანის ცხოვრების შემსუბუქება შეუძლია, სახლის დალაგების საკითხში. ამ ტექნიკას რობოტი-მტვერსასრუტი უწოდეს. თუმცა, რამდენად სასარგებლოა იგი საშინაო პირობებში და, საერთოდ, ღირს თუ არა ასეთი რობოტის შეძენა? ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ამ ინოვაციური მოწყობილობის დეტალებს.
რობოტი-მტვერსასრუტი
მწარმოებლები მზად არიან, შემოგვთავაზონ ასეთი რობოტების სხვადასხვა მოდელები, როგორც ფორმითა და ზომით, ისე ფუნქციათა ერთობლიობით. თანაც, მოწყობილობის ფასი სწორედ ამ უკანასკნელ მახასიათებელზეა დამოკიდებული. თუმცა, რისი გაკეთება შეუძლია რობოტ-მტვერსასრუტს?
- შეუძლია ოთახის რუკის შედგენა, რათა არ წამოედოს ყველა ნივთს დალაგების დროს.
- ცნობს ვირტუალურ ბარიერს, რათა მოერიდოს ოთახის იმ ნაწილებს, რომელთა დალაგებაც არ შეიძლება (მაგალითად, შინაური ცხოველის კუთხე).
- იმართება დისტანციური მართვის პულტით (ზოგიერთი მოდელი).
შეიძლება თუ არა ამ რობოტის გამოყენება სარგებლიანად? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შესაძლებლობები თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მოწყობილობას ხომ არ შეუძლია სახლის დალაგება ყველა ასპექტში – იგი უბრალოდ აგროვებს წვრილ ნაგავს ან წმენდს იატაკს.
თუ სახლში ცხოვრობს ოთხფეხა მეგობარი, რომელიც რეგულარულად ტოვებს ბეწვის ნაწილაკებს, რობოტი-მტვერსასრუტი შესანიშნავი არჩევანია – ამ ყველაფერს წმენდს როგორც ხალიჩიდან, ისე დივნის ქვეშა იატაკიდანაც.
ასევე, ასეთი ტექნიკის არსებობა ასწავლის თვითონ მფლობელებსაც, არ დატოვონ იატაკზე ისეთი უცხო ნივთები, როგორებიცაა სადენები, წინდები და ბავშვის სათამაშოები. სამზარეულოში რობოტს ტრაპეზის შემდეგ ნამცეცების აგროვება შეუძლია, სანამ დიასახლისი უფრო სასიამოვნო საქმითაა დაკავებული.
რობოტი არ მოითხოვს ყოველ ჯერზე ჩართვას – შეგიძლიათ მისი დაპროგრამება ყოველდღიური დალაგებისთვის, რათა ყურადღება მიაქციოს სისუფთავეს იატაკზე, სანამ დიასახლისი, მაგალითად, ქუჩაში სეირნობს.
რაც შეეხება მის მინუსებს – აქ საუბარი მაღალ ფასზეა. დიახ, საეჭვო მწარმოებლების ბიუჯეტური მოდელები ყველასათვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა მათი ექსპლუატაციის ვადა და ფუნქციები შეზღუდულია.
რობოტის ჩართვამდე საჭიროა სადენებისა და წვრილი ნივთების ალაგება იატაკიდან. ამასთან, თვითონ დალაგების საკითხი შეიძლება არ აღმოიფხვრას – განსაკუთრებით, თუ ეს იაფფასიანი მოდელია.
რობოტი არ გამოგადგებათ ძალიან პატარა ბინაში, თანაც თუ საცხოვრებელი სივრცე სავსეა ავეჯითა და მსგავსი ნივთებით. მოწყობილობას უბრალოდ გასაქანი ადგილი არ ექნება.
გჭირდებათ თუ არა რობოტი-მტვერსასრუტი სახლში და ღირს თუ არა მასზე ფულის დახარჯვა? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ელით მისგან. თუ დიდი სახლი გაქვთ და შინაური ცხოველები გყავთ, ხარისხიანი რობოტი ნამდვილად დაგეხმარებათ ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში. თუმცა, ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რობოტიზებული დამხმარე რეგულარული გენერალური დალაგების აუცილებლობისგან გაგათავისუფლებთ – იგი მხოლოდ შეამსუბუქებს ამ პროცესს.