მამაკაცის თქმით, მის სახლში ბოროტმოქმედი შეიჭრა, დაალაგა და წავიდა

ასეც ხდება!

ბოროტმოქმედს(თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ) არაფერი მოუპარავს, თუმცა, სახლის მეპატრონემ მაინც გამოიძახა პოლიცია. ინციდენტი აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ მარლბოროში მოხდა.

ადგილობრივი მაცხოვრებელი პოლიციას დაუკავშირდა და მოუყვა იმის შესახებ, რომ სანამ თავად სამსახურში იყო, ვიღაც მის სახლში შეიჭრა.

არაფერი დაკარგულა და არც ზარალი მიუყენებია მფლობელისთვის. ბოროტმოქმედმა (რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა) მთელი სახლი დაალაგა: მოაწესრიგა ოთახები, გაწმინდა სააბაზანო და სუვენირიც კი დატოვა.

-“სახლში მოვედი და ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. სარეცხი საშუალებების სუნი იდგა. ერთადერთი, რაც მან გამოტოვა – არ დაულაგებია სამზარეულო, რამაც ცოტათი გული დამწყვიტა.” – ყვება სახლის მფლობელი, ნეით რომანი.

უკანა ეზოში მან იპოვა ნაგვით სავსე ტომარა, რომელიც ბოროტმოქმედმა შეაგროვა. ნეით რომანმა აღნიშნა, რომ სააბაზანო და საპირფარეშო იმ ვინმემ ძალიან კარგად დაალაგა, ხოლო მისი ვაჟის ოთახში ასეთი წესრიგი არასდროს ყოფილა.

მამაკაცი თვლის, რომ მის სახლში შეცდომით შეაღწია მეზობლის სახლის დამლაგებელმა (თუმცა, ეს მანიაკის განსაკუთრებული ქცევაც შეიძლება იყოს).

პოლიციელებმა მეზობლები დაკითხეს, თუმცა სახლთან ახლოს საეჭვო პირი არავის დაუნახავს.

გამოძიება ჩავარდა: პოლიციელებს არც სამხილი და არც დანაშაულის შემადგენლობა არ აქვთ. მეპატრონე იმედოვნებს, რომ ბოროტმოქმედი დაბრუნდება და სამზარეულოსაც დაულაგებს.