
სახლის დალაგება ნებისმიერი დიასახლისისთვის ხანგრძლივი, შრომატევადი და უსიამოვნო პროცესია, ამიტომ, თითოეული ჩვენგანი მუდმივად ეძებს მისი გამარტივების საშუალებებს. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ხრიკი, რომლებიც სახლში ნანატრი სისუფთავის დამყარებაში დაგეხმარებათ.
1. აბაზანის ძველი ფარდა გაქათქათდება, თუ გაყვითლებულ და დაბინძურებულ ადგილებს გარეცხავთ წყლისა და წყალბადის ზეჟანგის(1:1) ხსნარით.
2. კბილის ჯაგრისები მიკრობებისგან რომ გაათავისუფლოთ, ჩაალბეთ 1 საათით ძმარში. შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.
3. ტანის სახეხები ჩაალბეთ 1 საათით მდუღარე წყლისა და ძმრის(1:1) ხსნარში. შემდეგ გარეცხეთ სუფთა წყლით და გააშრეთ.
4. აბაზანაში გაჩენილი ნადები, ყვითელი ლაქები და ჭუჭყიანი ზედაპირი კარგად იწმინდება წყალბადის ზეჟანგის გამოყენებით. მოასხით იგი ზედაპირს, გააჩერეთ 30 წუთით და ჩამორეცხეთ თბილი წყლით. ასევე, აბაზანა მარტივად გაიწმინდება, თუ მას სოდას მოაყრით და რამდენიმე წუთში ძმარსაც მოასხამთ. ამის შემდეგ, მსუბუქად გახეხეთ ზედაპირი ჯაგრისით და ჩამორეცხეთ თბილი წყლით.
5. ბინძური უნიტაზი სისუფთავისგან რომ გაბრწყინდეს, გამოიყენეთ მდოგვის ფხვნილი, ლიმონმჟავა და სიმინდის სახამებელი თანაბარი რაოდენობით.
6. ფილებს შორის სივრცის გაწმენდა ჩვეულებრივი პარაფინის სანთლითაა შესაძლებელი – ასე მოიშორებთ ობს, ნადებსა და ნალექს. ამისთვის, სანთლის ბლაგვი მხარე რამდენჯერმე გაატარეთ ჭრილზე.
7. კაფელის ფილების გასაწმენდად 15 გ ლიმონმჟავა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. მიღებული ხსნარით ჩამორეცხეთ კაფელი და გაავლეთ სუფთა წყალი. ძალიან ბინძური კედლების შემთხვევაში, შეაშხეფეთ ძმარი, გააჩერეთ 10 წუთით და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით. შემდეგ გაწმინდეთ ბოჭკოვანი ხელსახოცით.
8. სარეცხი მანქანა 4 თვეში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდოთ. ნადებისა და წყლის ქვების მოსაშორებლად, ფხვნილისთვის განკუთვნილ დანაყოფში ჩაყარეთ 60 გ ლიმონმჟავა და ჩართეთ მანქანა რეცხვის ჩვეილებრივ ციკლზე, მაქსიმალურად მაღალი ტემპერატურით.
9. ჩვეულებრივი საშლელი გაზქურას იდეალურად გაწმენდს. ამ საშუალებას პროფესიონალური კლინინგური სამსახურის თანამშრომლებიც იყენებენ. ცხიმიან ნადებს ქურიდან ლიმონის წვენითა და ლიმონის ნაჭრით ამოიყვანთ: დაწურეთ წვენი, გაწმინდეთ ქურა ლიმონით და გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ გაწმინდეთ სველი ხელსახოცით.
10. ღუმელს ცხიმი და მიმწვარი ლაქები რომ მოაშოროთ, გაახურეთ იგი 150 გრადუსზე და გამორთეთ. ქვედა თაროზე მოათავსეთ 1 ლ ცხელი წყალი, ხოლო ზედაზე – 1 ჭიქა ნიშადურის სპირტი. დახურეთ ღუმლის კარი და გააჩერეთ ასე დილამდე. დილით ნიშადურიან ჭურჭელს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნებისმიერი სარეცხი საშუალება და 0.5 ჭიქა თბილი წყალი. გაწმინდეთ ღუმელი ღრუბლით.