როგორ შევცვალოთ დაზიანებული ფილა ისე, რომ სხვებიც არ დავაზიანოთ

ფილები დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო დასაფარავი საშუალებაა სააბაზანოს, საპირფარეშოსა და სამზარეულოსთვის. როგორც ნებისმიერი სხვა მასალა, იგი შეიძლება დაზიანდეს. რა თქმა უნდა, საჭირო არაა მთელი კედლის ხელახლა დაფარვა ფილებით. ამ სიტუაციაში საკმარისია უშუალოდ დაზიანებული ფილების შეცვლა. ამის გაკეთება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. გთავაზობთ მარტივ “რეცეპტს”.

1. ნაკერის ამოჭრა

იდეალურ ვარიანტში, ხელთ უნდა გქონდეთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც არც ისე ძვირი ღირს და ფილების ნაკერებს შლის. მისი დახმარებით, ფრთხილად მოაშორეთ დეკორატიული ცემენტი. ეს ფილის გარშემო უნდა გააკეთოთ. ნუ წამოედებით სხვა ფილებსაც, რათა მათი ზედაპირი არ დააზიანოთ. თუ სახლში მსგავსი მოწყობილობა არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ იგი ჩვეულებრივი ბრტყელი სახრახნისით.

2. ჭრილების ჩაღრმავება

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფილებს შორის ჭრილების უფრო ჩაღრმავება. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ჩვეულებრივი საკანცელარიო დანა. მნიშვნელოვანია ჭრილის მაქსიმალურად ჩაღრმავება, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ საჭირო ზონიდან გადასვლისა და მეზობელი ზედაპირის დაზიანების რისკი.

3. დემონტაჟი

შეიარაღდით ბურღითა და ალმასის საჭრელით, გახვრიტეთ ფილის ცენტრი. რაც უფრო დიდი იქნება მისი დიამეტრი – მით უკეთესი. გახსოვდეთ, რომ ფილა ყოველთვის ცენტრიდან უნდა მოხსნათ და არა კიდეებიდან! დემონტაჟისთვის ვიყენებთ სატეხსა და ჩაქუჩს. იმუშავეთ აუჩქარებლად, ძალიან ფრთხილად.

4. ამოწმენდა

ახლა, როცა დაზიანებული ფილის ადგილას მხოლოდ ხვრელია დარჩენილი. მას უნდა მოაშოროთ ფილის წებოს ნარჩენები. ამაში ისევ სატეხი და ჩაქუჩი, სახრახნისი, საფხეკი და რკინის ჯაგრისი დაგეხმარებათ. უნდა მოაშოროთ ყველაფერი, რასაც დაინახავთ.

5. ახალი ფილის მიწებება

ბოლო ნაბიჯია ახალი ფილის ჩამაგრება. წაუსვით ფილას სპეციალური წებო და ჩადგით ძველი ფილის ადგილას. ყურადღება მიაქციეთ ორნამენტებს (თუ ასეთი აქვს), რათა იგი არ ამოვარდეს საერთო დიზაინიდან. ასეთი პროცედურის შემდეგ, კედელი თუ იატაკი ისევ ახალივით იქნება.