
ადრეული ნეოლითის ეპოქის გიგანტური, ჩვენთვის ცნობილთაგან ყველაზე მსხვილი დასახლება ისრაელში, იერუსალიმიდან 5 კილომეტრში აღმოაჩინეს.
მოცას რაიონში არქეოლოგიური გათხრები მთავარი გზის დაგების ფარგლებში დაიწყო. მას შემდეგ, რაც არქეოლოგებს თხრისას დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნივთი და სამკაული შეხვდათ, თანმიმდევრული გათხრების დაწყება გადაწყდა.
დასახლება თანამედროვე იერუსალიმიდან დასავლეთშია, მდინარე სორეკის კალაპოტთან, ბუნებრივ წყაროებთან ახლოს.
მეცნიერების აზრით, ამ ადგილის ადამიანებით განსახლება დაახლოებით 20 000 წლის წინ, ეპიპალეოლითის ეპოქაში დაიწყო.
არქეოლოგიური სამუშაოების ხელმძღვანელები, ჰამუდი ჰალიელი და კობი ვარდი ხაზს უსვამენ, რომ საუბარია ჭეშმარიტად უნიკალურ მონაპოვარზე. ასეთი ტიპისა და ზომის დასახლება პირველად იქნა აღმოჩენილი.
ქალაქის ასაკი არანაკლებ 9 000 წელია, აქ შეიძლება 2-3 ათას ადამიანს ეცხოვრა, ანუ, საკმაოდ დიდ დასახლებულ პუნქტად უნდა ჩათვლილიყო, თუნდაც თანამედროვე ისრაელის საზომით. ქალაქში აღმოაჩინეს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საკულტო შენობები.
გათხრების მსვლელობისას მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ შენებისას გამოიყენებოდა გეგმა, გათვალისწინებული იყო ქუჩებისა და კვეთების დაყოფაც. ზოგიერთი სახლი შებათქაშებულიც იყო.
ძველ ქალაქში გარდაცვლილებს საცხოვრებლებთან ახლოს, ზოგ შემთხვევაში კი – სახლშივე მარხავდნენ. საფლავებში გარდაცვლილებს აყოლებდნენ სამკაულებს, საკვებსა და სხვა ნივთებს, რომლებიც შეიძლება იმქვეყნად გამოდგომოდა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონოდა მოშორებით დასახლებებთან. ამაზე კი, კერძოდ, მეტყველებს ნაპოვნი საგნები, რომლებიც ხმელთაშუაზღვაშია დამადებული. მათ შორის იყო პერლამუტრის სამაჯურები, მარჯნის მძივები და სხვა სამკაულები.
გათხრების პროცესში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ქვის იარაღი – ისრების ბოლო (დიდი ალბათობით, მას სანადიროდ იყენებდნენ), საბრძოლო ნაჯახები და ნაჯახები ტყის საჩეხად, დანები…
ძველი შენობების ადგილას აღმოაჩინეს უამრავი რაოდენობით მარცვლეული. ნაყოფებისა და თესლების მდგომარეობა გასაოცარია, მათი ასაკის გათვალისწინებით.
საერთო ჯამში, მეცნიერების აზრით, ქალაქში საკმაოდ ინტენსიური სასოფლო მეურნეობა მიმდინარეობდა, მათ შორის, მეცხოველეობაც. ცხოველების ძვლები იმაზე მეტყველებს, რომ მაცხოვრებლები იშენებდნენ საქონელს, ხოლო ნადირობის წილი აქ შემცირებული იყო.
ისრაელის სიძველეთა სამმართველოში ამბობენ, რომ ამ აღმოჩენას შეუძლია აქამდე არსებული შეხედულებების შეცვლა რეგიონში გავლილი ნეოლითის შესახებ. მაგალითად, დღემდე ითვლებოდა, რომ თანამედროვე ებრაული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის დასახლებები არ არსებობდა. ნეოლითის ეპოქის დასახლებები აქამდე აღმოაჩინეს იორდანიასა და ჩრდილოეთ ლევანტში. მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ უმნიშვნელო კულტურულ ფენაზეც, რომელმაც ღია დასახლება დაფარა – იგი მხოლოდ რამდენიმე ათეულ სანტიმეტრს შეადგენს.
დიდი ალბათობით, აქ ნაპოვნი ყველა ნივთი მალე მუზეუმებს გადაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ნახვას საკუთარი თვალებიც შევძლებთ.
თქვენ გაინტერესებთ არქეოლოგიური ამბები?