
საშობაო დღესასწაულები კარს მოგვდგომია და უამრავ რამეზე უნდა ვიზრუნოთ. ასევე, საჭიროა საჩუქრების შეძენა და სახლის მორთვა. საშობაო დეკორის ტრადიციული ელემენტი გვირგვინია. მისი შეძენა შეგიძლიათ, თუმცა საკუთარი ხელით დამზადება ყველაზე სასიამოვნო პროცესია, თანაც, თუ ამას მთელი ოჯახი ერთად გააკეთებთ, შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, დაახლოვდეთ და ერთად გაატაროთ დრო.
გთავაზობთ საშობაო გვირგვინების იდეებს ყველა გემოვნებისთვის.
მის შესაქმნელად დაგჭირდებათ ფერადი ქაღალდები, წებო, გვირგვინის ფორმა, ღილები და ლენტები. ქაღალდებისგან გამოჭერით ვარსკვლავები, მიეცით მოცულობითი ფორმა, ვარსკვლავის ცენტრში დააწებეთ ლამაზი ღილები და მიამაგრეთ გვირგვინის ფორმაზე. ლენტებით გააკეთეთ ლამაზი ბაფთები და მიამაგრეთ ზემოთ. მარტივი და ლამაზი გვირგვინი მზადაა.
ასეთი გვირგვინი კი ყველაზე მარტივად მზადდება: აიღეთ მეტალის მავთული ფუძედ, წებო და ნაძვისხის სათამაშოები მავთულით გააკეთეთ მრგვალი ფუძე, მეტალის რგოლს მიამაგრეთ სათამაშოები და დაუმატეთ ლენტი.
ესეც მსგავსი გვირგვინია, თუმცა ქაფპლასტმასისგან მზადდება. ფუძეს ახვევენ ლამაზ ქსოვილში, საიმედოდ ამაგრებენ და აწებებენ სხვადასხვა ზომისა და ფერის ბურთულებს.
უჩვეულო და ორიგინალური საშობაო გვირგვინი პოპკორნისგან… აიღეთ მუყაო, პოპკორნი, წებო და ლენტები. მუყაოსგან გამოჭერით მრგვალი ფუძე. ფრთხილად მიაწებეთ პოპკორნი მას, წებოს გამოყენებით. დაუმატეთ ლენტი და სულ ესაა!
უბრალო, თუმცა ძალიან თანამედროვე და მოდური საშობაო გვირგვინი. მისთვის დაგჭირდევათ ლენტი, ქაფპლასტმასის ფუძე, პერლამუტრისთავიანი ქინძისთავები, ხელოვნური კენკრა და ფოთლები, წებოს პისტოლეტი. ფუძეს შემოახვიეთ ლენტი, მისი ბოლო კი საწყის მხარეს მიამაგრეთ. ქინძისთავების გამოყენებით, მიამაგრეთ კენკრა და ფოთლები ფუძეზე.
მადისაღმძვრელი გვირგვინი, რომელიც კანფეტებისგანაა დამზადებული. აიღეთ ქაფპლასტმასის ფუძე, შეახვიეთ მკვეთრი ფერის ლენტით. დააწებეთ მასზე კანფეტები. მორთეთ გვირგვინი დიდი, მკვეთრი ფერის ბაფთით.
კიდევ ერთი გვირგვინი, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება. მისთვის ხელთ არსებული მასალები დაგჭირდებათ: მკვეთრი ფერის ქსოვილების ნარჩენები, ლურსმნები ან ქინძისთავები, წებო. გვირგვინის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ქსოვილებისგან გამოჭერით სხვადასხვა ზომის წრეები, დაალაგეთ ერთმანეთზე ისე, რომ მიიღოთ რაღაც ყვავილისმაგვარი და მიამაგრეთ ფუძეზე წებოსა და ლურსმნების გამოყენებით.
მართალია, გარეგნულად ეს საშობაო გვირგვინი ძალიან რთულად გამოიყურება, თუმცა, რეალურად, მარტივად მზადდება. იგი დამზადებულია უთხელები ქაღალდის ზოლებისგან. გვირგვინის ფუძეს ახვევენ წითელი ლენტით, შემდეგ მასზე აწებებენ ქაღალდის ჩხირებს. უმატებენ ლამაზ ბაფთას და სულ ესაა!
თუ გვირგვინის იდეა არ მოგწონთ ან დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ, ჩარჩოც გამოიყენოთ. აიღეთ ნებისმიერი რჩეული ჩარჩო, შეღებეთ წითლად ან წვანეთ და მორთეთ ნაძვისხის სათამაშოებითა და ბაფთებით.
საშობაო გვირგვინი ზანზალაკებისგანაც კი შეიძლება დავამზადოთ. დაგჭირდებათ მავთული, ბრტყელტუჩა, ზანზალაკები და ლენტი. მოჭერით საჭირო ზომის სქელი მავთული, მასზე დაამაგრეთ ზანზალაკები. მავთულის ბოლოები შეაერთეთ და დაამაგრეთ ბრტყელტუჩას გამოყენებით. გვირგვინი მორთეთ ფუმფულა ბაფთით.
გვირგვინი მონოგრამის გამოყენებითაც შეიძლება მოირგოთ. აიღეთ ხის ასოები, შეღებეთ აეროზოლური საღებავით, სურვილისამებრ, დაახატეთ რამე, მიამაგრეთ ისინი გვირგვინს და ვუალა – მიიღებთ პერსონალიზებულ დეკორს.
ორიგინალური და ლამაზი: აიღეთ ქაფპლასტმასის ფუძე, სხვადასხვა ლენტი და წებო. გვირგვინის ფუძეს შემოახვიეთ ლენტი, რათა მიიღოთ ლამაზი ფონი, შემდეგ კი დაუმატეთ სხვადასხვანაირი ლენტი. ამან შეიძლება დიდი დრო წაიღოს, ამიტომ გვირგვინი შეგიძლიათ საშობაო ფილმის ცქერის დროს დაამზადოთ.
გვირგვინი შეიძლება ძალიან რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მხოლოდ მოჩვენებაა. რეალურად, მისი მომზადების პროცესს მხოლოდ 30 წუთი მიაქვს. ამისთვის გჭირდებათ გვირგვინის ფუძე და დიდი რაოდენობით ბაფთა, რომლებიც საჩუქრების შეფუთვისას გამოიყენება. უბრალოდ ფერადი ბაფთები მიაწებეთ ფუძეს და სულ ესაა.
მომხიბლავი საშობაო გვირგვინი ტრადიციულ სოფლურ სტილში. იგი ძალიან ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება. მის შესაქმნელად მხოლოდ 20 წუთი დაგჭირდებათ. აიღეთ წალმებისგან დამზადებული ფუძე, ლენტი, მავთული, საშობაო მოსართავები. ყველა დეკორაცია მიამაგრეთ გვირგვინს მავთულის გამოყენებით.
თუ გსურთ, რომ თქვენს სახლში ნამდვილი საშობაო ატმოსფერო სუფევდეს, გააფორმეთ იგი ნატურალური მასალებისგან დამზადებული გირლანდებით.