მამაკაცმა სოფელში მიტოვებული შენობა შეიძინა და იგი მყუდრო საცხოვრებელ სახლად აქცია

ბელორუსელი ვიაჩესლავ მინჩანინი – ესაა ადამიანი, რომელიც ნებისმიერი მათგანისთვის უნდა იქცეს მაგალითად, ვინც ეტლის ან პროტეზების გამოყენებით გადაადგილდებიან. მამაკაცმა შეიძინა და შესანიშნავად გარდაქმნა საკუთარი საცხოვრებელი სახლი.

ვიაჩესლავი დაბადებიდან მინსკში ცხოვრობს, თუმცა ყოველთვის უნდოდა სოფელში გადასახლება, თუ, რა თქმა უნდა, იქ საკუთარი საცხოვრებელი ექნებოდა. 2011 წელს, მამაკაცს, როგორც იქნა, იღბალმა გაუღიმა: მან გაიგო, რომ მინსკის რაიონის სოფელ კოტიაგში იყიდებოდა შენობა, რომელიც მანამდე მაღაზიად ფუნქციონირებდა.

თავიდან, მას ამ შენობაში მცირე წარმოების ორგანიზება სურდა. ვიაჩესლავი უჩვეულო ბიზნესით – შენობების არომატიზაციით იყო დაკავებული. იგი აწარმოებდა სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ოფისებში ყვავილებისა და ხის, ხოლო მაღაზიებში – ახლადგამომცხვარი პურის სურნელის დაყენებას.

როცა ბიზნესი წინ ვერ წავიდა, მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ შენობა სავსებით შესაფერისი იქნებოდა საცხოვრებელი სახლისთვისაც. ეს იდეა ვიაჩესლავს იმიტომ გაუჩნდა, რომ იმდროისთვის მას არ ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი. ნაცნობები თვლიდნენ, რომ მას არაფერი გამოუვიდოდა, თუმცა ჩვენმა გმირმა მოთმინება მოიკრიბა და მზად იყო, საქმე ბოლომდე მიეყვანა. მხოლოდ დოკუმენტების გაფორმებას 2 წლამდე დრო დასჭირდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გამოუვიდა.

ვიაჩესლავმა მაღაზია აუქციონზე შეიძინა, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ იგი არარენტაბელურად ჩათვალა. მამაკაცს 10 000 დოლარის გადახდა მოუხდა. მოგვიანებით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაიგეს, რომ დედაქალაქიდან ჩამოსულმა სტუმარმა შენობა იმიტომ მიიღო, რომ იგი ავღანეთში მსახურობდა. თავიდან, მინჩანინი ცდილობდა საწინააღმდეგოს ახსნას, თუმცა მოგვიანებით ჭორებს შეეგუა.

სახლში ჩასატარებელ სამუშაოთა უმრავლესობა თავად  ვიაჩესლავმა შეასრულა. ეს გასაოცარია, რადგან სამშენებლო გამოცდილება მას არ ჰქონია. მამაკაცი უბრალოდ ვიდეოებს უყურებდა YouTube-ზე. მხოლოდ ყველაზე შრომატევადი საქმეების შესასრულებლად, მინჩანინმა მშენებლები მოიწვია, თუმცა ამბობდა, რომ ყველაფრის გაკეთება თავადაც შეეძლო, უბრალოდ ეტლთან ერთად რთულია ზოგიერთი მოქმედების შესრულება. ამასთან, ჩვენს გმირს ეჩქარებოდა.

ვიაჩესლავს უნდოდა, ამ სახლში მანამ დასახლებულიყო, სანამ მის ვაჟს 7 წელი შეუსრულდებოდა, რათა ბავშვს სწავლა უკვე ადგილობრივ სკოლაში დაეწყო. როგორც კი სახლში გათბობა და ვაჟისთვის ადგილი გაჩნდა, მინჩანინის ოჯახი ახალ სახლში გადავიდა.

რემონტის ხარჯებმა რამდენჯერმე გადააჭარბა შენობის ღირებულებას. ვიაჩესლავი ამბობს, რომ შესაძლოა იგი არც შეეძინა, რომ სცოდნოდა, რამდენი ძალისა და ფულის დახარჯვა მოუხდებოდა. მეორე მხრივ, მამაკაცი ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევებში მთავარია გადაწყვიტო და დაიწყო, დანარჩენი კი როგორღაც გამოვა.

დღეისათვის, ვიაჩესლავის სახლში რემონტი ისევ გრძელდება. ოჯახი გეგმავს ტერასის მიშენებასა და საცხოვრებელი ფართის გადიდებას. თავის მხრივ, მამაკაცს უხარია, რომ უსაქმურად ჯდომა არ მოუწევს.