
სახამებელი – ეს ორგანული ნივთიერებაა, რომლის პოვნაც მრავალი მცენარის შემადგენლობაში შეიძლება. თუმცა, ჩვენ ამ მომენტში მისი სასარგებლო თვისებები და ყოფაცხოვრებაში გამოყენების გზები გვაინტერესებს.
როგორც ჩანს, სახამებელი სახლში შესანიშნავი დამხმარეა. მისი დახმარებით უამრავი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება, გვეხმარება კულინარიასა და საყოფაცხოვრებო საქმეებში. სახამებლის სარგებელი, ასევე, გამოიყენება დიეტოლოგიაში, დაბალკალორიულობისა და მაღალი საკვები ღირებულების დამსახურებით. თუმცა, ეს ყველაფერი არაა.
სახამებელი პროდუქტში
არსებობს სახამებლის 3 სახეობა, რომლებიც კულინარიაში გამოიყენება. ესაა კარტოფილის, სიმინდისა და ბრინჯის სახამებელი. სიმინდისა და ბრინჯის სახამებელი, ყველაზე ხშირად, ნაზი დესერტებისა და ტკბილეულის მოსამზადებლად გამოიყენება, ხოლო კარტოფილისა უფრო უხდება სოუსებს, კოტლეტებსა და სუპებს.
თუ გინდათ გაიგოთ, შეიცავს თუ არა სახამებელს კონკრეტული პროდუქტი, უბრალოდ დააწვეთეთ პროდუქტის ნაჭერს ცოტაოდენი იოდი. თუ ჭრილზე სახამებლის შემცველობაა, პროდუქტი გალურჯდება. თუ არა – ფერი არ შეიცვლება.
სახამებელი აუცილებელია საწებლის მოსამზადებლადაც. იგი მას გაასქელებს და უფრო გაჯერებულ გემოს მიანიჭებს. თუ ხორცის სოუსს ამზადებთ, არ დაგავიწყდეთ სახამებლისთვის ზეთის დამატება. ეს შესანიშნავი ტანდემია მსგავსი შემთხვევისთვის.
თუ ქაღალდის, ქსოვილის ან მუყაოს დაწებება გინდათ, გამოიყენეთ კლეისტერი. ეს ხელმისაწვდომი წებოა, რომელიც სახამებლისგან მზადდება და მას ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. იგი იდეალურია შპალერის დასაწებებლად, განსაკუთრებით, თუ კედლების ზედაპირი შეღებილი იყო.
გინდათ, ბისკვიტი ფუმფულა გახდეს და ფქვილის გემო არ ჰქონდეს? დაუმატეთ ცომს სახამებელი, 1 წილი ფხვნილი 10 წილ ფქვილზე. ასეთი კულინარიული ხრიკი ცომს არბილებს და აფხვიერებს, რაც სწორედ რომ აუცილებელია შესანიშნავი ნამცხვრის გამოსაცხობად.
თუ სახამებლით სანელებლებიან საფანელს მოამზადებთ, შიგნით ხორცი წვნიანი და რბილი დარჩება. ხოლო ქერქი თხელი და ხრაშუნა გამოვა. ასეთი საფანელი მოუხდება თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტსაც.
დაუმატეთ რამდენიმე კოვზი სახამებელი წყალს და სუფრის ვერცხლი ახალივით გაელვარდება. საქმე ისაა, რომ სახამებლის ნაწილაკები ბუნებრივი აბრაზიული თვისებებით გამოირჩევა. იგი უწვრილესი ზუმფრის ქაღალდის მსგავსად მოქმედებს. ასევე, მისი ქიმიური თვისებები გეხმარებათ ნაკეთობების ზედაპირიდან მუქი ნადების მოშორებაში.
აიღეთ რამდენიმე გრამი სახამებელი და დააწვეთეთ ცოტაოდენი ეთერზეთი. შეანჯღრიეთ. სახამებლის სურნელის შემწოვი თვისებების წყალობით, თქვენ მიიღებთ არომატულ, ნატურალურ სხეულის პუდრს მავნე დანამატების გარეშე.
თუ კერძებს სახამებლით ამზადებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ იგი გემოს ნაწილს წაიღებს. ამიტომ, თამამად დაუმატეთ მარილი, შაქარი, სანელებლები იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ. გარდა ამისა, ნუ გადააჭარბებთ მის რაოდენობასაც. თუ ზედმეტ სახამებელს დაუმატებთ, მაგალითად, ბლინებს, ცომი გავარდისფერდება.
როგორც ხედავთ, სახამებელი დიასახლისისთვის ნამდვილად სასარგებლო ნივთიერებაა. იგი არამხოლოდ სამზარეულოში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. ჩვენ კი, თავის მხრივ, იმედი გვაქვს, რომ მისი პოტენციალის აღმოჩენაში დაგეხმარეთ.