როგორ დავიცვათ სახლი ჩრჩილისგან

ამ მოუსვენარ პეპლებს ყურადღებას არც მივაქცევდით, ცხოვრებას რომ არ გვისპობდნენ. ერთი შეხედვით, უვნებელი მწერების ჭიები ჭამენ შალის ნივთებს, ტანსაცმელს, ბურღულს, აფუჭებენ ავეჯსაც კი – თვითონ პეპლების სახეობის მიხედვით.

შენიღბვის უნარის წყალობით კი ეს მავნებლები თითქმის შეუმჩნევლად ცხოვრობენ ჩვენს სახლებში და აფუჭებენ ყველაფერს, რასაც მისწვდებიან. ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ხრიკს სახლიდან ჩრჩილის მოსაშორებლად. აუცილებლად სცადეთ და გაყარეთ სახლიდან დაუპატიჟებელი სტუმრები.

ჩრჩილი სახლში

უნდა გახსოვდეთ, რომ სახლში მფრინავი პეპლები არ არიან დიდად საშიშები. მეტ საშიშროებას მათი ჭიები წარმოადგენენ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ კარადებში და თავს საერთოდ არ იჩენენ.

ერთ პეპელას, თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში, 50-მდე კვერცხის დადება შეუძლია, მათგან კი გაუმაძღარი მუხლუხოები ჩნდებიან. თანაც, ეს მუხლუხოები შეიძლება მაშინაც ვერ იპოვოთ, როცა ყველა იმ ტანსაცმელს გადახედავთ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე არ ჩაგიცვამთ.

პრაქტიკულად შეუძლებელია ჩრჩილის პოვნა იქ, სადაც ტანსაცმელი კარადაში დიდხანს არაა გაჩერებული და აქტიურად გამოიყენება დანიშნულებისამებრ. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ჩრჩილი ვერ იტანს მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას.

როგორ დავიცვათ სახლი ჩრჩილისგან

  1. დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მშრალად და სუფთად გაქვთ შენახული. კანისა და ოფლის მცირე ნაწილაკებიც კი იზიდავს მავნებლებს.
  2. სწორად შეინახეთ სეზონური ნივთები: ფეხსაცმელი – თასმების გარეშე, ბეწვის ტანსაცმელი – სპეციალურ შემოსაკრავებში, ქუდები – მუყაოს ყუთებში…
  3. რეგულარულად გაანიავეთ ოთახები.
  4. ფხვიერი კვების პროდუქტი შეინახეთ ჰერმეტულად დაცულ გამჭვირვალე ჭურჭელში.
  5. რეგულარულად და გულდასმით დაალაგეთ, რადგან ცხიმები, ჭუჭყი და მტვერი ჩრჩილის საუკეთესო მეგობრებია, მათ გვერდით იგი აუცილებლად გაჩნდება.

ჩრჩილის გაჩენისთვის ხელის შეშლა უფრო მარტივია, ვიდრე მის მუხლუხოებთან ბრძოლა. თანაც, ვერც დაზიანებულ ნივთებს დაუბრუნებთ საწყის მდგომარეობას. მართალია, ჩრჩილთან საბრძოლველად უამრავი საშუალება არსებობს, ჩვენ ხალხურ მეთოდებს გირჩევთ – ისინი უფრო ფაქიზად მოქმედებს და არ ვნებს თვითონ სახლის მეპატრონეებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ჩვეულებრივი წაბლი, რომელიც ქალაქგარეთ უნდა მოკრიფოთ. გაფცქვენით რამდენიმე წაბლი და წვრილად დაჭერით რბილობი. მიღებული მასა აფრთხობს ჩრჩილს, ამიტომ იგი კარადის თაროებზე უნდა დაყაროთ.

ჩრჩილს, აგრეთვე, აფრთხობს მკვეთრი სუნის მქონე მცენარეები, ამიტომ ლავანდის, მიხაკის, პიტნისა თუ გერანის ტოტები არამხოლოდ სასიამოვნო არომატს დააყენებს სახლში, არამედ მავნებლებსაც მოგაცილებთ.

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სურნელოვანი წიწვის, ენძელის ან ციტრუსის ზეთებიც. ასეთი “საფრთხობელები” ჩრჩილის გაჩენასაც შეუშლის ხელს. აგრეთვე, შეგიძლიათ სუნიანი ეთერზეთების გამოყენებაც – დააწვეთეთ სითხე ხელსახოცზე და მოათავსეთ კარადაში.

ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მისაღები ხალხური საშუალებაა ფორთოხლის ცედრა, რომელიც არამხოლოდ სასიამოვნო სუნს აფრქვევს, არამედ შესანიშნავად უმკლავდება მწერებს. ასევე, მისი მოთავსება შეიძლება როგორც ტანსაცმლის, ისე სამზარეულოს კარადაშიც.