12 სასარგებლო იდეა პატარა საძინებელში კუთხეების გამოყენებისთვის

ცრიელი კუთხე, ხშირად, ინტერიერის დაუსრულებლობისა და გაუთვლელობის შეგრძნებას ტოვებს. ხოლო, თუ ძალიან პატარა საძინებელ ოთახზე ვსაუბრობთ, ეს სავსებით უპატიებელი ფუფუნებაა. ჩვენმა რედაქციამ შეაგროვა რამდენიმე მოდური და პრაქტიკული იდეა, რომლებიც არამხოლოდ კუთხეების შევსებაში, არამედ ინტერიერის გალამაზებასა და აუცილებელი ავეჯისა თუ დეკორატიული ელემენტების შესაფერისად განლაგებაში დაგეხმარებათ.

პატარა საძინებელში ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თავისუფალი სანტიმეტრის სწორად გამოყენება. ხშირად ხდება, რომ ეს ოთახი იმდენად პატარაა, კომოდისა თუ ტუალეტის მაგიდის განთავსებაც არ ხერხდება. კიდევ ერთი უსიამოვნება – წარუმატებელი დაგეგმარება, როცა ერთ კედელს დიდი ფანჯარა იკავებს, ხოლო მეორე კედლის შუაში კარია. შედეგად, მხოლოდ ორი თავისუფალი კედელი რჩება.

როგორ განვათავსოთ საჭირო ავეჯი და მოვიტოვოთ ადგილი მანევრისთვის, ამ შემთხვევაში? პასუხი მარტივია – თითოეული კუთხის გამოყენებით, ოღონდ ინტერიერის არასტანდარტული და ორიგინალური ხედვით.

1. კარადა

ჩვეულებრივ, მასიური და დიდი ზომის კარადები ოთახის დიდ ნაწილს იკავებს, მობრუნების საშუალებასაც არ გვიტოვებს. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

შეცვალეთ კარადა კომპაქტური კუთხის გარდერობით. მისი მოწყობა ძალიან მარტივია. უბრალოდ დაკიდეთ კუთხეში ძელი და დაკიდეთ ტანსაცმელი. ასევე, შეიძლება იქ რამდენიმე თაროს მოწყობაც. თუ არ გინდათ, რომ ტანსაცმელი ჩანდეს, შეუკვეთეთ გარდერობი თქვენი ოთახის ზომების გათვალისწინებით. ასე ტანსაცმლის კომპაქტური, ფუნქციური შესანახავი ადგილის მფლობელი გახდებით.

2. სტელაჟი

როგორი კომპაქტურიც არ უნდა იყოს ტუალეტის მაგიდა, ისიც საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს საძინებელში. ამიტომაც, დიზაინერები, მის ნაცვლად, მაღალ სტელაჟებს იყენებენ. განათავსეთ იგი კუთხეში, გვერდით კი დადგით იატაკის მაღალი სარკე. სტელაჟი შესანიშნავი სათავსოა. ქვედა თაროებზე შეგიძლიათ შეინახოთ ყოველდღიური გამოყენების ნივთები: კოსმეტიკური საშუალებები, სამკაულები, აქსესუარები. ზემოთ კი დაალაგეთ ნივთები, რომლებიც იშვიათად გჭირდებათ: წიგნები, თავსაბურავები, სეზონური ჩანთები და ა.შ.

3. კუთხის ავეჯი

პატარა საძინებლისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია კუთხის ავეჯი. უმჯობესია, თუ იგი რამდენიმე ნივთის ფუნქციას შეითავსებს. მაგალითად, შეიძლება დადგათ კუთხის კარადა, რომელიც, ერთბაშად, მაგიდასაც მოიცავს და კომოდსაც. თუ სარკეზე ეკონომიის გაკეთება გინდათ, შეუკვეთეთ ავეჯი სარკიანი კარებით.

4. ოთახის ყვავილები

თუ ოთახში ყველაფერი მოთავსდა, თუმცა ცარიელი კუთხე ეჭვს იწვევს თქვენში, დასახმარებლად მიმართეთ ოთახის მცენარეებს. ისინი გაალამაზებს თქვენს საძინებელს, უფრო მყუდროსა და მიმზიდველს გახდის. უმჯობესია, ამ მიზნებისთვის გამოიყენოთ დიდ ვაზონში ან ორიგინალურ კაშპოში ჩარგული მცენარეები. ამრიგად, თქვენ მიიღებთ ინტერიერის საინტერესო ნივთს, რომელიც ყურადღებას იქცევს.

5. თაროები

ცარიელი კუთხე შეგიძლიათ თაროებით შეავსოთ. თარო ზედმეტი არასდროსაა და თავისუფლად დაიტოვებს ყველაფერს, რაც საჭიროა: დაწყებული ფოტოებიანი ჩარჩოებით, ქანდაკებებით, ზარდახშებით, და დასრულებული წიგნებით, სასანთლეებითა და აქსესუარებით.

თაროები მაქსიმალურად მსუბუქად რომ გამოიყურებოდეს და სივრცეს ვიზუალურად არ აპატარავებდეს, შეაჩერეთ არჩევანი შუშისა და ნათელი ხის მოდელებზე. ამ შემთხვევაში, ისინი ნერვებს არ მოგიშლით.

6. დეკორი და აქსესუარები

თუ ოთახში დამატებითი სათავსოს აუცილებლობა ან პრაქტიკული ზონების უკმარისობა არაა, მიანიჭეთ კუთხეს დეკორატიული ფუნქცია. მაგალითად, დადეთ იქ იატაკის ლარნაკი, დიდი ქანდაკება ან დაკიდეთ ფოტოების ჩარჩოები. ასეთი წვრილმანები საძინებელს უფრო კომფორტულა და პერსონალიზებულს გახდის, რის შედეგადაც შეძლებთ, თავი მაქსიმალურად მყუდროდ იგრძნოთ.

7. დასაკიდი სავარძელი

დასაკიდი სავარძელი ინტერიერის ელეგანტური ნივთია. თუ ფანჯრის გვერდით თავისუფალი კუთხე გაქვთ, თამამად მოათავსეთ იქ ეს ელემენტი. ამრიგად, თქვენ შეძლებთ დამატებითი დასასვენებელი ზონისა და, ამავდროულად, საკითხავი კუთხის ორგანიზება. თუ ადგილი გეყოფათ, გვერდით დადგით პატარა ჟურნალის მაგიდა, ფანჯრის რაფის ქვეშ კი მოაწყვეთ წიგნების თარო. ეს ძალიან ლამაზი და, რაც მთავარია, ფუნქციური გამოვა.

8. კუთხის პატარა მაგიდა

სამწუხაროდ, ასეთი მაგიდის გამოყენება მუშაობისთვის, წერისა თუ კითხვისთვის არაა შესაძლებელი. იგი ერთგვარი საწოლისგვერდითა ტუმბოს ფუნქციას იკისრებს, რომელზეც შეგიძლიათ მოათავსოთ სამკაულებიანი ზარდახშა, ფოტოების ჩარჩოები, ყვავილებიანი ლარნაკი, მაგიდის სანათი, რამდენიმე წიგნი, რომლებსაც ახლა კითხულობთ. ასევე, იქ შეგიძლიათ დადოთ ტელეფონი თუ წყალი.

9. სამუშაო ზონა

თუ თქვენი მისაღები ოთახიც არ გამოირჩევა დიდი სივრცით, სამუშაო ზონის მოწყობის აუცილებლობა საძინებელში დადგება. ამ მიზნით კუთხე შესანიშნავად გამოიყენება. ნუ ინერვიულებთ, თუ მაღაზიებში შესაბამისი ზომების ავეჯს ვერ იპოვით. თანამედროვე მწარმოებლები მრავალფეროვან მაგიდებსა და თაროებს გვთავაზობენ, რომლებიც ძალიან მცირე სივრცეში დაეტევა. ამიტომ, გაეშურეთ ავეჯის მაღაზიაში, აირჩიეთ პატარა კუთხის მაგიდა და მოსახერხებელი სავარძელი ან ოფისის სკამი. არ დაგავიწყდეთ რამდენიმე თაროს დაკიდება, რათა გქონდეთ ადგილი დოკუმენტების, საკანცელარიო და სხვა საჭირო წვრილმანის შესანახავად.

10. მინი-კომოდი

თუ ოთახს დამატებითი სათავსოები სჭირდება, შეგიძლიათ, კუთხე მცირე ზომის კომოდით შეავსოთ. იმისათვის, რომ იგი არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ ესთეტიკურიც იყოს, შეარჩიეთ ორიგინალური დიზაინის ვარიანტი. ან, თუ საძინებელი ნეიტრალურ ფერებშია, იყიდეთ მკვეთრი ფერის კომოდი, რომელიც იდეალურად ჩაიწერება არსებულ დიზაინში და ინტერიერის აქცენტად იქცევა.

11. პუფი

ბევრს პუფი ინტერიერის უსარგებლო ნივთად მიაჩნია, თუმცა ძალიან ცდება. იგი არამხოლოდ ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურება ნებისმიერ ოთახში, იქნება ეს შემოსასვლელი, მისაღები თუ საძინებელი, არამედ სიმყუდროვესაც მატებს და მრავალ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, იგი დამატებითი დასაჯდომი ადგილია და გიხსნით ბევრი სტუმრის უეცარი მოსვლის დროს. ასევე, თქვენ შეგიძლიათ, ერთი მოძრაობით იგი ყავის მაგიდად აქციოთ – მასზე ლანგარი დადგათ. პუფი საწოლისგვერდითა ტუმბოდაც გამოგადგებათ, თუმცა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მისი სიმაღლე საძინებლის სიმაღლეზე არც ისე დაბალი იყოს.

12. იატაკის სანათი

საძინებელში მნიშვნელოვანია კარგი განათება. ჩვეულებრივ, სწორედ აქ ვკითხულობთ წიგნებს, ვიწესრიგებთ თავს დილითა და საღამოს, ხანდახან კი ვმუშაობთ. თუ ჭერის სანათები არაა საკმარისი, შეარჩიეთ იატაკისა. იგი იდეალურად შეავსებს კუთხეს. გარდა ამისა, იგი თავის უშუალო მისიასაც შეასრულებს და გახდის საძინებელს უფრო მყუდროსა და კომფორტულს.