
ხრუშოვკა, პრაქტიკულად, საბჭოთა არქიტექტურისა და ეპოქის სიმბოლოდ იქცა. მასობრივად გაჩენილი მრავალბინიანი სახლები, თავიდან, დროებითი საცხოვრებლის სახით შენდებოდა, თუმცა, როგორც თავად ხედავთ, ისინი დღემდე დგას. ახლა ბევრი ცხოვრობს ამ პანელურ სახლში, ხოლო, თუ არ ცხოვრობენ, ნამდვილად იცნობენ მათში მცხოვრბ ადამიანებს.
სწორედ ამ შენობების შესახებ დადის ხალხში უამრავი ლეგენდა და მითი, ზოგიერთი არქიტექტურული გადაწყვეტილება ღრმადაც გვაფიქრებს, პასუხამდე კი ვერ მივდივართ. ბუნებრივია, მათ არამხოლოდ სსრკ-ში, არამედ კავშირთან დაკავშირებულ ქვეყნებშიც აშენებდნენ. ხრუშოვკებს ბევრგან შეხვდებით გერმანიის ტერიტორიაზეც. დროა, ამ შენობების შესახებ უფრო მეტი გაიგოთ.
მითი №1: 5 სართული – სიცრუეა
საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ხრუშოვკა 5 სართულისგან შედგება, თუმცა ეს არაა სიმართლე. პირველი შენბა, რომელიც 1957 წელს აშენდა, 4 სართულს ითვლის. გარდა ამისა, ზოგიერთ ქალაქში აზრი არ ჰქონდა ხუთსართულიანი კორპუსების აშენებას.
უკიდურესად იშვიათია ექვსსართულიანი ხრუშოვკები, რომლებიც უფრო ბორცვიან დასახლებებში გვხვდება. უფრო ზუსტად, ფერდობზე აშენებულ კორპუსებს ერთ მხარეს 6, ხოლო მეორეს – 5 სართული აქვს. პირველ სართულზე მხოლოდ ორი ბინა იყო, ტექნიკურად, ეს სართული შეიძლება საძირკვლადაც მივიჩნიოთ.
მითი №2: ექსპლუატაციის ვადა – სიცრუეა
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ხრუშოვკები დროებით საცხოვრებლად აშენდა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დაუფიქრებლად აშენებდნენ. ბანალური ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია თვითონ მასალების ხარისხსა და იმაზე, თუ რამდენად იცავენ მაცხოვრებლები ტექნიკურ მდგომარეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში, როცა საუბარი მოსკოვის რენოვაციის პროგრამაზე დაიწყეს. თანამედროვე არქიტექტორების რწმუნებით, არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ხრუშოვკების ექსპლუატაციის ვადაა გაწერილი.
მითი №3: ლიფტები და ნაგვის მილი – სიცრუეა
ხრუშოვკების უმეტესობაში, მართალია, ლიფტები არ ყოფილა, რადგანაც ითვლებოდა, რომ ამდენი სართულისთვის ეს დიდი ფუფუნება იყო. მიუხედავად ამისა, 50-იან და, უფრო მეტად, 60-იან წლებში, დაიწყეს ლიფტის შახტების დამატება კორპუსებში.
რაც შეეხება ნაგვის მილებს – ხშირად, ისინი მხოლოდ ესკიზებზე იყო, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათ ბოლო მომენტში აშორებდნენ. ბოლომდე გასაგები არ არის, თუ რა იწვევდა ამას, შესაძლოა, ამასაც ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნევდნენ.
მითი №4: მრავალოთახიანი ბინები – სიცრუეა
ითვლება, რომ სამოთახიანზე უფრო დიდი ბინა ხრუშოვკებში არ ყოფილა, თუმცა, რეალურად, უფრო გვიანდელ ვერსიებში ოთხოთახიან ბინებსაც შეხვდებით.
გარდა ამისა, სურვილისამებრ, იპოვით უფრო დიდ ბინებსაც, თუმცა ეს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევებია, როცა, მაგალითად, ერთ ბინად ორი გააერთიანეს ან მსგავსი…
მითი №5: აღარ აშენებენ – სიცრუეა
ესეც მითი, რომელიც სულაც არაა მითი. მართლაც, მრავალბინიან სახლებს იმავე პროექტებით დიდი ხანია, აღარ აშენებენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის უპირატესობებს არ იყენებენ. ბევრი შენობა, თავისი ესკიზებით, მოგვაგონებს ხრუშოვკებს, თუმცა, მათ ლიფტითა და გაცილებით მაღალი სართულებით აშენებენ.
მოკლედ, არსებობს შენობები, რომლებსაც ადამიანები პასუხისმგებლიანად უდგებიან და დღემდე კომფორტულად ცხოვრობენ მასში. ენა არ მომიბრუნდება მისთვის ხრუშოვკის დასაძახებლად, რადგან ეს სიტყვა ახლა ძველის, ავარიული მდგომარეობისა და იაფფასიანი საცხოვრებლის სინონიმად აქციეს.