
ბინის რემონტი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია, რომლის უცხო ადამიანების მხრებზე გადაიდებაც არ შეიძლება.
ნებისმიერ შემთხვევაში, მუშები მოგატყუებენ, თუმცა, დანაკარგს მინიმუმამდე დაიყვანთ, თუ საქმეს გონივრულად მიუდგებით. ჩვენმა რედაქციამ მოამზადა რამდენიმე სასარგებლო რჩევა რემონტისთვის, რომლებიც, იმედია, გამოგადგებათ.
რჩევები ბინის რემონტისთვის
1. მასალების შეძენა
არავითარ შემთხვევაში არ მიანდოთ ხელოსნებს სამშენებლო მასალების შეძენა, მაშინაც კი, თუ ამას თავად გთხოვენ. ხშირად, ისინი აზვიადებენ ფასებს თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ და დამკვეთს ზედმეტს ახდევინებენ. ნუ დაგეზარებათ, შეისწავლეთ ფასების პოლიტიკა სამშენებლო მასალების ბაზარზე და თავად შეიძინეთ მასალები შემოწმებულ მაღაზიაში.
2. ინსტრუმენტების შეძენა
თუ ხელოსნები ამტკიცებენ, რომ ახალი ინსტრუმენტი თქვენი ხარჯით უნდა იყიდოთ, ნუ დაუჯერებთ. გამოცდილ ხელოსნებს აუცილებლად ექნებათ ყველა აუცილებელი მოწყობილობა ნებისმიერი ბინის რემონტისთვის.
3. ბინა, როგორც ხელოსნების საცხოვრებელი ადგილი
ხშირად, ხეპრე ხელოსნები ითხოვენ იმ ბინაში ცხოვრებას, რომელშიც რემონტს აკეთებენ. ასეთი სითავხედე სასწრაფოდ უნდა აღკვეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი ხელოსნები არამხოლოდ თქვენს, არამედ მეზობლების ბინაშიც დაიწყებენ რემონტის გაკეთებას და საქმეს დიდხანს გაწელავენ.
ასევე, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთ მშვენიერ დღეს, თქვენს საცხოვრებელ სახლში ხელოსნების ნათესავებიც დაგხვდებათ.
4. რემონტის ვადები
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია: თუ ხელოსნები გპირდებიან, რომ ყველაფერს სულ რამდენიმე დღეში გააკეთებენ, ესე იგი, ხარისხიანი რემონტის შესახებ უნდა დაივიწყოთ.
მედლის მეორე მხარეა პროცესის გაწელვა. ასეთი ქცევა იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ არ ხართ მათი ერთადერთი კლიენტი და, დიდი ალბათობით, რემონტს მორჩენილ თავისუფალ დროს გააკეთებენ.
დაიმახსოვრეთ, რომ 20 კვ.მ. ფართობის ერთოთახიან ბინაში სამი ადამიანისგან შემდგარ გუნდს 1 კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირდეს.
5. მუშების დაუდევრობა
ყოველთვის უნდა აკონტროლოთ რემონტის პროცესი, განსაკუთრებით, ფარული კომუნიკაციების დაგებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მიიღოთ შპალერზე მიწებებული შტეფსელები და იაფფასიანი პლასტმასის მილებიი.
რემონტთან დაკავშირებულ პრობლემებს თავი რომ აარიდოთ, გულდასმით შეისწავლეთ ყველა ნიუანსი და გათვალეთ ყველაფერი დამოუკიდებლად. გისურვებთ მხოლოდ სასიამოვნო ემოციებსა და საიმედო ხელოსნებს.