
არსებული სივრცის რაციონალურად გამოყენებისა და თითოეული კვადრატული მეტრის სწორად მოწყობის უნარი – ნამდვილი ხელოვნებაა! არსებობს უამრავი ხრიკი და ხელსაწყო, რომლებიც დაგეხმარებათ პატარა ბინის კომფორტულ, მყუდრო და ფუნქციურ ბუდედ ქცევაში. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა სწორი ნივთების შეძენა. გთავაზობთ სიას, რომელიც მოიცავს იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია პატარა ბინაში.
დიდ სახლზე ბევრი ჩვენგანი ოცნებობს. თუმცა, ყველას არ შეუძლია ამ ოცნების განხორციელება და ვაგრძელებთ პატარა ბინებში ცხოვრებას. მაშინაც კი, თუ თქვენ იმ ექსტრემალურად პატარა ბინის მფლობელი ხართ, რომლის ფართობიც 8-10 კვ.მ.-ა, არსებული სივრცე მაინც საკმარისი იქნება, თუ გონივრულად გამოიყენებთ და სიტუაციას სხვა კუთხით მიუდგებით. ასეთ ბინებს ერთი უდიდესი დადებითი მხარე აქვთ: ერთოთახიანი ბინა შესანიშნავი შესაძლებლობაა სივრცის რაციონალურად გამოყენების, მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენისა და დიზაინერული თვისებების გამოვლენის შესასწავლად. მაშ ასე, რა არის საჭირო პატარა ბინისთვის?
1. მაგიდა-მატრიოშკა
როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, პატარა ბინის მფლობელებმა მხოლოდ მრავალფუნქციური ავეჯი უნდა შეიძინონ, რომლებიც ორი ან მეტი ნივთის ფუნქციას შეასრულებენ. ამის ნათელი მაგალითია მაგიდა-მატრიოშკა. ეს ნივთი წარმოადგენს რამდენიმე, სხვადასხვა ზომის მაგიდების კომპლექტს. უმეტეს შემთხვევაში, იგი მოიცავს 3-4 იარუსს, რომლებსაც თქვენი მოთხოვნილებისამებრ გამოიყენებთ. ხელის ერთი მოძრაობით, ნივთი იქცევა ჟურნალის მაგიდად, საწოლის ტუმბოდ, ოთახის მცენარის დასადგამად… თუ იარუსის ქვეშ თავისუფალი ადგილი დაგრჩათ, შეგიძლიათ, აქ მოათავსოთ წიგნები, ჟურნალები ან სხვა წვრილმანები.
2. კალათები
დაწნული კალათები უკვე დიდი ხანია, აღარაა ინტერიერის მხოლოდ საზღვარგარეთული დეტალი. ჩვენთანაც დააფასეს მათი კომფორტულობა, სილამაზე, ფუნქციურობა და სიამოვნებით ყიდულობენ ბინებისთვის. კალათები არამხოლოდ სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა წვრილმანის ორგანიზებაში გვეხმარება და მინიმალურ ადგილს იკავებს, არამედ ალამაზებს ინტერიერს, იქცევა მის პიკანტურ მარცვლად. მათში შეიძლება პირსახოცების, სათამაშოების, საწოლის თეთრეულების, ბურღულით სავსე ქილებისა და მრავალი სხვა წვრილმანის შენახვა.
3. პუფი
ჩვეულებრივ, პუფები არ უყვართ მათ, ვინც ამ ნივთის ფუნქციურობის შესახებ არ იცის. ამიტომ, გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რომელთა გამოც უნდა გიყვარდეთ ინტერიერის ეს ნაწილი. პირველ რიგში, პუფი ძალიან კომპაქტური სკამია, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პატარა ბინებისთვის. მეორეც, იგი მოძრავია – ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ მისი გადატანა ოთახის მეორე ბოლოში ან საერთოდ სხვა ოთახში შენახვა. მესამეც, არსებობს აღნიშნული ნივთის უამრავი ნაირსახეობა. ფერი, ფორმა, ზომა – ეს ყველაფერი თქვენი მოთხოვნილებისა და ბინის ინტერიერის სტილის მიხედვით ირჩევა. და მეოთხეც, პუფებს შეიძლება ჟურნალის მაგიდის, ტუმბოს, დამატებითი დასაჯდომი ადგილის ან ფეხების დასაწყობის ფუნქციაც დააკისროთ.
4. დიდი სარკე
როგორც ცნობილია, სარკეები და პრიალა ზედაპირები ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, ხდის მას უფრო ნათელსა და ვრცელს. ამიტომ, იატაკიდან ჭერამდე სარკე თქვენი საცხოვრებლისთვის მოდურ დანამატად იქცევა.
5. უჯრები საწოლის ქვეშ
თუ გიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ მოაწყოთ შენახვის სისტემები საძინებელში, აუცილებლად გაიხსენეთ საწოლისქვეშა სივრცის შესახებ. იგი შეგიძლიათ გაავსოთ უჯრებით, რომლებიც ავეჯს კომპლექტში მოჰყვება, ან გამოიყენეთ ჩვეულებრივი მუყაოს ყუთები საწოლის ქვეშ დასადგმელად. ისინი საკმაოდ ტევადია, ამიტომ სეზონური ნივთების შესანახავად სწორედ რომ ზედგამოჭრილია. ამავდროულად, თუ უჯრები ან ყუთები საწოლის ქვეშ იქნება, მათ ვერავინ შეამჩნევს.
6. ღია საკიდი
ნებისმიერი შემოსასვლელი ოთახი საკიდით იწყება. ეს შესანიშნავი გზაა ტანსაცმლის შენახვისთვის, მინიმალურ ადგილს იკავებს, კარადისა და კომოდისგან განსხვავებით. შეგიძლიათ, შეიძინოთ კედლის ან იატაკის ვარიანტი, იმის მიხედვით, თუ რამხელა თავისუფალი სივრცეა ოთახში. ღია საკიდით, თქვენ შეძლებთ გარდერობის ორგანიზებას ნებისმიერ სივრცეში, თუნდაც ძალიან პატარაში, რადგან მას მოათავსებთ როგორც კედელზე, ისე კუთხეში ან ნიშაში.
7. ყუთები
ყუთები უნივერსალური ორგანაიზერებია, რამდენადაც მათში აბსოლუტურად ყველაფრის შენახვა შეიძლება. წიგნები, დოკუმენტები, ტანსაცმელი, სათამაშოები, სამკერვალო ნივთები და ბევრი სხვა. შეზღუდვა მხოლოდ არსებული ყუთების ზომებზეა დაწესებული. სხვათა შორის, ეს ნივთი საკმაოდ მყარია იმისთვისაც, რომ მისგან ჟურნალის მაგიდა ან საწოლის ტუმბო დაამზადოთ.
8. წყვილი თაროები
როცა ბინაში ადგილი ძალიან ცოტაა, ხოლო შესანახავი ნივთი – ბევრი, დაგეხმარებათ თაროები. მათ უამრავი უპირატესობა აქვთ კარადებთან მიმართებით: ისინი დახვეწილი, მსუბუქი, მრავალფეროვანია, ჰარმონიულად ერწყმის სხვადასხვა ინტერიერს. გარდა ამისა, ისინი არ გზღუდავენ და არ აბრკოლებენ სივრცეს, ინტერიერს აქცევენ თავისუფალ და ელეგანტურ რამედ. მათი გამოყენება შეიძლება წიგნების, ჩარჩოების, ჭურჭლის, ოთახის მცენარეების, წვრილმანებით გატენილი ზარდახშების შესანახავად. ღია თაროები გადაგარჩენთ ნებისმიერ სიტუაციაში, ამასთან, მინიმალურ ადგილს დაიკავებს თქვენს ბინაში.
9. ბარის ურიკა
ინტერიერის ეს ნივთი ძალიან სწრაფად იპყრობს უცხოელთა გულებს. გთავაზობთ, თქვენც შეიძინოთ ასეთი ურიკა. იკითხავთ, რატომ? ახლა მის უპირატესობებზე გიამბობთ: პირველ რიგში, მრავალფუნქციურობა. ჩვენ უკვე ვთქვით, რატომაა იგი აუცილებელი პატარა ბინებში. ურიკა შეგიძლიათ ყავის მაგიდად, საწოლის ტუმბოდ, პატარა ბარის სადგამადაც გამოიყენოთ. მეორეც, მას ბორბლები აქვს, ამიტომ თქვენთვის მარტივი იქნება მისი გადატანა ნებისმიერ ოთახში, როცა, მაგალითად, სტუმრები გეწვევათ.
10. თხელი სამხრეები
ეს ელემენტი უბრალოდ შეუცვლელია პატარა ბინაში, რადგან, თხელი, პლასტმასის ან მეტალის სამხრეების წყალობით, გარდერობში გაცილებით უფრო ბევრი ტანსაცმელი დაეტევა. სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ საზაფხულო ან თხელი ნივთებისთვისაა მოსახერხებელი. აი, პიჯაკები, ზედა და მამაკაცის ტანსაცმელი უფრო დიდ სამხრეებზე უნდა ეკიდოს.