
მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოს ზედაპირებს საკმაოდ მედეგი მასალებისგან ამზადებენ, ზოგიერთი გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, ნებისმიერი მათგანი იწყებს ცვეთას. Novate.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა ამცირებს ზედაპირის გამოყენების ვადებს და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მაქსიმალურად დიდხანს შეუნარჩუნოთ მას პირვანდელი სახე.
1. აბრაზიული ნივთიერებები
დამეთანხმებით, ცხიმისა და მსგავსი დაბინძურების ლაქები, რომლებიც რეგულარულად ჩნდება სამზარეულოს ზედაპირზე, არ იწმინდება ჩვეულებრივი ტილოთი. თუმცა, მაინც ეცადეთ, ნაკლებად მიმართოთ აბრაზიულ საწმენდ საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ამიაკი და მათეთრებლები. ამ ნივთიერებების ზემოქმედებით, ზედაპირი სწრაფად ხუნდება, კარგავს ფერს. გარდა ამისა, ცვთება დამცავი საფარიც, და ზედაპირი მოწყვლადი ხდება. ყოველდღიური მოვლისთვის საკმარისია ორი რამ: ჩვეულებრივი სველი ტილო და ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ამ შემთხვევაში, იგი უფრო დიდხანს გაძლევს.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ, როცა ქურას ან ღუმელს წმენდთ სხვადასხვა საშუალებით, ეცადეთ, ყურადღებით იყოთ. მათ გამო, ზედაპირზე რჩება ულამაზო მოთეთრო ლაქები, მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით დადგამთ ბოთლს მაგიდაზე. ასევე, შეიძლება გაჩნდეს არაპრეზენტაბელური სარტყელიც, რომელიც საკმაოდ რთულად ამოდის, თუ გახმება.
2. ტემპერატურული ცვლილებები
რამდენადაც თანამედროვე ბინების სამზარეულოების უმეტესობა დიდი ფართობით არ გამოირჩევა, დიასახლისები საყოფაცხოვრებო ტექნიკას ზედაპირებზე ინახავენ. თუმცა, ტოსტერის, ორთქლსახარშის, მულტიქვაბის ფსკერი, მუშაობის დროს, ძალიან თბება, შედეგად კი ზიანდება სამზარეულოს ზედაპირი. მუდმივი ტემპერატურული ცვლილებები იწვევს ფერის ცვლილებებსა და მიკრონაპრალებს. ამიტომ, ან მოათავსეთ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სპეციალურ თაროებზე, ან დადეთ მათ ქვეშ ხის დაფები ან სპეციალური დასადგამები. ასევე, იზრუნეთ მძიმე ნივთებზეც, რომლებიც ზედაპირზე აწყვია, მაგალითად, ქვის სანაყზე. ზედაპირი რომ არ დაიკაწროს, მიაწებეთ მათ ფსკერზე რამდენიმე ქეჩის საფენი, რომლებსაც ავეჯის ფეხებისთვის იყენებთ ხოლმე. ასე გაგიმარტივდებათ მძიმე აქსესუარების გადაადგილება ზედაპირზე.
3. მჟავა
მასალები, რომლებისგანაც ზედაპირებს ამზადებენ, უაღრესად მგრძნობიარეა მჟავების მიმართ. განსაკუთრებით, თუ საუბარია მარმარილოზე, რომელსაც კალციუმის კარბონატით ამზადებენ. ამიტომ, თუ უცებ შენიშნეთ, რომ ზედაპირზე ძმრის, ლიმონის ან პომიდვრის წვენის, ყავისა თუ ღვინის ნარჩენებია, მაშინვე მოწმინდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, სულ ცოტახანში, ისინი ულამაზო ლაქებად იქცევა. მას შემდეგ, რაც ლაქებს ხელსახოცით მოწმენდთ, მოაყარეთ ზედაპირს სოდა, მჟავის განეიტრალებისთვის.
4. წყალი
ზედაპირზე წყალიც დამღუპველად მოქმედებს. თუ მასზე გუბურა შენიშნეთ, დაუყოვნებლივ გადაწმინდეთ მშრალი ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ წყალს დატოვებთ მთელი დღით ან ღამით, დარჩება ლაქები თხელი თეთრი სარტყლის სახით. განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ზედაპირი ონკნის წყლით.
5. ბასრი საგნები
გახსოვთ, როგორ გვასწავლიდნენ ბებიები და მშობლები ბავშვობაში, რომ მაგიდაზე არაფერი დაგვეჭრა? დროა, ეს მივიწყებული ჭეშმარიტება გაიხსენოთ. ვერც ერთი ზედაპირი ვერ იტანს, როცა მასზე ვიღაც რეგულარულად დაჭრის საკვებს. ასევე, ყურადღება გაამახვილეთ დანების ვერტიკალურ დასადგამზეც. თუ გრძელ დანებს შეუფერებელ ხვრელებში ჩადებთ, სამართებელი ზედაპირს შეეხება. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ნაკაწრებს გააჩენს.
6. ზეწოლა
ნებისმიერი ზედაპირის სუსრი წერტილები – კუთხეებია. ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც სამუშაო ზედაპირებს ემართებათ, მდგომარეობს დაზიანებებასა და აქერცლვაში. მსგავს უსიამოვნებებს ნაკლებად რომ შეეჩეხოთ, ეცადეთ, შეამციროთ ზეწოლა ზედაპირზე: ნაკლებად დაეყრდენით, არ დადგათ კუთხეებზე მძიმე საგნები და, რაც მთავარია, არ გახსნათ ლუდის ბოთლები მათზე.
7. ცხელი ჭურჭელი
ზედაპირები ვერ იტანს ცხელ ჭურჭელთან კონტაქტს. ტაფები, ქვაბები, თეფშები – ეს ყველაფერი ქურაზე, საჭრელ დაფებზე ან სპეციალურ დასადგამებზე უნდა დაიდოს, ოღონდ არა სამზარეულო ზედაპირზე. მაღალი ტემპერატურა სამუშაო ზედაპირის მთავარი მტერია. იგი იწვევს ნახეთქების გაჩენასა და საღებავის გამუქებას, რის გამოც არამხოლოდ იერი, არამედ ფუნქციურობაც იკარგება.
8. მზე
თუ თქვენი სამზარეულო მზიან მხარესაა, მოიმარაგეთ ფარდები, ეკრანები ან ჟალუზები. მხოლოდ ისინი დაიცავს თქვენს მაგიდის ზედაპირს იმ დღეებში, როცა გარეთ კაშკაშა მზეა. საქმე ისაა, რომ მზის ნათელი სხივები სწრაფად აორთქლებს საღებავს ლამინირებული ზედაპირებიდან. მზე ქვისა და ხის ზედაპირებსაც ემუქრება: მათზე ქრება დამცავი ჰერმეტული ფენა. ამიტომ, თქვენივე ინტერესებშია, მაქსიმალურად მოარიდოთ ზედაპირი მზეს, რათა მისი გამოყენების ვადა გაახანგრძლივოთ>
9. განმეორებადი მოძრაობები
თუ საკვებს მუდმივად ზედაპირის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ამზადებთ, სავსებით კანონზომიერია, რომ იგი უფრო სწრაფად გაიცვითება. ამიტომ, ეცადეთ, უფრო ხშირად შეცვალოთ დისლოკაციები, რათა მაქსიმალურად დაიცვათ ზედაპირი დაზიანებისგან. და კიდევ ერთი ვარიანტი – შეიძინოთ დიდი საჭრელი დაფა, რომელიც დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს ზედაპირზე, რითიც დაიცავს მას.