
სრულყოფილი საცხოვრებლის შექმნა 3D საბეჭდის ტექნოლოგიის გამოყენებით, უკვე აღარავის აკვირვებს. რამდენადაც მშენებლობის ასეთი მეთოდი გაცილებით ეკონომიურია და არც დიდ დროს მოითხოვს, მისი შესაძლებლობებით დაინტერესდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, საცხოვრებელი გამოუყონ შეჭირვებულ მოსახლეობას. ამის ნათელი მტკიცებულება გახდა პროგრამა New Story, რომლის წყალობითაც, უმოკლეს დროში, მსოფლიო იხილავს მთელ 3D სოფელს, მექსიკის სასოფლო დასახლების გაჭირვებული მოსახლეობისთვის.
სახლების 3D მბეჭდავი სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან საცხოვრებლის შესაქმნელად ერთიდან რამდენიმე დღე სჭირდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის ღირებულებას. ასეთი მშენებლობა განსაკუთრებით აქტუალურია რთულად მისადგომ ადგილებზე, სადაც რთულია მასალებისა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის მიწოდება. ყველა ენერგოხარჯისა და ფინანსური გასავლის გათვლის შემდეგ, არაკომერციული ორგანიზაცია New Story-ს სპეციალისტებმა, რომლებიც გაჭირვებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე მუშაობდნენ, განაცხადეს, რომ მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლელი ფერმერებისთვის 3D სოფლებს შექმნიდნენ. ეს ორგანიზაცია უკვე არა ერთი წელია ქმნის სახლებს სოფლებისთვის, რომლებშიც მოსახლეობა არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს და, თუ წინა პროექტები ტრადიციულ მშენებლობას ემყარებოდამ ახლა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს.
New Story Charity – ესაა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საცხოვრებლით უზრუნველყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც ადამიანებისთვის შეუფერებელ თავშესაფრებში ცხოვრობენ. ორგანიზაცია 2014 წელს დაარსდა და საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსებას მხარი დაუჭირა 4 ქვეყანაში, მისი ძალისხმევით, უკვე 2700-ზე მეტი სახლი აშენდა, რამაც რადიკალურად შეცვალა 15 000-ზე მეტი ადამიანის ცხოვრება.
დიზაინის სტუდია Fuseproject-სთან და სამშენებლო კომპანია Icon და Échale-სთან პარტნიორობით, ორგანიზაციამ შეიმუშავა მთელი სოფლის 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით აშენების პროექტი. გუნდი გეგმავს, ააშენოს 50 სახლი 400 ადამიანისთვის, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის პირობებში, ნახევრადდანგრეულ დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ.
ახალი საცხოვრებელი სრულად იქნება მორგებული სასოფლო ცხოვრების მოთხოვნილებებთან, ამიტომ, დაგეგმილია ნამდვილი ეზოსა და ნაკვეთების ორგანიზება. მიუხედავად იმისა, რომ სახლის პროექტები ძალიან პატარაა (საერთო ფართობი – 46.5 კვ.მ.), მათში ყველა პირობა იქნება 4-5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახის კომფორტული ცხოვრებისთვის.
ბუნებრივია, მშენებლობის დაწყებამდე, სპეციალისტთა ჯგუფმა გამოიკვლია შენების რაიონი და შეიმუმშავა უსაფრთხოების სტანდარტების შესაფერისი აღჭურვილობები. პროექტზე მომუშავეები პირობას დებენ, რომ აშენებული სახლები გაუძლებენ არამხოლოდ ბუნებრივ კატაკლიზმებსა და მიწისძვრებს, არამედ, დროის გამოცდასაც. ყველა კვლევაზე, თანხმობებსა და შემუშავებაზე, თითქმის 2 წელი დაიხარჯა, თუმცაღა თავად სოფლის მშენებლობა დიდ დროს არ წაიღებს.
სახლი შენდება მოძრავი 3D პრინტერის, “Icon Vulcan II”-ის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა, დაბეჭდონ ყველაზე რთულად მისადგომ რაიონებშიც კი. აგრეგატები არ მოითხოვს დამატებით კვებას ან წყალთან მიერთებას, თუმცა ეს ყველაფერი არაა.
ასეთი ფართობის სახლის აშენების განსაკუთრებული ტექნოლოგიის წყალობით, შენების დრო 24 საათამდეა შემცირებული, მშენებლობის დროს კი თითქმის არ წარმოიქმნება ნარჩენები, რაც ძალიან კარგად აისახება როგორც ფინანსებზე, ისე გარემოზეც. კედლების ამოშენების შემდეგ, საქმეს შეუდგება მშენებელთა გუნდები, რომლებიც ამონტაჟებენ სახურავებს, კარებს, ფანჯრებს, გაჰყავთ ელექტრობა, წყალი და კანალიზაცია.
ნიუ სთორის თქმით, პირველი ორი სახლი უკვე აშენებული და სრულად მოწყობილია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი გაჭირვებული მოქალაქეებისთვისაა გათვლილი, საქველმოქმედო ორგანიზაციამ საკუთარ თავზე აიღო ინტერიერის სრულყოფილად მოწყობაც.
50-ივე სახლი სრულყოფილი კომპლექტაციით გადაეცემა იღბლიან მოსახლეობას, ხოლო იმისათვის, რომ ორი საძინებელი, მისაღები და სამზარეულო აბსოლუტურად ცარიელი არ იყოს, ორგანიზაცია, სხვა საქველმოქმედო ფონდებთან და მეცენატებთან ერთად, უზრუნველყოფს ყველა საცხოვრებლის აუცილებელი ტექნიკითა და ავეჯით მოწყობას. ამ მომენტისთვის, ეს ორი სახლი უკვე სრულყოფილად დაკომპლექტებულია და მზადაა ექსპლუატაციაში გადასაცემად.
მომავალ წელს იგეგმება დარჩენილი 48 სახლის აშენებაც, რომლებიც იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლების სტაბილური ყოველთვიური შემოსავალიც არ აღემატება 200 დოლარს და ნახევრადდანგრეულ ქოხებში ცხოვრობენ.
როგორც პროგრამის ორგანიზატორები გვპირდებიან, სახლები თითქმის საჩუქრად გაიცემა, იღბლიან მფლობელებს გადასცემენ 0%-იან კრედიტს, რომლის გადახდაც 7 წლის მანძილზე, ყოველთვიური 20 დოლარის საფასურით შეუძლიათ, დანარჩენ ხარჯს კი (პროგრამის ორგანიზატორებს დღემდე არ დაუსახელებიათ მშენებლობის სრული ღირებულება) ფარავს საქველმოქმედო ფონდი.