დედამიწა სავალალო მდგომარეობაშია. როგორ დავიცვათ ეკოლოგია

ადამიანების საქმიანობა და ეკოლოგიური კატასტროფები განუყოფლად დაკავშირებულია. ყველაფერი იმიტომ, რომ გასული საუკუნიდან დღემდე გაჩენილი ნებისმიერი გამოგონება ყოფავცხოვრების გამარტივებას ემსახურებოდა. როცა გამომგონებელი ახალ ნივთს იგონებს, პირველ რიგში, იმაზე ფიქრობს, თუ როგორ დაეხმარება ეს ჩვეულებრივ ადამიანს ცხოვრების გამარტივებაში. ხოლო გამოგონება, ეკოლოგიის კუთხით, ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ პრობლემას ვაწყდებით.

ადამიანის ეკოლოგიური საქმიანობა

ადამიანის ცნობიერება აუცილებლად უნდა ამაღლდეს, სანამ გვიანი არაა. დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ ვისგან უნდა ავიღოთ მაგალითი ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, საკუთარი ჩვევების შეცვლით.

გაიხსენეთ გოგონა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო: გრეტა ტუნბერგი იმდენად შეწუხებულია კლიმატური ცვლილებებით, რომ უარს ამბობს სკოლაში სიარულზე და ზრდასრულივით აიძულებს უფროსებს, მონაწილეობა მიიღონ პლანეტის მომავლისთვის ბრძოლაში. ის მხოლოდ 16 წლისაა.

ნარჩენების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ჩეხეთსა და ბელორუსში უკვე დადგეს აპარატები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ქიმიას წონით ასხამს. უბრალოდ იფიქრეთ, რამდენ შამპუნის, თხევადი სარეცხი საშუალებების, საშხაპე გელების პლასტმასის ბოთლს ყრით თვეში. სხვათა შორის, მეწარმეთა საყურადღებოდ: ეს ავტომატები შესანიშნავი ბიზნეს-იდეაცაა, რომელიც ეკოლოგიასაც არგებს.

თუ ჯერ კიდევ არ გესმით, თუ როგორ გამოიყურება გადამუშავებული პლასტმასის ბოთლები და რატომაა საჭირო მათი დახარისხება, შეხედეთ ამ მაისურს. სპეციალური ჩარხი აქუცმაცებს ბოთლებს და ამზადებს ამ ნარჩენებისგან ძაფებს, შემდეგ, პლასტმასის ძაფებისგან იკერება ტანსაცმელი. ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, ხარჯიანია, თუმცა როგორღაც ხომ უნდა ვებრძოლოთ პლასტმასის ნარჩენებს, რომლებიც მსოფლიო ფლორასა და ფაუნას ვნებს.

მთელი მსოფლიოს მაღაზიები და სუპერმარკეტები წელიწადში 1.5 მლნ ტონაზე მეტ ნაგავს ყრიან. სხვა ქვეყნებისთვის კარგ მაგალითად იქცა საფრანგეთი. აქ 2016 წლიდან, კანონით აკრძალულია გაუყიდავი პროდუქტის უტილიზება. გადაყრის ნაცვლად, სუპერმარკეტების ხელმძღვანელობას ევალება, გაუყიდავი საკვები, რომელსაც ვადა მალე გასდის, ქველმოქმედებისთვის გასცეს.

კარგი პრაქტიკაა საგრძნობი ფასდაკლება იმ პროდუქტებზე, რომლებსაც გამოყენების ვადა გასდით. დანიაში არსებობს მაღაზიები, რომლებშიც ასეთი პროდუქტის გაყიდვით შემოსული მოგება ქველმოქმედებაში იხარჯება.

Adidas-ი კი ეკოლოგიაზე თავისებურად ზრუნავს: ყოველ წელს, კომპანია უშვებს 11 მლნ სპორტულ ფეხსაცმელს, დამზადებულს გადამუშავებული პლასტმასისგან.

ყავის კაფსულები ინარჩუნებს ყავის არომატს და ამარტივებს მომზადებას: არ გჭირდებათ ყოველ ჯერზე ყავის რაოდენობის გაზომვა. თუმცა, ამ კაფსულების უმეტესობა ერთჯერადია, ამიტომ წელიწადში ისინი 56 მლნ ტონა ნაგავს აგროვებს.

ჯიმი ოსტჰოლმი – შვედი გამომგონებელია, რომელმაც Nespresso-ს ალუმინის კაფსულებისგან ველოსიპედი შექმნა. კომპანიამ კი გარემოზე იმით იზრუნა, რომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში დადგა 100 ათასზე მეტი პუნქტი ყავის ცარიელი კაფსულების ჩასაბარებლად. გარდა ამისა, კომპანია Nespresso ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს ეკოპროექტებზე.

კიდევ ერთმა რაციონალისტმა შვედმა, პონტუს ტენკვისტმა გამოიგონა ბიოპლასტმასი კარტოფილის სახამებლისა და წყლისგან. ასეთი პლასტმასი 2 თვეში იშლება, მისგან შეიძლება ეკოლოგიური ჭურჭლის, სუფრის ხელსაწყოებისა და ცელოფნების დამზადება.

ადამიანის ცხოველქმედების ეკოლოგიური შედეგები ისევ მას ვნებს, ამის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს. შეგვიძლია, ყველაზე მარტივით დავიწყოთ: დავახარისხოთ ნაგავი და უარი ვთქვათ ერთჯერად პაკეტებზე – ჩავანაცვლოთ მრავალჯერადით.

 

უბრალოდ გვეჩვენება, რომ ერთ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შეგვიძლია! მაკულატურის ჩაბარება თუ პლასტმასის ნივთების ხელმეორედ გამოყენება იმაზე ნაკლებ დროს წაიღებს და იმაზე მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე გგონიათ.