7 რჩევა: როგორ ვაქციოთ პატარა ბინა ტევად სახლად

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მუდმივად შენდება ახალი სახლები, ძველი კორპუსების პატარა ბინები მაინც პოპულარული საცხოვრებლებია. და, თუ სულ ცოტა ხნის წინ ისინი ნაკლებად შეძლებული ადამიანების საცხოვრებლად ითვლებოდა, თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებების წყალობით, პატარა ბინები თანდათან იქცევა მყუდრო, მოდურ და კომფორტულ საცხოვრებლად. Novate.ge მოგიყვებათ, თუ რა პრინციპებს უნდა მივყვეთ იმისათვის, რომ ძველი კორპუსის პატარა ბინა მყუდრო და ტევად სახლად ვაქციოთ.

1. გადაგეგმარება

გადაგეგმარება რადიკალური და, ამავდროულად, ყველაზე საჭირო ვარიანტია, თუ საუბარი ხრუშოვკებს ეხება. ძალიან პატარა დერეფანი, პატარა სამზარეულო, შერეული სან.კვანძი, რომელშიც თაგვი კუდს ვერ მოაბრუნებს… ეს ყველაფერი ცხოვრებას კომფორტულს არ ხდის. პირიქით, უამრავი კედელი ისეთ აუცილებელ სივრცეს ჭამს და მანევრებისთვის ადგილს არ ტოვებს. სიტუაციის გამოსასწორებლად უნდა იფიქროთ, თუ როგორ შეიძლება არსებული სივრცის გადაგეგმარება ისე, რომ თავი მყუდროდ იგრძნოთ. მაგალითად, შეგიძლიათ მისაღები სამზარეულოსთან გააერთიანოთ ან ორი სხვა ოთახი შეურიოთ, საჭირო ადგილას დადგათ შირმა ან თაბაშირმუყაოს ტიხარი.

ასევე, შეიძლება უფრო მტკიცე ნაბიჯის გადადგმაც – ყველა კედლის ჩამონგრევა და ოროთახიანისგან ვრცელი სტუდიოს ტიპის ბინის გაკეთება. მთავარია, ჩაფიქრებული ცვლილებები ბინის პროექტს მოარგოთ. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, განახორციელეთ გეგმა და აუცილებლად დაყავით მთელი ფართობი ზონებად, მაგალითად: სასადილო, სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი, საძინებელი და ა.შ. ამაში დაგეხმარებათ ავეჯი (დივანი, ბარის მაგიდა, სამზარეულოს კუნძული, სტელაჟი), ზემოხსენებული თაბაშირმუყაოს ტიხარი, იატაკისა და კედლის სხვადასხვა საფარი, განათება და სხვა.

2. ჭერქვეშა სივრცის გამოყენება

მაღალი ჭერი ნამდვილი ხსნაა, თუ თავად ბინა დიდი არაა. მისი დახმარებით, შეიძლება ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც შენახვის ადგილების ნაკლებობასთანაა დაკავშირებული.  უბრალოდ მოაწყვეთ კარებს ზემოთ თაროები ან ერთგვარი ნიშები, და მოათავსეთ იქ ნივთები, რომლებიც დროგამოშვებით გჭირდებათ. მაგალითად, სეზონური ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, ახალი პირსახოცები, ნაძვის ხის სათამაშოები და ა.შ. ეს ვარიანტი განსაკუთრებით კარგია, თუ ყველა ამ ნივთს, ჩვეულებრივ, აივანზე ინახავდით. ამ შემთხვევაში, გაგითავისუფლდებათ დიდი ადგილი და შეძლებთ, აივანი ოთახს მიუერთოთ, რითაც ბინის ფართობსაც გააფართოვებთ.

3. ნათელი ტონები

ხრუშოვკებისთვის, რომლებიც დიდი ფართობით არ გამოირჩევა, მუქი ფერების გამოყენება ცუდ ვარიანტად ითვლება. პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ მსგავსი ფერები ავიწროვებს სივრცეს, რაც დაუშვებელია პატარა ბინებში. ამიტომ, რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ფერთა გამის შერჩევას. შეგიძლიათ, შთაგონდეთ სკანდინავიური ინტერიერით, რომელშიც ჭარბობს თეთრი, ან გამოიყენოთ უფრო საინტერესო ტონები, მაგალითად, კრემისფერი, რძიანი ყავისფერი, სხვადასხვა ფერის ნუდი და პასტელური ტონები. ხოლო იმისათვის, რომ მოდერნიზაციის შემდეგ ბინა საავადმყოფოს სტერილურ პალატას არ დაემსგავსოს, გაავსეთ ინტერიერი მკვეთრი ფერის ავეჯით. აღნიშნული ტანდემი (ნათელი მოპირკეთება + ფერადი ავეჯი) იდეალური ვარიანტია ხრუშოვკისთვის. არ დაივიწყოთ დეკორისა და ტექსტილის შესახებაც – ისინი წარმატებულ აქცენტად იქცევა ხოლმე ოთახებში.

4. მრავალფუნქციური ან კომპაქტური ავეჯის დალაგება

ძვირფასი კვადრატული მეტრების დასაზოგავად, ბინის მოწყობისთვის აირჩიეთ მრავალფუნქციური ან კომპაქტური ავეჯი. მაგალითად, თუ ერთოთახიანი ბინა გაქვთ, შეგიძლიათ დადგათ კარადა, რომელშიც საწოლი “იმალება”. ასე, ღამით სრულყოფილ საწოლზე დაიძინებთ, ხოლო დღისით ბინის ფართობი გაიზრდება, რადგან ზედმეტი ავეჯი ფეხქვეშ აღარ გაგეგებათ. სამზარეულოს მოწყობისას, მიანიჭეთ უპირატესობა დასაკეც სკამებსა და მაგიდას, რომლებიც მინიმალურ ადგილს იკავებს. თუმცა, ასეთი ვარიანტი მხოლოდ იმ ვარიანტში გამოგადგებათ, თუ ბინაში არაუმეტეს ორი ადამიანი ცხოვრობს.

5. სანტექნიკის არჩევა

ხრუშოვკების ყველაზე დიდი ნაკლია პატარა სამზარეულო და უფრო პატარა, შერეული სან.კვანძი. სამწუხაროდ, სააბაზანოს ტერიტორიის გაფართოება წარმოუდგენელია, ამიტომ პრობლემა სწორი სანტექნიკით უნდა გადაჭრათ. თქვენი მთავარი მიზანია – მინიმალური ადგილი დააკავოთ. ამისთვის, შეიძინეთ მინი-აბაზანა ან კომპაქტური საშხაპე კაბინა. მეორე ვარიანტი უფრო პრაქტიკული იქნება, რადგან პატარა სააბაზანოში ყველა ვერ დაეტევა. ასევე, ყურადღება გაამახვილეთ მცირე ზომის სარეცხ მანქანასა და ტუმბოიან ნიჟარაზე, რომელშიც სხვადასხვა საჭირო ნივთს მოათავსებთ.

არ დაგავიწყდეთ შენახვის სისტემის საკმარისი რაოდენობის შესახებაც. დიდი ალბათობით, მათი უმრავლესობა ღია იქნება: თაროები, კაუჭები კარზე, ხალათებისა და პირსახოცებისთვის, დასაკიდი დაწნული კალათები ქსოვილებისთვის და ა.შ. ეცადეთ, ყოველი მეტრი სასარგებლოდ გამოიყენოთ – მხოლოდ ასე გახდება თქვენი სან.კვანძი მაქსიმალურად კომფორტული.

6. სარკეები

სარკე, როგორც ნათელი ფერები, ვიზუალურად ზრდის სივრცეს, ირეკლავს სინათლეს. ამიტომ, აუცილებლად დაკიდეთ ისინი ბინაში. მთავარია, ამ საკითხს გონივრულად მიუდგეთ და რაოდენობას არ გადაამეტოთ. საძინებელში შეგიძლიათ კარადა-კუპეს დადგმა სარკიანი კარებით, ან ტუალეტის სარკიანი მაგიდის განთავსება. გარდა ამისა, ეს ელემენტი სააბაზანოშიც და ფერეფანშიც არამხოლოდ პრაქტიკულობის გამო, არამედ ოთახის ვიზუალურად გაფართოებისთვისაც უნდა გამოიყენოთ.

7. აივნის გაფორმება

გახსოვთ, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ აივანი უნდა გათავისუფლდეს, მისი ოთახად გამოყენება რომ შეძლოთ? ხოდა, ეს ვრცელი, დათბობილი, შემინული და გარემონტებული აივანი მართლაც შესანიშნავი ადგილია დასვენების ან მუშაობისთვის. იქ შეიძლება მინი-ოფისის ან სახელოსნოს მოწყობა, პატარა, მყუდრო დივნის ან ჟურნალის მაგიდის დადგმა. თუ აივანზე გასასვლელი საძინებელშია, გააკეთეთ მასზე გარდერობი ან ბიუთი-სტუდიო, ხოლო თუ სამზარეულოში – სასადილო ზონა. აივნის გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს. მთავარია გაიგოთ, თუ კონკრეტულად რაში გჭირდებათ იგი.