სამზარეულო სახლის ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ოთახია. აქ ყოველი დილა იწყება ახლად მოდუღებული ყავის დაუჯერებელი არომატით, უქმეებზე თავს იყრიან მეგობრები და ნათესავები, ყოველდღიურად იმართება საინტერესო ბაასი. ამ და სხვა უამრავი მიზეზის გამო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულო იყოს მყუდრო, კომფორტული და კარგად ორგანიზებული. ამ საკმაოდ რთულ საკითხში დაგეხმარებათ ხელთ არსებული საშუალებები. დღეს მათ ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ.

Novate.ge-მ თავისი საყვარელი მკითხველებისთვის შეაგროვა რამდენიმე ორიგინალური იდეა, რომლებიც დაგეხმარებათ სამზარეულოში ყოფაცხოვრების არსებითად გამარტივებასა და ოთახის გაუმჯობესებაში.

1. ფოცხი

არა, არ მოგეჩვენათ. ჩვეულებრივი ფოცხი, რომლის გარეშეც ვერც ერთ აგარაკს ვერ წარმოვიდგენთ ხოლმე, შეიძლება სამზარეულოშიც გამოვიყენოთ. თუ მას მოვაწესრიგებთ და ლამაზად გავაფორმებთ, აღნიშნული ინსტრუმენტი ბოკლების დამჭერად იქცევა. ფოცხი შეგიძლიათ კარზე ან სამზარეულოს კარადის გვერდზე, კედელზე დაკიდოთ. იგი პატარა ადგილს დაიკავებს, თუმცა საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება.

2. თარო მიკროტალღური ღუმელისთვის

მიკროტალღური ღუმელი სამზარეულოს ტექნიკის იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან დიდ ადგილს იკავებს. მისთვის ცალკეული კარადის გამოყოფა დიდი ხარჯია, ფანჯრის რაფაზე დადება – მოუხერხებელი, ხოლო სამზარეულოს ზედაპირი იმდენად პატარაა, რომ, თუ იქ მიკროტალღურ ღუმელს დავდგამთ, მომზადების პროცესი ჯოჯოხეთად გვექცევა.

პრობლემის გადაჭრა ორი გზით შეიძლება. თუ სამზარეულოს კარადების გვერდით კედელი თავისუფალია, დაკიდეთ იქ გამძლე თარო და დადგით მასზე ღუმელი. კიდევ ერთი ვარიანტი – ტექნიკა მოათავსოთ სამუშაო ზედაპირის ზემოთ, ზედა კარადების ქვეშ. ასე იგი არ შეგიშლით ხელს მომზადების პროცესში, ასევე, დაზოგავს ძვირფას ადგილს სამზარეულოში.

3. კაუჭები კარის შიდა მხარეს

ეს რჩევა ძალიან აქტუალურია პატარა სამზარეულოებისთვის. თუ ნივთების შენახვისთვის ადგილი კატასტროფულად არ გყოფნით, უნდა გამოიყენოთ ყოველი თავისუფალი სანტიმეტრი და მაქსიმალურად მეტი ზედაპირი. ამისთვის გამოგადგებათ კარადის კარის შიდა მხარეც. მასზე შეგიძლიათ ნიჩბების, ფუნჯების, ჩამჩებისა და სამზარეულოს სხვა ხელსაწყოების შენახვა. ასევე, კარზე შეიძლება პირსახოცების დაკიდებაც. კარზე შეგიძლიათ მოათავსოთ დანების მაგნიტური დამჭერიც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარია, ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოიტოვოთ სამზარეულოში ცოტათი უფრო მეტი თავისუფალი სივრცე, მინიმალური დროისა და ძალის ხარჯზე.

4. თაროები მაცივრის თავზე

თუ სამზარეულოში მაცივარი არც ისე მაღალია, მის ზემოთ არსებული თავისუფალი სივრცის გამოყენება სავსებით შესაძლებელია პირადი მიზნებისთვის. მაგალითად, იქ მცირე ზომის თაროების დაკიდება, მაგნიტური დამჭერების გამოყენებით. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ისინი მხოლოდ იმ ნივთების შესანახავად უნდა გამოიყენოთ, რომლებსაც იშვიათად იყენებთ, რადგან ყოველდღე რამდენჯერმე სკამის მიდგმა, თეფშისა თუ სახეხის ჩამოსაღებად, ძალიან მოუხერხებელია. თაროებზე შეგიძლიათ მოათავსოთ სათადარიგო პირსახოცები ან ჭურჭელი, სამზარეულო ხელსაწყოები, რომლებიც პოპულარულთა კატეგორიაში არ შედის (საცერი, ცომის საბრტყელებელი და სხვ.).

5. თავსახურების დამჭერი

დიასახლისთა უმეტესობისთვის, ჭურჭლის შენახვა საშინელ ქაოსთანაა დაკავშირებული. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ეს ნივთები ძალიან დიდ ადგილს იკავებს, არ ლაგდება ერთმანეთში მატრიოშკის პრინციპით – მაგალითად, ქვაბები და ტაფები, და, ზოგადად, დასალაგებლად ძალიან მოუხერხებელია. უჯრებსა და კარადებში ძვირფასი ადგილი რომ არ დაიკავოთ, შეიძინეთ შესაფერისი ზომის დამჭერი და მოათავსეთ იგი კედელზე ან კარადის კარის შიდა მხარეს. დამჭერი დაგეხმარებათ კარადებში წესრიგის დამყარებაში. ამასთან, თავსახურები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და საჭირო ნივთის ასაღებად მინიმალური დრო დაგჭირდებათ.

6. მაგნიტური დამჭერი

ყოველი დიასახლისი დანებს თავისებურად ინახავს. ზოგისთვის მოსახერხებელია მათი ჩალაგება უჯრაში – სპეციალურ დამყოფ ჭურჭელში. სხვებს მოსწონთ ხის სპეციალური დასადგამები, რომლებიც ავტომატურად იქცევა სამზარეულოს ინტერიერის შესანიშნავ დეკორაც. ხოლო დანარჩენები, რომლებსაც უყვართ, როცა ყველაფერი აუცილებელი ყოველთვის თვალწინ აქვთ, ყიდულობენ სპეციალურ მაგნიტურ დამჭერს. აღნიშნული მოწყობილობა მართლა ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია, რადგან, მისი დახმარებით, აღარ დაკარგავთ ძვირფას დროს საჭირო დანის ძიებაში. თუ გეშინიათ, რომ შენახვის ასეთი გზა ულამაზო და შეუფერებელია, ნუ იდარდებთ – იგი ნებისმიერი სტილის ინტერიერს უხდება. მთავარია, სწორად შეარჩიოთ დამჭერი, ფორმის, ზომისა და ფერის გათვალისწინებით.

7. მაგნიტები სანელებლებისთვის

სანელებელი – ეს ის პროდუქტია, რომელიც სამზარეულოში მუდმივად ხელმისაწვდომმი უნდა იყოს, ამიტომ მის შენახვას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივუდგეთ. ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება მაგნიტებიანი ქილების შეძენა. თუ კარადების ზედაპირის ზემოთ ან კარადის კარზე მიამაგრებთ ფოლადის ფირფიტებს, მათზე შეძლებთ სანელებლებიანი ქილების დაკიდებას.

შენიშვნა: თუ სანელებლებისთვის ლამაზი ქილები გაქვთ, შეგიძლიათ ისინი პირდაპირ ზედაპირზე, კედლის გასწვრივ დაალაგოთ.

8. ტომრები ხილისა და ბოსტნეულისთვის

ყველა ხილი და ბოსტნეული მაცივარში არ უნდა ინახებოდეს, განსაკუთრებით ზამთარში. ამასთან, მათთვის ადგილი უბრალოდ არც მოიძებნება ხოლმე. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარებისთვის მიმართოთ ძაფებიან სელის ან ბამბის ტომრებს. მათი შეკერვა თავად შეგიძლიათ. რაც მთავარია, ისინი უნდა იყოს გამძლე და ფერები თქვენი სამზარეულოს ინტერიერს ერწყმოდეს.

სხვათა შორის, ასე შეიძლება არამხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის, არამედ ბურღულეულის, მაკარონის, მარილის, შაქრისა და სხვა მსგავსი პროდუქტის შენახვა. თუმცა, მზად იყავით ტომრების უფრო ხშირი რეცხვისთვისაც. თუმცა, ეს სილამაზისა და სიმყუდროვისთვის ძალიან მცირე ხარკია.

9. სამაგრი პირსახოცებისთვის

თუ კაუჭების შეძენა და მათთვის კედლების გახვრეტა არ გინდათ პირსახოცების დასაკიდავად, სცადეთ პრობლემის სხვა კუთხით გადაჭრა: აიღეთ ტანსაცმლის სამაგრები და მიაწებეთ კედელზე. მსგავსი სამაგრები ძალიან ორიგინალურად გამოიყურება და ქსოვილებს ბინძურ იატაკზე მუდმივი დაცემისგან დაიცავს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი