ძველი საცხოვრებლის გარდასახვა ყოველთვის ძალიან რთულია, რადგან მასში მხოლოდ ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები კი არ დაძველდა, არამედ შესაცვლელია ყველაფერი, დაწყებული ფანჯრის ჩარჩოებით და დასრულებული კომუნიკაციებით. თუმცა, როცა ნაქირავები ბინიდან გადასვლის შესაძლებლობა ჩნდება, ადამიანთა უმეტესობა დიდი სიამოვნებით თანხმდება ნებისმიერ პირობაზე, ოღონდ თავზე საკუთარი ჭერი ეაროს. სწორედ ასე მოიქცა ლუბლიანელი წყვილი, რომელმაც ძველ შენობაში განადგურებული ბინა შეიძინა.

მანამდე, ცოლ-ქმარი ნინა შემა და იან იავორნიკი ცხოვრობდა ბინა-სტუდიოში, რომელსაც ისინი ლუბლიანას (სლოვაკეთის) ერთ-ერთ რაიონში ქირაობდნენ. ბუნებრივია, როცა საკუთარი საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობა გაუჩნდათ, მათ ის დაუფიქრებლად გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ბინის ინტერიერი საშინელ მდგომარეობაში იყო, სრულ რეორგანიზაციას ითხოვდა და ძველ კორპუსში მდებარეობდა.

როგორც Novate.ge-ს რედაქციისთვის გახდა ცნობილი, სახლი გასული საუკუნის 40-იან წლებში აშენდა, ხოლო თავად 3-ოთახიანი ბინა ბოლოს 30-40 წლის წინ გარემონტდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს იგი ძალიან მოეწონათ, რადგან აქ დიდი და ნათელი ოთახებია. ინტერიერის განახლება კი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, საკუთარი გემოვნებისამებრ.

ახალგაზრდებს განსაკუთრებით ახარებდა ის ფაქტი, რომ ისინი შეძლებდნენ თავიანთი ოცნების რეალიზებას და ბინის დიზაინის დამოუკიდებლად მოწყობას სკანდინავიურ სტილში, ფართი ამის საშუალებას ნამდვილად იძლეოდა. ნინას შემოქმედებითი ბუნება ითხოვდა რეალიზაციას, ამიტომ, ჯერ კიდევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას დაიწყო მან საინტერესო ნივთების შეძენა, რაც ახლა საკუთარი საცხოვრებლის მოწყობაში დაეხმარა. იანს კი ყოველთვის იზიდავდა ორიგინალური იდეები, რომელთა განხორციელებაც საკუთარი ხელით შეეძლო.

რემონტისთვის მთელი თავისუფალი დრო რომ დაეთმოთ, ახალგაზრდები ამ ბინაში გადმოვიდნენ. ეძინათ იატაკზე დაგებულ მატრასზე, რომელსაც ხან ერთ ოთახში დებდნენ, ხან მეორეში. ძველი ავეჯი აივანზე გაიტანეს, რამდენადაც რემონტში უშლიდათ ხელს. სამზარეულო პირველხარისხოვან ყურადღებას მოითხოვდა, ამიტომ ახალგაზრდებმა მისი მოწყობით დაიწყეს ყველაფერი. სანამ სამზარეულო რემონტდებოდა, პრიმიტიულ ქურაზე ამზადებდნენ საკვებს.

დასაწყისისთვის, საჭირო იყო მთელი ავეჯის მოშორება, თუმცა კი არ გადააგდეს, უბრალოდ აივანზე გაიტანეს, რათა მოგვიანებით გამოეყენებინათ. რამდენადაც კაფელი და კედლები ცუდ მდგომარეობაში იყო, საჭირო გახდა შებათქაშება და მოსაპირკეთებელი ფილების მიმაგრება, ასევე, ახალი კომუნიკაციებისა და ელექტროსადენის გაყვანა.

ბოლო საკითხის გადაჭრისას საჭირო გახდა სპეციალისტების ჩარევა, თუმცა, სხვა ყველაფერს წყვილი დამოუკიდებლად გაუმკლავდა (მეგობრებისა და მშობლების დახმარებით). მიუხედავად ცხოვრების მძიმე გრაფიკისა: მუშაობა-რემონტი-მუშაობა, წყვილი ისეთი მონდომებული იყო, რომ დაღლას საერთოდ ვერ გრძნობდა.

იანს ძალიან უნდოდა, რომ სამზარეულოში ნატურალური ხის იატაკი დაეგოთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან ძვირადღირებული სიამოვნებაა, თანაც, დაფების დაყენება ბეტონის ზედაპირის სითხელის გამო არ ხერხდებოდა. თუმცა, როცა იანმა ძველი ზედა საფრის მოხსნა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მის ქვეშ დაფების იდეალურად შემონახული იატაკი ეგო. რაც ყველაზე საინტერესოა, საფრებს შორის 1954-1956 წლით დათარიღებული გაზეთები ეფინა. ახლა უკვე წყვილმა ზუსტად იცოდა, როდის გაკეთდა რემონტი სამზარეულოში ბოლოს.

ისღა დარჩენოდათ, იატაკის საფარი საღებავის სქელი ფენისგან გაეთავისუფლებინათ, გაეპრიალებინათ და გაელაქათ. ეს ძალიან რთული და სერიოზული საქმე იყო, თუმცა ბიჭი იმდენად შთააგონა მონაპოვარმა, რომ სამი კვირა მოანდომა იატაკის მოწესრიგებას.

რამდენადაც წყვილი დიდი ხანი ოცნებობდა სკანდინავიურ მინიმალიზმზე, გასაკვირი არ იყო, რომ სამზარეულოს ინტერიერი თეთრ ტონებში შესრულდა. თუმცა, ბევრს ეს არაპრაქტიკულად მიაჩნია, სამაგიეროდ, შეესაბამება შერჩეულ სტილს, ჰაეროვანი და ლამაზია. სივრცე ზედმეტად რომ არ ჩაეკეტათ, მხოლოდ იატაკის კარადები დადგეს, უჯრებით. სამზარეულოს ძველი ავეჯი, რომელიც ძალიან დიდი ზომის და ცუდ მდგომარეობაში იყო, გადაკეთდა სხვა ოთახებისთვის.

მაგიდის ზედაპირისთვის შეირჩა სპეციალურად დამუშავებული ნატურალური ხე, დასაკიდ კარადებზე უარი ითქვა, ღია თაროებისა და რეილინგების სასარგებლოდ, რომლებზეც ნინამ დაკიდა წინასწარ ნაყიდი ჭურჭელი და დაალაგა სუფრის ხელსაწყოები. რახან ბინაში საწყობიც იყო, ყველა ნაკლებად საჭირო ნივთი და ტექნიკა უბრალოდ მოათავსეს კარადებსა და თაროებზე, რომლებიც, რესტავრაციის შემდეგ, იქ დალაგდა.

სასადილო ზონის დადგმა ფანჯარასთან გადაწყდა. ფანჯრის ხის ჩარჩოები მეტალოპლასტმასით არ ჩაუნაცვლებიათ, რამდენადაც ახალგაზრდებს მეტი ნატურალურობა სურდათ, ასევე, მათ დატოვეს ძველი მაგიდა და სკამები. რამდენადაც ძველი ავეჯი საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, გადასაყრელად დაენანათ. რა თქმა უნდა, ისინი კარგად გაიწმინდა, შეიღება და ლაქით დაიფარა.

ამრიგად, გამოვიდა ეკლექტიკური სტილის ინტერიერი, თუმცა, მიუხედავად ამისა, დიზაინში ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის ახლადგამომცხვარი მფლობელების ნივთები თანამედროვე ავეჯსა და ტექნიკას. ხოლო, რაც მთავარია, განახლებულ სამზარეულოში ახალგაზრდები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ და წვეულებებსაც აწყობენ.

სამზარეულოს რემონტის შემდეგ, დანარჩენი ოთახები სამოთხ ეს ჰგავდა, რადგან აქ არ იყო საჭირო კომუნიკაციების შეცვლა, იატაკზე პარკეტიც მშვენიერ მდგომარეობაში იყო. წყვილს მხოლოდ კარებსა და ჩარჩოებზე საღებავის ფენის აცლა და კარგად დასუფთავება მოუხდა.

იმის გათვალისწინებით, რომ სააბაზანო ოთახი მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაში იყო, მისი გარდასახვა ბოლოსთვის მოიტოვეს. მისი გაფორმებისასაც მინიმალიზმს მიმართეს და უპირატესობა თეთრ ტონებს მიანიჭეს, თუმცა შავი ფერებითაც გააზავეს. ასეთი გადაწყვეტილება ინტერიერს განსაკუთრებულ შარმს აძლევს.

რადიკალურად შეიცვალა საძინებელიც, მასიური კარადები გადაყარეს, მუქი, საშინელი შპალერი მოხსნეს, ხოლო კედლები საყვარელ თეთრ ფერში შეიღება. ავეჯიდან მხოლოდ საწოლის ზედა ნაწილი, სარკე, ვინტაჟური ტუმბო და სავარძელი დაიტოვეს. საძინებლის მთავარ დეკორად იქცა ორიგინალური სანათები, შავ-თეთრი ეტიუდი და ცოცხალი ყვავილები.

ახალგაზრდებს ახალ ავეჯზე ბევრი ფული არ დაუხარჯავთ. მათ სცადეს წინა მფლობელების მიერ დატოვებული ავეჯის განახლება. ზოგიერთი ნივთი უბრალოდ გაწმინდეს და გალაქეს, სხვები შეღებეს შავად და თეთრად, ხოლო ის, რაც ახალ ინტერიერს არ უხდება, გადაყარეს.

ერთადერთი, რისთვისაც ახალგაზრდა დიასახლისი არც დროსა და არც ადგილს არ იშურებს, ეს ცოცხალი ყვავილებია, რომლებითაც მთელი ბინა მორთიო. ასევე, უარს არაფერზე ეუბნება საყვარელ აბუს, რომელიც არამხოლოდ საყვარელ სავარძელს, არამედ საწოლსა და კატის დივანსაც იკავებს.

ასეთ გრანდიოზულ გარდასახვას წყვილის ცხოვრების ორი წელი დასჭირდა, თუმცა ისინი არაფერს ნანობენ, რადგან შეძლეს ოცნების რეალიზება და საკუთარი სახლის მოწყობა სურვილისამებრ.

საინტერესოა: როცა ახალგაზრდებმა ძველმოდური ბინის ყიდვა გადაწყვიტეს, ნინამ დაიწყო ინტერნეტ-ბლოგის წარმოება Huda lukna-ს სახელით, ახლა ესაა Instagram-პროფილი, რომელზეც სრულად გარდასახული სახლის ხილვა შეგიძლიათ.

მიუხედავად დაკავებულობისა, ახალგაზრდები მაინც ახერხებენ რემონტის საკუთარი ხელით გაკეთებას და, ეკონომიის მიზნით, ერიდებიან გრანდიოზულ გარდასახვებს. მაგალითად, ბრიტანელმა ქალმა საკუთარი ხელით დააგო იატაკი ვინილების ექსკლუზიური კოლექციისგან, რათა მოღალატე ქმარი დაესაჯა.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი