ახალზელანდიელმა ბლოგერებმა სასწრაფო დახმარების ძველი მანქანა მოძრავ სახლად გადააკეთეს

მოგზაურების მოყვარულთათვის არანაირი ბარიერი არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ესენი არიან ერთნაირად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე რაღაცებზე ოცნებობენ. ახალგაზრდა ახალ ზელანდიელი მოგზაური ბლოგერები ალექსისი და ფლავი ბორბლებზე შემდგარ სახლზე ოცნებობდნენ,და როდესაც უსარგებლო სასწრაფო დახმარების მანქანის შეძენის შესაძლებლობა მიეცათ, მათ დაუფიქრებლად იყიდეს იგი. ყველა ტრანსფორმაციაზე წყვილმა მხოლოდ 8 კვირა დახარჯა, მაგრამ შედეგმა გამოცდილი ხელოსნებიც კი გააკვირვა.

მოგზაურობისა და მათი თავგადასავლების შესახებ ვიდეოჩანაწერების დიდი მოყვარულები, ალექსის მარტინი და მისი 22 წლის შეყვარებული ფლავი მერო სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საფრანგეთიდან ახალ ზელანდიაში ჩავიდნენ. სწავლის გარდა, ისინი ხშირად მოგზაურობდნენ ერთად და ერთი წლის განმავლობაში ოცნებობდნენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეძლებოდათ საკუთარი ბორბლებზე შემდგარი სახლის შეძენა. ყველასთვის ცნობილია, რომ ხშირად მოგზაურობის დროს ღამის გასათევის ძებნისას შეიძლება აღმოჩნდეთ საკმაოდ რთულ და უსაფრთხო სიტუაციაში. ამასთან, გზისა და თავშესაფრისთვის უფრო მეტი თანხის დახარჯვაც გიწევთ. ამიტომ, როდესაც ახალგაზრდა წყვილმა შეიტყო, რომ უსარგებლო სასწრაფო დახმარების მანქანა იყო გაყიდვაში, მათ უყოყმანოდ შეიძინეს იგი.

როგორც ჩვენი რედაქციისთვის გახდა ცნობილი, წყვილმა ფული ერთი წლის განმავლობაში დააგროვა, ამრიგად, მასალის შეძენასთან და ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს არასდროს მიუღიათ რემონტში ან მშენებლობაში მონაწილეობა, მათ ინტერნეტი დაეხმარა. როგორც თავად ახალგაზრდები აღიარებენ: “სანამ ახალ ზელანდიაში ჩამოვიდოდით, წარმოდგენა არ გვქონდა, რომ რას და როგორ გავაკეთებდით. მაგრამ ჩვენ ყველაფერი YouTube-ის საშუალებით ვისწავლეთ და შევეცადეთ ყველაფერი უფრო უკეთესად გაგვეკეთებინა.”

საკუთარი სახლის კომფორტულად მოწყობის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ ძალიან სწრაფად ისწავლეს ხელსაწყოებითა და სხვადასხვა მასალით მუშაობა, ამიტომ სახლის ტრანსფორმაცია ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ასეთი ტემპი საკმაოდ კარგი მიზეზებით იყო გამოწვეული – უახლოეს მომავალში წყვილს დაგეგმილი ჰქონდა 10-თვიანი მოგზაურობა ავსტრალიის ყველაზე შორეულ კუთხეებში.

ახალგაზრდებს არ სურდათ კარვებითა და მძიმე ზურგჩანთებით ხეტიალი ღამის გასათევი ადგილის ან თავშესაფრის მოსაძებნად. საბედნიეროდ, თავად მანქანა მუშაობდა, წყვილს კი მხოლოდ მისი რეალურ სახლად გადაკეთება ევალებოდა. ამისთვის მათ მოუწიათ ყველა მოწყობილობის, შემონაკერისა და იატაკის საფარის მოხსნა, რათა გაეკეთებინათ თერმოიზოლაციის ფენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლითონის კორპუსი ფურგონის შიგნით ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევდა.

ამის შემდეგ, ჭერი და იატაკი ნამდვილი ხით დაფარეს, ასევე გააკეთეს ხის პანელები, შემაღლებული ადგილები საწოლისთვის, პატარა სამზარეულოს კომპლექტი, და კიდევ დარჩათ პატარა ადგილი დივნისა და მინი-მისაღების მოსაწყობად. იმის გამო, რომ მათ წინ გრძელვადიანი მოგზაურობა ელოდათ, წყვილს სრულფასოვანი სამზარეულოს ორგანიზება მოუწიათ, მათ ეს ზონა გაზქურის ზედაპირით, ნიჟარითა და მაცივრით, ასევე პროდუქტების შესანახი ადგილებით აღჭურვეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აპირებენ ქვეყნის ყველაზე შორეული და მიუწვდომელი კუთხეების მონახულებას, მათ უნდა ჰქონოდათ ადგილი წყლის, საკვებისა და საწვავის მარაგის შესანახად, რათა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ნორმალურად ეარსებათ. ამ მიზეზით, პირველ რიგში, წყვილმა შექმნა სპეციალური შესანახი სისტემები და შეიძინა მზის ბატარეები, რაც შესაძლებელს გახდიდა, რომ ისინი გადარჩენილიყვნენ 10 ან უფრო მეტი დღის განმავლობაში დამუხტვის გარეშე.

სხვა საკითხებთან ერთად, წყვილმა მოახერხა პატარა ბიოტუალეტის მოწყობაც, მობილური საშხაპე კი შეიძინეს. მისი დამონტაჟება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ, ქუჩაში, თუმცა ეს გარემოება ახალგაზრდა წყვილს საერთოდ არ აწუხებს, რადგან მოგზაურობისას გზად უამრავ მდინარესა და ტბას შეხვდებოდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ წყნარი ოკეანის ან ტასმანიის ზღვის სანაპიროებზე.

საინტერესო ფაქტი: ასეთ გრანდიოზულ ტრანსფორმაციაზე წყვილმა 10 ათასი დოლარი დახარჯა, რამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა მათ მოლოდინს, მაგრამ ისინი იმედოვნებენ, რომ კომფორტული მოგზაურობა ფინანსურ დისკომფორტს აანაზღაურებს. უფრო მეტიც, ხანგრძლივი მოგზაურობის ბოლოს, ისინი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავენ, რაც ნიშნავს, რომ მათი ბორბლებიანი სახლი გაიყიდება.