სამზარეულო ზედა კარადების გარეშე: დადებითი და უარყოფითი მხარეები

დაახლოებით ორი თვის წინ მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ ბინაში თანამედროვე რემონტის ჩატარება და უარი ვთქვით სამზარეულოში დაკიდულ კარადებზე. ახლობლები რემონტის დასრულების აღსანიშნავად გვესტუმრნენ და პირველი, რაც გვკითხეს იყო: “რა იყო, ზედა კარადებისთვის ფული აღარ გეყოთ?” აბა, როგორ აუხსნი მათ, რომ ეს მხოლოდ მოდის ბრალია. ამის მაგალითს ბევრ დიზაინერულ ჟურნალში იპოვით.

დაკიდული კარადების გარეშე სამზარეულო არის საინტერესო და უჩვეულო გადაწყვეტა ბინის დიზაინის შექმნისას. ორიარუსიანი სამზარეულოს გარნიტურის შესახებ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მიუხედავად, ასეთი მოდელები საკმაოდ პოპულარულია. სამზარეულოს განლაგება ზედა კარადების გარეშე იძლევა დამატებით ადგილს და ოთახის ვიზუალურ სივრცეს. მაგრამ ექსპლუატაციაში მოხერხებულობასა და ფუნქციურობასთან დაკავშირებით – რამდენიმე საკითხი არსებობს.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ყველა დადებით და უარყოფით მხარეს დაკიდული კარადების გარეშე შესრულებული სამზარეულოს დიზაინის შესახებ. მიიღეთ რჩევები გამოცდილი დიზაინერებისგან!

სამზარეულო დაკიდული კარადების გარეშე

1. ჯერ ვისაუბროთ “პლიუსებზე”.  პირველ რიგში, ზედა კარადების არარსებობის გამო, სამზარეულო უფრო ვრცელი ჩანს – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, თუ ოთახი პატარა ზომისაა. გარდა ამისა, თუ თქვენ უარს იტყვით ზედა იარუსზე, გარნიტურის განთავსებისთვის უფრო მეტი ვარიანტი გაჩნდება – მაგალითად, პირდაპირ ფანჯრის ქვემოთ.

2. სამუშაო ზონის ზემოთ ავეჯის არარსებობა უფრო მეტ შუქს მატებს სივრცეს, თუნდაც იგი ფანჯრისგან შორს მდებარეობდეს.

3. ზედა კარადების არარსებობის შემთხვევაში, გეძლევათ უფრო მეტი შესაძლებლობა სამზარეულოს კედლის დეკორის და გაფორმებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ ოთახს შემატოთ სიმყუდროვე, თუ ერთ-ერთ კედელს უხეში ქვით, ლოფტის სტილში გააფორმებთ.

ძალიან ორიგინალური იქნება გაფორმება კერამიკული მოზაიკით, ლამინირებული “დსპ” დაფებით და ხის პანელებით, თავად სამზარეულოს ავეჯის ტონალობაში.

4. ეს ასევე მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ სამზარეულოს სივრცის დასუფთავებას. გარდა ამისა, არ დაგჭირდებათ სკამებზე დადგომა, რათა საჭირო ნივთს მისწვდეთ.

და, უსაფრთხოებაც! თუ ზედა კარადას ცუდად დააფიქსირებთ ან გადააჭარბებთ მისთვის დასაშვებ წონას, მაშინ იგი შეიძლება ჩამოვარდეს და ვინმე დააზიანოს.

5. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი! ერთ-იარუსიანი სამზარეულოს გარნიტურა ბევრად იაფია, ვიდრე ორ-იარუსიანი, რაც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ფული ინტერიერის მოწყობისას.

6. ახლა კი გადავიდეთ მათ ნაკლზე. ნაკლებია თაროები, რაც ნიშნავს ნაკლებ შესანახ ადგილს! თანამედროვე სამზარეულოს კომპლექტების ქვედა კარადების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე სტანდარტულ მოდულებში.

ასეთ შემთხვევაში, მოგიწევთ კარგად დაფიქრდეთ, როგორ აანაზღაუროთ ეს დანაკლისი და გადაწყვიტოთ, როგორ და სად დაამაგროთ გამწოვი, სად განათავსოთ ჭურჭლის საშრობი და სად შეინახოთ ყველა სანელებელი და სხვადასხვა მარცვლეულით სავსე ყუთი.

სხვათა შორის, ამ გეგმის შესრულებაში დაკიდული ღია თაროები და რეილინგები დაგეხმარებათ. ეს უკანასკნელი თითქმის იგივეა, რაც ღია თაროები, უბრალოდ ეს კონსტრუქცია უფრო მსუბუქია და იგი ლითონისგანაა დამზადებული. რეილინგებზე შეგიძლიათ არა მხლოდ განათავსოთ, არამედ ჩამოკიდოთ ობიექტები (ღრმა კოვზები, სამზარეულოს ნიჩბები, ხელსახოცები და სხვა).

7. დიასახლისს ხშირად დახრა მოუწევს საჭირო ნივთის ასაღებად. ამ მდგომარეობას კარადა-სვეტები შეგიმსუბუქებთ. მათი მთავარი უპირატესობაა მათში ფართო სპექტრის სამზარეულო ტექნიკის ჩაშენების შესაძლებლობა. კარადა-სვეტებს, როგორც წესი, გარნიტურის საპირისპიროდ ან იატაკის კარადების ორივე მხარეს ათაცსებენ.

8. დაკიდული კარადების არარსებობა და სვეტების დასაშვები რაოდენობა კედლის კომუნიკაციისა და გაზის წყლის გამათბობლის დამალვის პრობლემას გამოიწვევს. თუმცა, ლოფთის სტილში გადაწყვეტილ ოთახში ხელმისაწვდომი კომუნიკაციები ორგანულად და მოდურად გამოიყურება.

დაბოლოს, კედლის თავისუფალ მონაკვეთზე, რომელიც ავეჯით არ არის დაფარული, მოგიწევთ დიდი შრომა ჩადოთ, რათა ყველაფერი თანამედროვედ და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს. თუმცა, ზოგჯერ სწორედ ეს გაძლევთ საშუალებას გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა და ფანტაზიის უნარი!

სანამ გადაწყვეტდეთ სამზარეულოში ზედა იარუსის კარადების მოწყობას, აუცილებლად აწონ-დაწონეთ ამ დაგეგმარების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. გარდა ამისა, საჭიროა გაითვალისწინოთ სამზარეულოს ფართობი, ფანჯრების და კარების რაოდენობა, ასევე მათი განლაგება. გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას ახდენს ოჯახის წევრების რაოდენობა და ასევე კერძების მომზადების სიხშირე.