ეგვიპტის ულამაზესი უდაბნოები და მათი საიდუმლოები

საჰარას განსხვავებული მხარე

ეგვიპტის ჩრდილოეთ უდაბნოებში არსებული ბაჰარიას და ფარაფრას ღრმულები ეგვიპტური საჰარას 1 პროცენტსაც კი არ მოიცავს. თუმცა, მათ გააჩნიათ ყველაზე უფრო იშვიათი სახის გეოლოგიური ფორმები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ გახლავთ ისეთი ტერიტორია, სადაც არქეოლოგები მოდიან უძველესი აკლდამებისა თუ საგანძურის საპოვნელად. ეს გახლავთ დინოზავრების ნარჩენებისა და იმ არსებების ნაკვალევის აღმოჩენის ადგილი, რომელიც მილიონობით წელია რაც აღარ გვინახავს.

სიცოცხლე მშრალი კლიმატის ეპიცენტრში

ბაჰარიას უდაბნოს ცენტრში, 370 კილომეტრის დაშორებით კაიროდან, ოაზისი აცოცხლებს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე უდაბურ რეგიონს. როგორც დასავლური უდაბნოების ოაზისების უმრავლესობის შემთხვევაში, ბაჰარიას ოაზისიც მაშინ წარმოიქმნა, როდესაც მისმა ჩაღრმავებებმა მიწისქვეშა წყლის დონეს მიაღწიეს და ამის შედეგად ზედაპირზე ბუნებრივი წყაროები ამოიფრქვა. ცხელი წყაროები ერთ-ერთი მთავარი ატრაქციონია პალმებითა და ახალი ხილით სავსე ამ ტერიტორიაზე. 40 გრადუსზე უფრო ცხელი წყლით ცნობილ წყაროებს უამრავი ადგილობრივი და ტურისტი სტუმრობს, რადგან იგი გამაჯანსაღებელ თვისებებთან ერთად იდეალური საშუალებაა გრძელი დღის დასასრულებლად.

ვულკანური წარსულის ნიშნები

ბაჰარას ოაზისიდან უფრო სამხრეთით, თქვენ გარშემორტყმული იქნებით შავი ზედაპირით დაფარული გორებით. ეს შავი უდაბნოა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ლანდშაფტი. უკეთესი ხედის სანახავად “ინგლისურ მთაზე” უნდა აცოცდეთ, რომელიც შავი უდაბნოს უმაღლესი წერტილია. მასზე აცოცებისას თქვენი სამოსი შავი ფერით დაიფარება, რაც იურული პერიოდის დროს მომხდარი ვულკანური აქტივობის კვალი გახლავთ.

კირქვის ლოდები ბრტყელ მიწაზე


ლანდშაფტი ბაჰარასა და ფარაფრას შორის ძალიან სწრაფად იცვლება. დაახლოებით 30 კილომეტრით უფრო დასავლეთით, შავი უდაბნოს ვულკანური გორები საერთოდ აღარ ჩანს და ტერიტორია ბრტყელი მიწითაა დაფარული. აქ მოგეჩვენებათ, რომ თითქოს ბუნებამ შეწყვიტა მოქმედება და არანაირი სასიცოცხლო ნიშანი აღარ არსებობს. თუმცა, მალე შენიშნავთ ოქროსფერ კირქვის ლოდებს, რომელიც მიწის ეროზიის შედეგად ამოიჭრა ზედაპირზე მილიონობით წლის წინ და ისეთი გადაშენებული გარეული ცხოველების სახლად იქცა, როგორიცაა თეთრი მელიები, ეგვიპტური ანტილოპები და ვერძები.

კრისტალების ბორცვები

ამ ტერიტორიაზე ასევე შეხვდებით მთლიანად კრისტალებისგან შექმნილ ბორცვებსაც, რომელიც შორიდან დანახვისას ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გორები გეგონებათ. თუმცა, ახლოს მისვლისას სვეტების ფორმის სტალაგმიტები, უფერული კრისტალები მაშინვე შეგიცვლით აზრს. ისინი წარმოიქმნება ბარიტის ან კალციტის კრისტალებისგან. კალციტის კრისტალები წარმოიშობა კირქოვან ქანებში წარმოქმნილი ხსნარებიდან, ხოლო კვარცები ტექტონიკური დარღვევების შედეგად ძალიან ღრმად.

ბუნების ძალებით გამოძერწილი

შავი უდაბნოდან სამხრეთ-დასავლეთით, 126 კილომეტრის დაშორებით დასავლეთის ყველაზე უცნაურ ლანდშაფტს შეხვდებით. გიგანტური ტერიტორია სოკოების მსგავსი ფიგურებითა და ზღვის ტალღების მსგავსი თეთრი კირქვის ზოლებითაა გაფორმებული, რომელიც ნებისმიერ გამოცდილ მოგზაურსაც კი გააოცებს. დიდი გამყინვარების პერიოდის შემდეგ 30 მილიონი წლის წინ, ტექტონიკურმა მოძრაობებმა შექმნა ეს ცარცის მსგავსი ზედაპირები და უთვალავმა ქვიშის შტორმებმა მათ ასეთი საოცარი ფორმები მიანიჭა.

თანამედროვე ხელოვნების საგარეო მუზეუმი ღია ცის ქვეშ

თეთრ უდაბნოში სეირნობა მუზეუმში სიარულს ჰგავს. ყველა ბუნებრივი სტრუქტურა სრულიად განსხვავებული, უცნაური და აუხნსელი ვიზუალით გამოირჩევა, რის გამოც ყოველი მათგანი იმსახურებს დათვალიერებას. ეგვიპტის მთავრობამ ეს ლოკაცია დაცულ ტერიტორიებად აღიარა 2002 წელს, რათა იგი ყველაზე კარგ მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ამის შედეგად ნებისმიერი ადამიანური განვითარების პროექტები ამ უდაბნოს სიახლოვეს აკრძალულია. აქ ასევე არ გახლავთ ტურისტული სტრუქტურები, თუმცა კერძო ტურებით ჩამოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ კარვების გაშლა ადგილობრივ გიდთან ერთად.

ნაცნობი ფორმები ღამით

ბევრის აზრით, სავსე მთვარის პერიოდი საუკეთესო დროა თეთრი უდაბნოს სანახავად. ამ დროს მოთეთრო ქვის ფორმები მთვარის შუქს ირეკლავენ და სიცოცხლეს იძენენ. სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას, ისინი უამრავ ნაცნობ ფორმას შეიძლება მიამსგავსოთ. აქ შეიძლება შენიშნოთ სფინქსი, აქლემების და ადამიანების სახეები და კიდევ უამრავი რამ, თქვენი წარმოსახვით.

მილიონობით ვარსკვლავის ქვეშ ძილი

თეთრ უდაბნოში მოგზაურობა მდიდრული ფუფუნებით სავსე გამოცდილება არ გახლავთ. აქ ბედუინები ღამის გასათევი ადგილის მოსაწყობად ორ ავტომობილს აყენებენ ერთმანეთის სიახლოვეს, ქარის დასაბლოკად და ძირს რამდენიმე ხალიჩას შლიან, გასათბობად დანთებული კოცონის ირგვლივ. შესაბამისად, აქ დასვენებისას ვერ ნახავთ ჭერს ან ადამიანების ხელით შექმნილ სტრუქტურებს, რომელიც ლანდშაფტით დატკბობაში შეგიშლით ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ღამით ტემპერატურა თითქმის 0 გრადუსს აღწევს, ერთმანეთის სიახლოვეს დაწოლილი ადამიანები ერთმანეთს სითბოს უნარჩუნებენ. ამ დისკომფორტის მიუხედავად, ღამით თვალების გახელისას თქვენ მილიონობით ვარსკვლავს დაინახავთ, რაც ყველანაირ უსიამოვნებას დაგავიწყებთ.

უცხოპლანეტური სანახაობა მთვარის შუქის ქვეშ

ღამით თეთრი უდაბნოს დათვალიერება მაგიური გამოცდილებაა. აქ შეიძლება მცირე ქვებზე აცოცდეთ უკეთესი ხედის დასანახად ან პირდაპირ თეთრი ქვების ზღვაში ჩაიკარგოთ.